ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ისევ გავრცელდა. კადრებში სახეები დაფარულია და თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.
"წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს", - წერია ვიდეოს ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირასაც გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, სადაც სახეები დაფარული არ იყო და პირების იდენტიფიცირება შეიძლებოდა.
კამპანია "ეს შენ გეხება" პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკითხის გამოძიების მიზნით სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ითხოვს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ის მაღალი ნდობით არ სარგებლობს.
"მოვითხოვთ სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ამ ფაქტების და ზოგადად, ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით. ასევე დავსვამთ საკითხებს, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ფარული ჩანაწერების საქმე გაიხსნება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): "სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ გამოძიებული იქნება და მინდა, რომ რაღაც სხვა ფორმები მოვიძიოთ თვითონ საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც. ვინც მიიღებს, საერთოდ ნუ გახსნის, არავითარი გაზიარება, გავრცელება და ა.შ.
რაღაც პროტესტი ჩვენ თუ არ მოვიფიქრეთ, ეს ალბათ აღარ დამთავრდება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს 10 ათასობით მსგავსი ჩანაწერი და მაშინვე ითქვა, რომ ამის განადგურება სრულად ვერ მოხდებოდა. იმიტომ, რომ ამის გადაწერა შეიძლებოდა და არავინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს აქვს და, სამწუხაროდ, ცოტა აბსურდულია, ყველა იპოვო და გაანადგურო.
ამიტომ, იგნორირება და საშინელი პროტესტი იქნება ამის პასუხი. პროტესტი იმ ადამიანს, ვინც კადრების გავრცელებით არჩევნებში მოგებას, თუ კონკურენტის ჩამოცილებას ცდილობს.
ანალიზი ჩვენვე უნდა გავაკეთოთ, ალბათ, ადვილი მისახვედრი არ იქნება, თუ რომელი ძალები არიან ამ სიბინძურით დაინტერესებულები, მაგრამ მოდი, ვაჩვენოთ, რომ საზოგადოება არ ვართ ამით დაინტერესებული.
ყველასთან მაქვს თხოვნა, თუ ვინმეს მსგავსი ჩანაწერი მიუვა, არც კი გახნას, ისე წაშალოს, მხოლოდ იგნორირებაა გამოსავალი."
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "მე ჩანაწერები არ მინახავს, ტექნიკურ დეტალებშიც ვერ ვერკვევი, მაგრამ დიდი ინტერესი მაქვს, სპეციალისტმა ამიხსნას, თუ როგორ ხდება კიბერდანაშაულებები და რამდენად ხელმისაწვდომია ამის გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გამოძიება."
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "არჩევნების წინა პერიოდია და როგორც ჩანს, ვიღაცები არეულობის შემოტანას ცდილობენ. თუ საქმეს არ გამოიძიებენ, დიდი უსიამოვნებები იქნება. დაიწყება უწყვეტი დაპირისპირებები."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "მე ვფიქრობ, ამის ფუნდამენტური გამოძიების პროცესი უკვე დაგვიანებულია. ვგულისხმობ ამ საქმისადმი ხელისუფლების არაპროფესიონალურ მიდგომას, რაც გამოიხატა კადრების განადგურებაში. იმიტომ, რომ ეს კანონდარღვევა იყო და მათ გინდაც პრემიერის, გინდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი დადგენილებით არანაირი უფლება არ ჰქონდათ, გაენადგურებინათ ის, რაც კანონით იყო დაცული და კანონივე არეგულირებდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მისი განადგურება.
აქედან გამომდინარე, ვინც ეს გაანადგურა, აღმოჩნდა კანონგარეშე და რაც მთავარია, გაანადგურა მტკიცებულებები და ფაქტობრივად კვალი წაშალა. ამის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, ძალიან გაჭირდება რეალური კვალის მიგნება და მხოლოდ ვერსიების დონეზე არ უნდა მოხდეს ვიღაცების დასჯა."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "ძალიან მიჭირს ამაზე სუბარი. ჩემთვის, მწერალი რევაზ მიშველაძისთვის მსგავს სიბინძურეებზე კომენტარის გაკეთებაც კი მიუღებელია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე