რამდენიმე დღის წინ "იუთუბზე" ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა, რომელთაგანაც წინა ორი არ გახმაურებულა.
მის შესახებ "მთელ კვირასთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი ცნობით, ერთ-ერთ ასეთ საქმეზე დაკავებულ კონკრეტულ ადამიანს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს.
სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ვიდეოების გავრცელება მაღალ დონეზე ხდება და დილეტანტის გაკეთებული არ იქნება.
"მთელი კვირა" შეეცადა გაერკვია, როგორ ხდება ვიდეოს ატვირთვა და რა დრო სჭირდება იმის დასადგენად, ვიდეო საიდან აიტვირთა. აიტი სპეციალისტების თქმით, იმის დადგენა, თუ ვინ ატვირთა ვიდეო, თითქმის შეუძლებელია.
როგორც ინფორმატიკოსი სანდრო ასათიანი "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუკი დამნაშავემ ვიდეოს ატვირთვის დროს ყველა საჭირო ზომა მიიღო, მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
"თითოეულ კომპიუტერს, რომელიც ინტერნეტის ქსელში შედის, აიდი მისამართი ენიჭება, ანუ რაღაც კონკრეტული ნომერი. რა თქმა უნდა, ამის შესახებ იმ ადამიანებმაც იციან, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ და მათაც, ვინც ამას ტვირთავს. ამიტომ, პირობითად, ადამიანი თუ შევიდა რომელიმე ინტერნეტ კაფეში და ვიდეო იქიდან ატვირთა, ინტერნეტ კაფეს მიაგნებენ, მაგრამ უშუალოდ კომპიუტერთან ვინ იჯდა, ვერ გაიგებენ.
"შესაძლოა, მობილურის სიმბარათი იყიდოს, თანხა ჩატვირთოს და მობილურით ატვირთოს, ატვირთვის შემდეგ კი მობილურს გადააგდებს. შესაძლებელია გაიგონ, ეს ადამიანი სად იდგა, როდესაც ტვირთავდა, მაგრამ კონკრეტულად ვინ იდგა - ამის დადგენა შეუძლებელია."თუ ადამიანი სახლში დაჯდა და თავისი პერსონალური კომპიუტერიდან ატვირთა, მისი მიგნება შედარებით ადვილია, მაგრამ ადამიანმა თუ შესაბამისი ზომები გამოიყენა, მაშინ მისი აღმოჩენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
"ერთ მაგალითს გავიხსენებდი - ჯიჰადისტების მუქარა საქართველოს მიმართულებით რომ იყო, მაშინ რომ მიჰყვნენ, იქამდე მივიდნენ, რომ ვიდეო აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ატვირთული", - აღნიშნავს ასათიანი.
მისი თქმით, იმის დადგენასაც, თუ საიდან არის ფაილი ატვირთული, გარკვეული პროცედურები სჭირდება, რადგან "იუთუბმა" რომ აიტი მისამართი გასცეს, სპეციალური რეგულაციები არსებობს.
"იუთუბსაც" გარკვეული რეგულაციები აქვს - აიტი მისამართს როდის გასცემს და როდის არა. როდესაც საგამოძიებო ორგანო მიმართავს, რაღაცა ტიპის ინფორმაციას არ გასცემს, რაღაცა ტიპის ინფორმაციას გასცემს. პირველ რიგში გასარკვევია აიტი მისამართი, ამის შემდეგ სანახავია, ვინ არის ამის პროვაიდერი, ანუ ამ ელექტრონულ მოწყობილობას ინტერნეტს ვინ აწვდის.
"ვიდეოს ატვირთვა საქართველოდან თუ მოხდა, შეუძლიათ, უფრო სწრაფად გამოიძიონ, რადგან მათ ის ტექნიკური საშუალებები აქვთ, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, საიდან აიტვირთა. უცხოეთის შემთხვევაში გარკვეული რეგულაციებია, ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს და ამ რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს.
"რაც შეეხება ვიდეოს დაბლოკვას, "იუთუბზე" ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს მოთხოვნა დასაბლოკი ინფორმაციის შესახებ. "იუთუბი" ამას განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტს. თუკი კომპანიები "იუთუბთან" თანამშრომლობენ, მათი მოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკვა უფრო სწრაფად ხდება. ამიტომ ასეთ კომპანიებს ქირაობენ ხოლმე, რომ რამე სწრაფად დაბლოკონ.
"ვიდეოს დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია თუ რიგითი მოქალაქისგან შევიდა, ამას დრო სჭირდება, თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან - უფრო სწრაფად ხდება, ხოლო თუ პარტნიორი კომპანიიდან - მაშინ რამდენიმე წუთში", - აღნიშნა ასათიანმა.
როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, ამ ვიდეოების გავრცელებაში იმ ადამიანების ხელი ურევია, ვინც თავის დროზე ეს გადაიღო.
"ამაზრზენი და ყოვლად დაუშვებელი ფაქტია, რომელიც ყოველგვარ საზღვარს გადავიდა. მე ვამბობდი, რომ ეს კადრები არ განადგურებულა და ის არსებობს. უბრალოდ იმ ადამიანებმა, ვინც ეს კადრები გადაიღო, ორიგინალები გაიტანეს, დაბეჭდეს და გაავრცელეს. გადასცეს სპეცსამსახურებსაც, ამასაც არ გამოვრიცხავ.
