დატერორებული პოლიტელიტა და დაუცველობის განცდა საზოგადოებაში
ეკატერინე ბასილაია
15.03.2016

 თუ ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებისთვის კონკრეტულ ადამიანის დასჯის პრეცედენტს არ შექმნის, წინასაარჩევნოდ ამგვარი უკანონო ჩანაწერები წალეკავს ქვეყანას, რაც დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნის, - აცხადებენ პოლიტოლოგები და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დესტაბილიზაციის მოსურნე ძალებზე საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.

კონსტიტუციის სპეციალისტი, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ამგვარი კომპრომატები რომ დაიდებოდა და თან, წინასაარჩევნო პერიოდში, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა.უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ახლის დაანონსება ქვეყანაში არეულობის მოწყობის მიზნით ხდება და არეულობის მოწყობის ინტერესი შესაძლოა სხვადასხვა იყოს. ერთი ნაწილი - ქვეყნის შიგნით შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამ არეულობით ხელს მოითბობს და ხელისუფლებაში მოვა, თუ დაბრუნდება; მეორე ნაწილი - ქვეყნის გარეთ, შესაძლოა ფიქრობდეს, რომ თუ ქვეყანაში არეულობა იქნება, ეს შეაჩერებს დავუშვათ დასავლეთისკენ ლტოლვას, იგივე ვიზალიბერალიზაციას.

ხელისუფლებას კი, მისი მტკიცებით, ეს არ უნდა აწყობდეს, რადგან ყველა ხელს მისკენ იშვერს და ამგვარი ვიდეოების ვერაღკვეთაზე პასუხისმგებლობა უპირველესად მმართველ ძალას ეკისრება, რაც მის რეიტინგს აკნინებს.

ვახტანგ ძაბირაძე: "ბუნებრივია, ამ ფაილების ასლები თავიდანვე იქნებოდა. "ნაციონალური მოძრაობიდან" ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიწერა და შეინახა, დროს ელოდებოდნენ. წინასაარჩევნო პერიოდი კი სწორედ ის დროა, როდესაც ქვეყანაში ისედაც დაძაბული ვითარებაა. როგორი მშვიდობიანი უნდა იყოს ეს პერიოდი, დაპირისპირება მაინც არის. ამ დროს ხელისუფლება სუსტია, ამერიკილების გამოთქმით, ხელისუფლება "კოჭლი იხვის" პირობებშია, ინტერესების შეჯახება ხდება და იქმნება საერთო ფონი, რომ სიტუაცია გამწვავდეს.

ამიტომაც, არ არის საკვირველი, რომ ამ პერიოდს დაამთხვევდნენ ამგვარი ვიდეოების გამოყრას. ამ ფაილების გავრცელებით ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნას ცდილობენ, ამიტომ საჭიროა ფრთხილად ვიყოთ და ემოციებს არ უნდა ავყვეთ. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად უარყოფითია, მაგრამ საინფორმაციო სააგენტოებზე გალაშქრება სწორი არ მგონია".

ხოლო ვინ შეიძლება ყველაზე მეტად დაინტერესებული იყოს ამ კომპრომატების გამოქვეყნებით, ძაბირაძე ერთ-ერთ ასეთ დაინტერესებულ მხარედ რუსეთს ასახელებს.

"ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ვიღაცებმა გაატარეს და შედარებით მშვიდობიანად წარიმართა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით ვიღაცები შეეგუენ ჩვენ მიერ ევროპისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯებს. მარტივი ლოგიკაა - მაშინ გაცილებით რთული და მძიმე იყო მათთვის უკრაინის პრობლემა და შესაბამისად, ჩვენთან დესტაბილიზაციის გეგმა გადადეს.

ადგილობრივი ინტერესებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. შესაძლოა ვიღაც სულ არ იყოს რუსეთისგან მართული, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა, თუ დაბრუნება სურდეს. ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ეს ქმნის ზოგად ფონს, როდესაც შესაძლებელია არასტაბილური ვითარების გამოწვევა. ამ ინტერესების შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ვინც არის, ის ბუნებრივია, ყველა დანარჩენს გამოიყენებს, როგორც ფინანსურად, ისე ანალიზის თვალსაზრისით. ამიტომაც დაიწყო ეს შავი პიარი ახლა", - განმარტავს ძაბირაძე.

ძაბირაძის განცხადებით, თუკი "იუთუბიზე" გამავრცელებლის დადგენა ვერ მოხდება, ამგვარი ვიდეოები ისევ მოსალოდნელია და იქნება კოშმარი.

"ყველამ ერთად რაღაც უნდა მოვიფიქროთ, თუ გვინდა, რომ ამ საშინელებას თავი დავაღწიოთ. თუკი საარჩევნო პოლემიკის დროს ამ ჩანაწერების თემას ირიბად, თუ მინიშნებების დონეზეც არ გამოიყენებენ პოლიტიკოსები ერთმანეთის წინააღმდეგ, მაშინ ეს კომპრომატები არ იმუშავებს. თუ გამოიყენებენ და, სამწუხაროდ, ალბათ გამოიყენებენ, ეს დიდი პრობლემაა. თუ ლაპარაკი და ურთიერთბრალდებები გაგრძელდება, მაშინ არასტაბილურობის ხიფათი შეიქმნება და ის ყველას შეეხება", - ამბობს ძაბირაძე.

