საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის შესაძლებლობის საკითხზე ალაპარაკდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვაზე საკუთარ პოზიციას ასე განმარტავს - დიალოგს ყველაზე რთულ მხარესთანაც კი ალტერნატივა არ აქვს.
"ამაზე მუდამ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. დიალოგის შეწყვეტა პრობლემების მოგვარებას ხელს არ შეუწყობს. მოლაპარაკება რუსულ მხარესთან რთული პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ დიალოგის ფორმატში შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის პრაქტიკული ხასიათის საკითხების - ისეთ სფეროებში, როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ჰუმანიტარული საკითხები", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მათივე განცხადებით, რუსულ მხარესთან დიალოგი ნებისმიერ ფორმატში გამორიცხავს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რამე სახის კომპრომისს.
როგორ ფიქრობთ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა გაგრძელდეს თუ არა დიალოგი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ზურაბ აბაშიძე, როგორც დიპლომატი, პროფესიონალია. თუ ბატონმა ზურაბმა ვერ შეძლო კარასინთან საუბარი, ესე იგი ვერ შეძლებს ვერავინ. ეს დამტკიცდა კარასინის განცხადებიდანაც.
აქ, დარწმუნებული ვარ, ბატონი ზურაბი არაფერ შუაშია და მან ყველაფერი ჩადო თავისი მაღალი პროფესიონალიზმით დაწყებული, პატრიოტიზმით დამთავრებული, იმისთვის, რომ ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ გაკეთებულიყო. თვითონ კარასინია ეჭვქვეშ დასაყენებელი ამ არადიპლომატიური გამოსვლის გამო.
აქედან გამომდინარე, თუ ერთი მხარის წარმომადგენელი ეჭვქვეშ დადგა, თვითონ პროექტიც ეჭვქვეშ დგება, არა ზურაბ აბაშიძის გამო, არამედ კარასინის არადიპლომატიური გამოსვლის გამო. ეს ერთი და მეორე - ძალიან შემაწუხა ოკუპაციის კანონის შერბილების თემამ. საქართველოსთვის ამ კანონის მიღებაზე დიდი უბედურება და ღალატი არ არსებობს.
ჩვენს შვილებს დოკუმენტში მაინც დავუტოვოთ, რომ ანექსირებულები ვართ - არა ის, რომ ნებაყოფლობით მიერთებულები ვართ სრულიად აგრესიულ ქვეყანასთან. ოკუპაციის კანონის შერბილება მხოლოდ ერთ ქვეყანას, რუსეთს უნდა.
ესეც იქნება კარასინის მუქარა, რომელმაც უკვე გაიჟღერა და გამოდის, რომ ჩვენ ამის საპასუხოდ ლანგრით თვითონვე მივართმევთ ოკუპაციის კანონის შერბილებას. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უფსკრულისკენ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიაში."
გოგი თორაძე (რეჟისორი): "მე ამ დიალოგის ვერანაირი შედეგი ვერ დავინახე. უფრო შედეგიანი ფორმაა მოსაფიქრებელი. დიალოგი ყველასთან აუცილებელია, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმით, ჩემზე კარგად პოლიტიკოსებს ეცოდინებათ. დილოგის ისეთი ფომა უნდა მოიძებნოს, რომელიც ჩვენს ღირსებასა და ავტორიტეტს არ შელახავს."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ წუთში აბაშიძე-კარასინის ფორმატს არანაირი ფასი არ აქვს იმიტომ, რომ კარასინი ისეთ განცხადებებს აკეთებს, შეურაცხყოფის გარდა, ვერაფერი მივიღეთ მათგან.
შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკეკბა, მაგრამ ამაში უფრო აქტიურად უნდა ჩაებას ის ევროპული სტრუქტურები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ცოტათი მაინც სცემს პატივს.
საჭიროა, რომ მათი საქციელის გამო, მთელი სიმძაფრით დადგეს ეს საკითხი მთელს ევროპაში. მოლაპარაკება არ უნდა შეწყდეს, მაგრამ მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის არ უნდა იყოს მხოლოდ."
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "მე ვფქრობ, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ისეთი ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ ეს არ შეეხოს ჩვენს დასავლურ ორიენტაციას, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ჩვენ დასავლური ორინეტაციას გადავუხვიეთ, ამაზე ქართველმა ხალხმა უკვე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს ხელი ვკრათ.
ცენტრალური ევროპის ისეთი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა, ჯერ ის ცდილობს რუსეთთან კარგ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, კარასინმა გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა თავისი განცხადებებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც იგივეთი ვუპასუხოთ. საქართველოს რუსეთთან უნდა ჰქონდეს ნორმალური უერთიერთობა, რუსული ორიენტაციის გარეშე."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე