ლიკა ამირაშვილი
17.03.2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ დაძაბული ვითარებაა - სტუდენტები ორად არიან გაყოფილი და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. სასწავლებლის ორი კორპუსია პარალიზებული. "115-ე აუდიტორია" პირველ კორპუსშია გამაგრებული, თვითმმართველობა კი მეზობელ შენობაში.

სტუდენტთა ორივე მხარეს ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები აქვს. თვითმმართველობა რექტორის გადადგომას მოითხოვს. "აუდიტორია 115" კი ვალდიმერ პაპავას მოუწოდებს, რომ თანამდებობა არ დატოვოს. სტუდენტთა ნაწილის მოსაზრებას პროფესურაც იზიარებს.

უნდა გადადგეს, თუ არა თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გიორგი შენგელაია  რეჟისორი): უნივერსიტეტიდან ისეთი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის, რომ ამ საკითხზე ვერაფერს მოგახსენებთ. როგორც მოვისმინე, კიდევ უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ უკვე არა სტუდენტებმა, არამედ აკადემიურმა საბჭომ. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ამ თემაზე ვილაპარაკოთ.

 

 

 

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი):  ჩვენ ვერ ავყვებით სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის ემოციას და მოსაზრებებს აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორის გადადგომის შესახებ. რექტორი ლადო პაპავა არჩეულია პროფესორების მიერ, ამიტომ მის გადადგომა-დარჩენას თავად აკადემიური საბჭო წყვეტს. მისი გადაყენების საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს სტუდენტების ერთი ჯგუფის მიერ. მაშინ, როცა არსებობს მეორე ჯგუფი, რომელიც ამას არ თხოულობს.

ამ შემთხვევაში სწორად მიმაჩნია აკადემიკოს ლადო პაპავას გადაწყვეტილება, რომ თანამდებობაზე დარჩეს. სპეციალური საგანგებო კომისია უნდა შექმნას განათლების სამინისტრომ და თუ საჭიროა, პარლამენტმა შესაბამისი ღონისძიებები უნდა მიიღოს, იმიტომ რომ უნივერსიტეტი ეროვნული დაწესებულებაა, რომლის ასე ჰაიჰარად დატოვების უფლება არ გვაქვს. სამარცხვინო იყო, როდესაც სტუდენტთა გარკვეული ნაწილი რექტორის კაბინეტში შეიჭრა, როგორ ძვრებოდნენ ფანჯრებიდან... ასე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

 ქეთი ბექაური (იურისტი): რთული კითხვაა, იმიტომ რომ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ორად გაყოფილი აზრი და ორად გაყოფილი ჯგუფია. ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, შიგნით გადასაწყვეტი საკითხია. ამ მოვლენებს თუ შევაფასებთ, რექტორის გადადგომას, შესაძლოა, მართლაც ქაოსი და უმართავი სიტუაცია მოჰყვეს.

ვფიქრობ, ყველაფერს სჯობს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრომ დახმარება უნდა აღმოუჩინოს და რამენაირად გამოსავალი მოძებნონ. ვფიქრობ, მომავალში შიდა აფეთქებები რომ არ მოხდეს, პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზები უნდა დაისახოს. მგონია, გამოსავალი ეს უფროა, ვიდრე რექტორის გადადგომა, რადგან შესაძლოა, ლადო პაპავას შემცვლელსაც იგივე მოთხოვნები წაუყენონ.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ლადო პაპავა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მეც 9 წელი ვიყავი რექტორი და მშვენივრად ვიცი, რა მძიმეა, მაგრამ ალბათ პირველი რექტორი ვარ, რომელმაც არჩევით დაიწყო და ორჯერ არჩევით დაასრულა. თსუ ვერ ეღირსა ისეთ რექტორს, რომელიც ვადას ბოლომდე დაასრულებს. მგონია, რომ მას ტაქტიკური შეცდომები აქვს დაშვებული და ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს.

მის მდგომრეობაში ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. მან რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა: პირველი მის მიერ წარდგენილი კანდიდატურა; მეორე, თუ იცოდა ამ ინსტიტუტის არსებობა, ის უნდა გაეუქმებინა ან ხმა არ უნდა ამოეღო. რეალურად ეს სერიოზული შეცდომებია.

რა თქმა უნდა, მას თანავუგრძნობ, როგორც ადამიანს, რომელიც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ვფიქრობ, შეცდომები აქვს დაშვებული. მისი მხრიდან არასწორი მოქმედებების მთელი კასკადი იყო. გამოუვალ მდგომარეობაშია და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): ვფიქრობ, რექტორი არ უნდა გადადგეს. ყველა სხვადასხვა რაღაცას მოითხოვს - ამდენი "გადადექი" ხომ არ შეიძლება?! უნივერსიტეტში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ვფიქრობ, ყველამ სტუდენტებს უნდა მოუწოდოს სწავლის პროცესის განახლებისკენ. მათი მთავარი დანიშნულებაა სწავლა, ესენი კი რამდენიმე კვირაა აქეთ-იქით დარბიან და რაღაცებს აპროტესტებენ.

ახლა თვითმმართველობა "აუდიტორია 115"-ს უხდის სამაგიეროს, რომ პაპავაც გადადგეს. ახლა ეს რა თამაშია, ვერ გავიგე. სასწავლო პროცესის ჩაშლაა და მე რომ მკითხოთ, ელემენტარული სიზარმაცეა, იმიტომ რომ სწავლას რაღაც "გმირობების" ჩადენა ურჩევნიათ. მიხედონ საქმეს, სასწავლო პროცესი აღადგინონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×