თსუ-ს პროფესორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ვერავინ იტყვის, ვის შეიძლება გაევრცელებინა ეს ვიდეოები, რადგან ერთი პარტიის მიმართ არ არის თავდასხმა, სხვადასხვა პარტიიდან არის მსხვერპლი. ამიტომ უამრავი ვარიანტის განხილვა შეიძლება და როგორც "ნაციონალებისკენ", ისე ხელისუფლებისკენ შეიძლება ხელის გაშვერა.

"ერთი ვარიანტით, შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაევრცელებინათ, რომლებსაც ასლები ჰქონდათ. ასევე ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზეც შეიძლება ხელის გაშვერა, რადგან ჩვენ გვახსოვს შს მინისტრის მოადგილის მიერ ამგვარი ქმედება, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"შესაძლოა შიდა კოალიციური, პარტიათა შორის, ან პიროვნული კონკურენცია იყოს მოტივი. ცუდი ის არის, რომ როგორც ჩანს, ამგვარი ვიდეოფაილები ჯერ კიდევ ბევრია და, სავარაუდოდ, არჩევნების წინ ბევრს ვნახავთ", - ამბობს კაკაჩია და ყველაზე დიდ პრობლემას იმაში ხედავს, რომ პრეცედენტი არ შექმნილა, ვინმე ამგვარ ქმედებაზე დასჯილიყო.

"ამ ყველაფერზე პირველ რიგში ხელისუფება არის პასუხისმგებელი, რადგან მათ აქვთ ბერკეტები, რითაც დადგენა შეუძლიათ. თუკი რესურსები არ ჰყოფნით, უცხოელი ექსპერტები უნდა ჩართონ.

"ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში ამგვარი რამ ადრე არ ყოფილა და, აქედან გამომდინარე, სამართალდამცველებიც ძალიან დაბნეულები არიან. არ იციან, ასეთი ტიპის დანაშაულს როგორ უნდა ებრძოლონ. ამით სარგებლობენ გამავრცელებლები და ერთი ნაბიჯით წინ არიან, ვიდრე სამართალდამცველები, რაც არ შეიძლება დიდი ხნით გაგრძელდეს. ამაზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს.

"ცხადია, რომ პოლიტიკოსებზე წნეხის მექანიზმად იყენებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული საზოგადოება კონსერვატიულია, ასეთი ვიდეოფაილებით რეპუტაციის შელახვას ცდილობენ, თუმცა ერთი რამ ვერ გათვალეს.

რაც უფრო ვრცელდება ეს ვიდეოები, საზოგადოებრივი აზრი აბსოლუტურად საწინააღმდეგო განწყობას, მსხვერპლების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. თუკი ეს გაგრძელდება, შესაძლოა ამ ფაილებმა დაკარგოს ის ეფექტი, რაც ჩაფიქრებული იყო", - ამბობს კაკაჩია.

მისი თქმით, ზოგადად 2012 წლის არჩევნებში ციხის კადრების ეფექტმა ნაწილობრივ ცუდად იმუშავა იმ გაგებით, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილმა ჩათვალა, ამ ვიდეოებსაც იგივე ეფექტი ექნებოდა, რაც ციხის კადრებს ჰქონდა. ამიტომაც თვლის, რომ იმ პოლიტიკურ ძალებსა თუ ჯგუფებს, რომლებიც ამ ვიდეოებს აზიარებენ, ეს ცდუნება აქვთ და ამას პარტიული თუ პიროვნული მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იყენებენ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ უკანონო ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების წინააღმდეგაც არის დარტყმა და ის ოპოზიციის რიგ ძალებსაც აზიანებს, ამიტომაც რთულია ლოგიკურად საუბარი იმაზე, ვის შეიძლება ამ ბინძური კომპრომატების გამოფენა ხელს აძლევდეს.

"ვიდეოზე იყო მინიშნება, რადგან ამ ხელისუფლებამ არ გამოიძია უკანონო კადრების გადაღება და არავინ დასჯილა, ამიტომ ვავრცელებთ და ისევ გავავრცელებთო. ამ ნიუანსით ერთდროულად სამმაგი მიმართულებით დარტყმა ხდება.

"ხელისუფლებაზე არის დარტყმა იმიტომ, რომ ფარული ჩანაწერების საქმე არ გამოიძია და შემკვეთი არავინ დასჯილა, ამიტომ ვიღაცებს ხელ-ფეხი გაეხსნათ და არ ეშინიათ, კადრები გაავრცელონ. თუ ვინმეს აყენებს ზიანს, ასევე ეს "ნაციონალური მოძრაობაცაა", რადგან უკანონო კადრების გადაღება მათ დროს ხდებოდა და დარტყმაა იმ ოპოზიციურ ძალებზეც, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავდა პროტესტს, წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირება მკვეთრი რატომ არ არისო.

"არსებობის უფლება აქვს იმ ეჭვსაც, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ქვეყნის გარედან იყოს მართული, მითუმეტეს, რომ ქვეყნის გარეთ არიან პირები, ვინც ამ მასალას ფლობენ და "ნაციონალებთან" დაპირისპირებულნი არიან", - ამბობს საყვარელიძე და ვარაუდობს, რომ შესაძლოა დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია და არჩევნებზე ხალხის არწასვლა იყოს ამ ბინძური ხერხებით თამაშის საბოლოო მიზანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×