შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლები "მაესტროს" ყოფილ გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს მათზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებენ და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" უფლებების დაცვას სთხოვენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორის ბაჩო კიკაბიძის შეთავაზება არ მიიღეს და ძმებ გაჩეჩილაძებთან დარჩენა არჩიეს.
ტელეკომპანია "მაესტროს" მარკეტინგის თანამშრომელი ნელი ბეგიაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ლევან გაჩეჩილაძის სახელზე განცხადება არ დაწერა. ამბობს, რომ სწორედ, ამის გამო ბაია გადაბაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
"თათბრიზე გვითხრეს, რომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ამ და ახალ ტელევიზიას შორის, რომელსაც ბაჩო კიკაბიძე ხსნის. გვითხრეს, რომ დაგვეწერა განცხადება და წავსულიყავით რაღაც გაურკვეველ ტელევიზიაში, რასაც არ დავთანხმდი. თუმცა ჩემი პოზიცია ხმამაღლა არ დამიფიქსირებია, რადგან 10-დღიანი მოსაფიქრებელი დრო გვქონდა და ამის გამოყენებას ვაპირებდი. თუმცა გუშინ შემოვიდა ჩემთან ბაია გადაბაძე და მითხრა, რა გადაწყვეტილება მიიღეო. მე ვუთხარი, ვადა ხომ ჯერ კიდევ არის-მეთქი, რაზეც მიპასუხა, კი ბატონო, ოღონდ წადი და სახლში მოიფიქრეო.
"ჩემზე ზეწოლა ჰქონდა იმ ასპექტში, რომ მთხოვდა ტელევიზიის შენობის დატოვებას ანუ გუშინ ფიზიკურად ვერ შევედი ტელევიზიაში. ვერ შევასრულე ჩემი მოვალეობა, რაც მაკისრია.
"ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული შპს სტუდია "მაესტროსთან" რიმლის დირექტორიც არის ლევან გაჩეჩილაძე. რომ მითხრას დირექტორმა დღეს რა გააკეთეო რა ვუთხრა?!
"ეს არის ზეწოლა, რომელიც განახორციელა ბაია გადაბაძემ. და თან მომაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა, რაც არ მინდა რომ გავიმეორო," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნელი ბეგიაშვილი.
ამბობს, რომ მას ხელთ აქვს 40-კაციანი სია, რომელსაც საია-ში მიიტანს და მათ უფლებების დაცვას სთხოვს.
"გათავისუფლების შესახებ ბევრმა განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. მე ზეწოლას გავუძელი, რომლის შესახებაც ლევან გაჩეჩილაძესაც ვაცნობე.
"ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განვიხილეთ, გვითხრა, რომ მდგომარეობა გამოსწორდება და მათ ანაზღაურების მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ," - გვითხრა ბეგიაშვილმა.
"რეზონანსმა" ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ბაია გადაბაძესთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა ვერ მოხერხდა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი ბაჩო კიკაბიძე კი თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლას უარყოფს. მისივე თქმით, კომპანია "მ ინვესტმენტთან" საიჯარო ხელშეკრულებას აფორმებს და "მ 24" მაუწყებლობას მალე ამ შენობიდან დაიწყებს.
"ხელშეკრულებას ვაფორმებთ და არხი მაუწყებლობას მაკა ასათიანის კუთვნილი შენობიდან დაიწყებს. რაც შეეხება ზეწოლას და შეუარცხყოფას, არავისთვის არ მიმიყენებია, რადგან არავის არ ვიცნობ და არ ვიცი, ვინ დაწერა განცხადება და ვინ არა. არ მქონია მათთან არანაირი ურთიერთობა.
"რაც შეეხება შენობაში არშეშვებას, თუ შპს "სტუდია მაესტროში" მუშაობს, ჩემთვის რამდენდაც ცნობილია, კომპანიას შენობასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ შენობაში არ უშვებენ.
"მიმართონ, ვისაც უნდათ. ხოლო ვინც ზეწოლით დაწერა განცხადება, მოვუწოდებ, რომ მიმართონ ზემდგომ პირებს. ასეთი რამე არ არსებობს", - გვითხრა კიკაბიძემ.
"ეს არის დისკრიმინაცია იძულება და შრომის კოდექსის დარღვევა", - ამ განცხადებას ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელის გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია აკეთებს. იგი თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ მათი უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართონ.
"მეორე მხრიდან განცხადება იყო ასეთი, რომ თითქოს "მაესტროს" ხელი არ ეშლება, რომ განახორციელოს ქონებით სარგებლობა. რეალურად კი ასე არ არის, ლევან გაჩეჩილაძეს კვლავ არ უშვებენ შენობაში.
"იურდიულად საიჯარო ხელშეკრულება კვლავ არსებობს. სანამ "მაესტროს" ქონება და თანამშრომლები იმყოფებიან შენობაში, საიჯარო ხელშეკრულება ძალაშია. რაც შეეხება თანამშრომლებზე ზეწოლას, ეს არის დისკრიმინაცია, იძულება, შრომის კოდექსის დარღვევა, მოვუწოდებ, რომ დაიცვან მათი უფლებები და მიმართონ მესამე სექტორს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", - გვითხრა კორძახიამ.