ლიკა ამირაშვილი
16.03.2016

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიტანს.

"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი ქვეყანა ბრუნდება 90-იანებში, რომელიც არის რუსეთის 90-იანების მსგავსი, როდესაც რუსეთის ოლიგარქები საზოგადოებას და ოპონენტებს ესაუბრებოდნენ მსგავსი კადრებით და პირადი ცხოვრების შანტაჟით. ჩვენ გვაქვს ინიციატივა - პირადი თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს ოთხ მთავარ პრინციპს, პირველი - უნდა გაუქმდეს სუს-ი, რადგან საბოლოოდ გაუქმდეს პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა, ეს არის მნიშვენლოვანი. უნდა გაუქმდეს "ოდეერის" ინისტიტუტი, მეორე ეხება ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტს, ესეც უნდა შეიცვალოს და რადიკალური რეფორმირება მოხდეს," - განაცხადა რატიანმა.

როგორ ფიქრობთ, უნდა გაუქმდეს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ჩემი აზრით, ქვეყანას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სჭირდება, იმიტომ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ უამრავი მტერი ჰყავს. პრევენციისთვის კი საჭიროა აღნიშნული სამსახური შენარჩუნდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" თავის დროზე უნდა გაეუქმებინა, რომელიც მათ ხალხის გაუბედურებისთვის და იმ საშინელი ვიდეოების გადაღებისთვის შექმნეს. ჩემი აზრით, ამ საკითხზე და საერთოდ ზნეობაზე ლაპარაკის უფლებაც არ აქვთ.

 

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორ უნდა გაუქმდეს, არ მესმის. მისი რეორიენტაცია უნდა მოხდეს სახელმწიფო ინტერესების გზაზე და ცალკეული პარტიების ინტერესებზე დაყრდნობით არ უნდა მოქმედებდეს. როგორ შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება?! უმაღლესი სასაწავლებელი, შესაძლოა, საჭირო არ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს ეს სამსახური ესაჭიროება.

 

 მერაბ კოკოჩაშვილი  (რეჟისორი):  არსებობს ზოგიერთი სფერო, სადაც ეს სამსახური არ უნდა გაუქმდეს, მაგალითად არის სტრატეგიული ობიექტები, სადაც აუცილებელია, რომ ასეთი სამსახურები არსებობდეს. საგანმანათლებლო სისტემაში კი ეს საჭირო საერთოდ არ არის.

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რასაკვირველია, არ უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ ქვეყანა სათანადო დონეზე არ დგას. ქვეყანას ეს სამსახური ჯერ სჭირდება. გავა დრო, დაახლოებით 2020-30 წლების შუალედში, შესაძლოა დადგეს საკითხი, რომ ქვეყანას ეს აღარ დასჭირდეს, იქამდე ამაზე საუბარი ადრეა. ქვეყანა ჯერ განვითარების პროცესშია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×