"ორი ვარიანტია. საქართველოში არსებობს გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც იატაკქვეშეთში მოქმედებენ. დათა ახალაიამ და მეგის ქარდავამ, რომლებიც ამ ყველაფრის რეჟისორები იყვნენ, მათ ეს გადასცეს. როგორც ჩანს, მათ თავიანთი იარაღი უკვე აამოქმედეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ. არსებობს ეს ერთი ვარიანტი, რომ ისინი გააქტიურდნენ.
"მეორე ვარიანტია, რომ იგივე ჯგუფმა ეს ვიდეოები გადასცა ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელს და შესაძლოა იქიდან მოვიდა. ბუნებრივია, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმ ჯგუფის მიერ, ვინც ეს გადაიღო.
"ამის ატვირთვა სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა. კარგად დაგეგმილი დივერსიული ოპერაციაა. დადგენა ყოველთვის შეიძლება, თუმცა ვინც გააკეთა, ბუნებრივია, სულელი არ იყო და ვფიქრობ, ამის დადგენა გაჭირდება. ეს რომ დილეტანტის გაკეთებული იყოს, იმ დღესვე დაადგენდნენ", - აღნიშნა მაისაიამ.
როგორ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, წინასაარჩევნოდ ზედაპირზე უფრო მეტი სიბინძურე გამოვა.
"როდესაც პოლიტიკოსების განცხადებებს ვაკვირდები, ვხედავ ტენდენციას, რომ წინასაარჩევნოდ ზედაპირზე უფრო მეტი სიბინძურე გამოვა, იმიტომ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომლის პოლიტიკური მრწამსი ფარული ჩანაწერების გაკეთება, ადამიანების შანტაჟი და დაშინება იყო, სრულებით გაკოტრებულია.
"ამ პოლიტიკურ ძალას არაფერი არ აქვს პოზიტივი, რაც შეიძლება მათ საზოგადოებას წინასაარჩევნოდ შესთავაზონ. თავიანთ ჭკუაში ცდილობენ, საზოგადოებაში ისეთი აზრი დანერგონ, თითქოს "ქართული ოცნება" იმ მმართველობის ფორმას იმეორებს, რაც თავად მათ ჰქონდათ. საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე". ამიტომ შეეცდებიან პროცესის ამ სიბინძურეებით კიდევ უფრო დაძაბვას.
"ვიღაცები მათი რიგებიდან საუბრობენ, რომ თითქოს მათზე რაღაც ზეწოლაა. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ზეწოლა არ არსებობს. იმიტომ, რომ ასეთი რამ ჩვენგან ძალიან შორს არის.
"მე საზოგადოებას ვაფრთხილებ - მომავალში ეტაპობრივად სხვა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მოხდება, ან სხვა რაიმე პროვოკაციული ქცევა, რომლის ამოცანაა ქვეყანაში არასტაბილური ფონის შექმენა, რათა ვიღაც-ვიღაცებმა დასავლეთთან იწუწუნონ, რომ არჩევნები ასეთ დაძაბულ ვითარებაში მიდის.
"სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით, პირდაპირ ვიტყვი, რომ მტრები გვყავს. ეს ყველაფერი თავდასხმაა ჩვენს ხალხზე, ესაა პირდაპირი ტერორი. დამატებით ვიტყვი, რაც აქამდე არ მითქვამს, რომ ეს არის თავდასხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე. როდესაც კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრად მოვიდა, მან განაცხადა, რომ მას არჩევნებამდე ევროპული სიმშვიდითა და სტანდარტებით მისვლა სურს, რაც ჩვენს ოპონენტებს ნამდვილად არ აწყობთ", - აცხადებს სესიაშვილი.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ პროტესტი იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოეთქვათ, ხელისუფლებას მიადგნენ, რომელიც ასეთი რამისგან შორსაა.
"იმ ადამიანებმა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, ძალიან კარგად იციან, ვინ იყო ასეთი ვიდეოების შემოქმედი, ასეთი ცხოვრება ვისი პოლიტიკური მრწამსი იყო და იმის მაგივრად, რომ მათ წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვათ, ამ ფაქტს კი აპროტესტებენ, მაგრამ კვლავაც მათი ფარისეველი მხარდამჭერები ხდებიან. ასე რომ, ეს ადამიანები ჩემთვის ამ პროცესის თანამონაწილეები არიან", - დასძენს სესიაშვილი.
მისი თქმით, ასეთი ფაქტების გამოძიება ძალიან რთულია, თუმცა ერთ-ერთ ფაქტზე კონკრეტულ პირს ბრალი წაეყენება.
"ასეთი ფაქტების გამოძიება ძალიან რთულია. არ მინდა დავასახელო, სულ სამ ფაქტზე იყო საუბარი, ერთი გამოძიებულია და უახლოეს ხანში კონკრეტულ პირს ბრალი წაეყენება, ასეთი ინფორმაცია მაქვს. მცდელობა იყო ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის გავრცელების, ეს საქმე გახმოვანებული არ არის და არაფერს არ დავასახელებ.
"რაც შეეხება ამ ფაქტს, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, საერთაშორისო ექსპერტებს ჩავრთავთ, ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას ესმის, რომ ნებისმიერი თავისუფალი ვაიფაიდან შეგიძლია ატვირთო და შემდეგ მიიმალო, მარტივია და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლია ეს გააკეთო.
"ჩვენ რომ ამ საქმის გამოძიებით ვართ დაინტერესებული, ისე მგონი, არავინ არ არის. ასე რომ, ვიღაც რომ ჩვენი მიმართულებით ქვების სროლას დაიწყებს, ანალიზის უნარი ჰქონდეს, იმისათვის, რომ მიხვდეს, ეს ვის ავნებს", - განაცხადა სესიაშვილმა.