აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს ომის დროს სოხუმიდან თბილისში ჩამოტანილი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების უკან დაბრუნებას სთხოვს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხის დაყენებას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე აპირებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით თბილისიდან "პოზიტიური სიგნალები" უკვე შეიმჩნევა. თუმცა რა იგულისხმება ამაში, უცნობია.
ხომ არ დათანხმდა ქართული მხარე თბილისში დაცული აფხაზეთთან დაკავშირებული სიძველეების სოხუმში დაბრუნებაზე და რის სანაცვლოდ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატში ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. ამის შესახებ არც საპატრიარქოში იციან არაფერი.
ქართველი მეცნიერები კი აცხადებენ, რომ აფხაზეთის ომის დროს სოხუმში დაცული სიძველეების უმრავლესობა განადგურდა და თბილისში არაფერი ჩამოუტანიათ. მათივე ვარაუდით, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლოა ომამდე გაცილებით ადრე, სსრკ-სა და რუსეთის იმპერიის პერიოდში აფხაზეთიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გადატანილ სიძველეებს ითხოვდეს.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, აფხაზებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების კულტურულ ასპექტს.
"ძალიან მნიშვნელოვანია საარქივო დოკუმენტების დაბრუნება, რომელიც აფხაზეთმა ომის დროს დაკარგა.
ვფიქრობ, ეს პროცესი გაიწელა, მაგრამ იგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქ ყველა ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ ჟენევაში გაიმართება აფხაზეთის არქივის დირექტორისა და მისი ქართველი კოლეგის შეხვედრა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ, რომელსაც შეუძლია რეგიონში დაძაბულობა შეასუსტოს", - განაცხადა ჩირიკბამ.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დაესწრება თუ არა საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი და კონკრეტულად რა საარქივო მასალებზეა საუბარი, უცნობია. კულტურის სამინიტროში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
ისტორიის დოქტორის, პროფესორ ლია ახალაძის ვარაუდით, საუბარი შესაძლოა იყოს აფხაზეთის ძველ ხელნაწერებზე, რომელიც ენგურგადმოღმა ჯერ კიდევ ყ|ყ საუკუნეში მოხვდა. მისივე თქმით, სოხუმის დაცემის დროს არქივი დაიწვა და შეუძლებელია, იქედან რაიმე მასალა გამოეტანა ვინმეს. აქედან გამომდინარე მისთვის დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნა გაუგებარია. მისივე თქმით, სიძველეთსაცავი მხოლოდ თბილისში არსებობს და სხვაგან ეს ხელნაწერები განადგურდება.
ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის განმარტებით, ჩამოტანილი კულტურული მემკვიდრეობის უკან დაბრუნება სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ზოგადად კი ასეთი რამ იშვიათად ხდება.
"საერთოდ, როდესაც მუზეუმში რაიმეს გადმოიტანენ, იქიდან გადატანა არის ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფოსა და მოსახლეობის კეთილი ნება. იშვიათია, რომ რაიმე უკან დაბრუნდეს, ეს იქნება ომის თუ სხვა შემთხვევაში.
"ამ ვითარებაში კი გააჩნია, რა ღირებულება აქვს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის - თუ ეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დათბობისათვის მნიშვნელოვანი იქნება, მაშინ მივესალმები, მაგრამ თუ ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, მაშინ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ", - გვითხრა ვარდოსანიძემ.
ისტორიკოსტთა ნაწილის თქმით, აფხაზეთის ომის დროს დედაქალაქში არცერთი ხელოვნების არტეფაქტის ჩამოტანა არ მომხდარა, რადგან ყველაფერი ომის შედეგად ადგილზე განადგურდა.
თბილისში აფხაზეთიდან ომის დროს ჩამოტანილი არცერთი სამუზეუმო ექსპონატი არაა დაცული, ამის შესახებ "მთელ კვირას" ეროვნულ მეზუმშიც განუცხადეს.
ისტორიკოს გია ანჩაბაძის თქმით კი, აფხაზეთის "ხელისუფლება" შუა საუკუნეების არტეფაქტების და სიწმინდეების უკან დაბრუნებას ითხოვს. ამბობს, რომ სია საკმაოდ დიდია და მასში შედის ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი, ბედიის თასი, აფხაზეთის კათალიკოსის კვერთხი და სხვა.
"როგორც ვიცი, საარქივო მასალებსა და ხელნაწერებზე არ არის საუბარი. ლაპარაკია ძირითადად სიწმინდეებზე, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადგილას არის დაცული.
"აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამის დაბრუნებას უკვე დიდი ხანია ითხოვს. რას აპირებენ თბილისში, არ ვიცი, თუმცა, ზოგადად, კეთილი ჟესტები ვითარების დარეგულირებაში დადებით როლს თამაშობს", - უთხრა "მთელ კვირას" ანჩაბაძემ.
ისტორიკოსი ანზორ სიჭინავა კი ამბობს, რომ ბედიის თასი და ბიჭვინთის ღვთისმშობელი საქართველოს სიწმინდეებია, რომელიც ჩვენთან მრავალი წელია დაცულია. შესაბამისად, იგი ამ სიწმინდეების უკან დაბრუნების წინააღმდეგია.
მისივე თქმით, აფხაზეთის ომის დროს თბილისში აცერთი კულტურული მემკვიდრეობის ჩამოტანა არ მომხდარა.
"როგორც ვიცი, ომის დროს დაიწვა და განადგურდა არქივი და გულუას სახელობის კვლევითი ინსტიტუტი. რაც შეეხება სამუზეუმო ექსპონატების გადმოტანას, ასეთი რამ არ გამიგია.
"ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი ბიჭვინთიდან გელათში 1569 წელს გადმოიტანეს. მაშინ აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია იყო ბიჭვინთაში, თუმცა ჩრდილოკავკასიელების შემოსევის შემდეგ კათალიკოსის რეზიდენცია გადმოიტანეს გელათში. აფხაზეთის კათალიკოსი ერქვა, მაგრამ სულ ქართველები იყვნენ მათ ასევე რეზიდენცია ჰქონდათ ხობში.
"რუსეთის წაქეზებით მე-20 საუკუნის 10-იან წლებში მოინდომეს ამ ხატის აფხაზეთში გადასვენება. ამასთან დაკავშირებით ხელმოწერებიც შეაგროვეს და მოსკოვშიც იმსჯელეს, სადაც გადაწყდა, რომ ხატი არ არის რომელიმე კერძო ეკლესიის საკუთრება. ეს საკათალიკოსო რეზიდენციის საკუთრებაა. გადაწყდა, რომ ხატი დარჩებოდა გელათში. სხვათა შორის, ამ ხატს ქართული წარწერა აქვს.
"რაც შეეხება ბედიის თასს, ბედიის ტაძრიდან გადაიტანეს ილორში. ილორის ტაძრის დაზიანების შემდეგ კი ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანეს, სადაც ახლაც დაცულია. თუმცა, მას ჰქონდა სადგარი - ოქროსგან დამზადებული უძვრიფასესი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ილორის ტაძარში დარჩა. ასე რომ, წესით ახლაც იქ უნდა იყოს, თუ არ დაიკარგა არეულობის წლებში", - გვითხრა სიჭინავამ და დასძინა, რომ ომის დროს აფხაზეთში ქართული ხელოვნების ძალიან ბევრი ნიმუში განადგურდა.ლია ახალაძის განმარტებით კი, აფხაზეთის ძველი ხელნაწერები, ხატები, ჯვრები და სხვადასხვა სახის საეკლესიო ნივთები ჯერ კიდევ ყ|ყ საუკუნის მეორე ნახევარსა და ყყ საუკუნის დასაწყისში მოხვდა თბილისის სიძველეთსაცავში.
"ვერ გავიგე რას გვედავებიან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 1992-1993 წლების ომის დროს აფხაზეთიდან შუა საუკუნეების ძველი ქართული ხელნაწერების, ან საეკლესიო ნივთების თბილისში გადმოტანა არ მომხდარა. აფხაზეთის ძველი ხელნაწერები, ხატები, ჯვრები და სხვადასხვა სახის საეკლესიო ნივთები ჯერ კიდევ ყ|ყ საუკუნის მეორე ნახევრიდან და ყყ საუკუნის დასაწყისიდან მოხვდა თბილისის რამდენიმე სიძველეთსაცავში - საეკლესიო მუზეუმის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდებში.
"აღნიშნულ ფონდებში ხელნაწერები და სხვადასხვა ისტორიული მასალა (ხატები, ჯვრები, საეკლესიო ნივთები) სხვადასხვა გზით მოხვდა, მათი ერთი ნაწილი ადგილზე დაუცველი იყო. შესაბამისად, არსებობდა მათი განადგურების საფრთხეც.
"საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ მარი ბროსეს, დიმიტრი ბაქრაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, პრასკოვია უვაროვას, კარლა სერენას და სხვა მკვლევართა და მოგზაურთა მიერ ადგილზე აღწერილი სიძველეებიდან დღეს ნახევარი არ არის შემორჩენილი და რაც შემორჩა, ისიც მხოლოდ თბილსში არსებული სიძველეთსაცავების წყალობით", - გვითხრა ახალაძემ.
მისივე თქმით, აფხაზეთში და არც სხვა რეგიონში არ არსებობდა სიძველეთსაცავი.
"იმ დროს საქართველოს არცერთ ისტორიულ მხარეში, მათ შორის არც აფხაზეთში არ არსებობდა სიძველეთსაცავი, სადაც ძველი ხელნაწერების, საარქივო მასალების, წიგნებისა და სხვადასხვა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების შენახვა მოხდებოდა. ეს მისია მაშინ თბილისმა იკისრა.
"დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ საბჭოთა ოკუპაციის დროს ამ ხელნაწერების და ისტორიული განძის დიდი ნაწილის გადარჩენა ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.
რომ არა მისი თავგანწირული ბრძოლა ამ განძის გადასარჩენად, მისი საზღვარგარეთ გადამალვა და შემდეგ საქართველოში დაბრუნება, შესაძლოა მას ისეთივე ბედი გაეზიარებინა, როგორც ეს საეკლესიო სიძველეებთან მიმართებით მოხდა რუსეთში ბოლშევიკური საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების პირველ ეტაპზე", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ისტორიკოსი.
მისივე თქმით, აფხაზეთის ძველი ხელნაწერები თბილისში 1958 წლიდან ინახება.
"1958 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ხელნაწერთა ინსტიტუტი, ახლა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეს წერილობითი ძეგლები ინახება ამ დაწესებულებაში. მათი შენახვის, კონსერვაციისა და რესტავრაციისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები, შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ამჟამად მხოლოდ ამ დაწესებულებაშია. სოხუმში მსგავსი პირობები არც მეგულება.
"რაც შეეხება თბილისში დაცულ ბედიის ბარძიმს, ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატს, ბიჭვინთისა და მოქვის საწინამძღვრე ჯვრებს და სხვა საეკლესიო ნივთებს, მათაც დაახლოებით იგივე გზა გაიარეს, რაც აფხაზეთის ქართულმა ხელნაწერებმა. მათი სიაც ჩვენ შევადგინეთ და ვიცით ყველა მათგანის ისტორია. ისინიც ყ|ყ- ყყ საუკუნეების მიჯნაზე მოხვდა თბილისის სიძველეთსაცავებში. ყველა მათგანზე ამოკვეთილია ძველი ქართული ასომთავრული, ნუსხური, ან მხედრული წარწერები. კატეგორიულად ვაცხადებთ, არცერთი ეს ნივთი აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის დროს არ გადმოტანილა თბილისში", - ამბობს ახალაძე.
მისივე განცხადებით, ეს ხელნაწერები და საეკლესიო ნივთები წარმოადგენენ ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ, ქართული წარწერებით შემკულ საგანძურს. შესაბამისად, მათ შენახვასა და მოვლაზე საქართველო იზრუნებს.
"პოლიტიკოსი არა ვარ და არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაწუხებს, მაგრამ ერთ შეკითხვას დავსვამ - მაშინ, როდესაც სოხუმის სეპარატისტულ ხელისუფლებას არ აინტერსებს აფხაზეთიდან იარაღით გამოდევნილი 300 ათასი ადამიანის ბედი, არ აწუხებს გალის მოსახლეობის ბედი და უფლებები, რატომ ინტერესდება ამ ადამიანთა წინაპრების მიერ შექმნილი ხელნაწერებით, საარქივო დოკუმენტებითა და საეკლესიო ნივთებით?! თუ ამ ნივთების დაბრუნება სურთ, ჯერ მოითხოვონ ამ ნივთების შემქმნელთა შთამომავლობის დაბრუნება საკუთარ სახლებში.
"როგორც მეცნიერს კი მიმაჩნია, რომ ენგურსგამოღმა საქართველოს არქივებსა და კვლევით ცენტრებში დაცული სიძველეებით უნდა სარგებლობდნენ აფხაზი მეცნიერებიც. საქართველო მზადაა ამისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დღეს თბილისში ან სხვა ქალაქებში ჩამოსულ აფხაზს გაცილებით მეტი პატივისცემითა და ღირსებით ხვდებიან, ვიდრე ადგილობრივს, ან დევნილ მოსახლეობას", - განუცხადა "მთელ კვირას" ახალაძემ.