პარლამენტში ივნისამდე "ოკუპაციის შესახებ კანონში" იმ ცვლილების განხორციელებაა დაგეგმილი, რასაც წლებია, პაატა ზაქარეიშვილი ითხოვს და რაც დიდი დაპირისპირებისა და ვნებათაღელვის გამო 2013 წელს მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული.
2013 წლის შემდეგ კი ამ არაპოპულარული თემის განხილვის გააქტიურება მალე დაიწყება. მიზეზი ისაა, რომ ივნისში საქართველოში ის რუსი დეპუტატები ჩამოვლენ, რომლებსაც "ოკუპაციის შესახებ კანონი" დარღვეული აქვთ და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ნებართვის გარეშე არიან ჩასულები. მათთვის განსაკუთრებული შეღავათის გასაწევად პარლამენტი უახლოეს ხანში იმსჯელებს და ამ მსჯელობისას ასევე დაგეგმილია ახალი, უფრო შერბილებული, კანონის მიღება.
საუბარი ეხება იმას, რომ 2008 წელს მიღებული "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილელები შევიდეს და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შესვლის წესების დარღვევისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასჯელი შემსუბუქდეს და მხოლოდ 400-ლარიანი ჯარიმა დაწესდეს. კანონის ახლანდელი ვარიანტით კი, სასჯელი ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
უმრავლესობა ცვლილებებს მხარს უჭერს, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ივნისამდე უნდა მოესწროს. თუმცა დიდი წინააღმდეგობაა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთი კომპრომისი საქართველოს ინტერესებზე მეტად რუსეთის ინტერესებს შეესაბამება, რადგანაც მოსკოვმა თბილისს არაერთხელ მოსთხოვა ამ კანონის გაუქმება.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, რუსების მოთხოვნებით ქართული კანონმდებლობების ცვლილება დაუშვებელია.
"ოკუპაციის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანა ამჯერად აქტუალური მას შემდგ გახდა, რაც პრაღაში კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა საქართველოსგან ამ კანონის საერთოდ გაუქმება მოითხოვა.
"ოთხშაბათს პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრისას რუსმა დიპლომატმა საქართველოს ორი პრეტენზია წამოუყენა. ერთი, შეხვედრის დაწყების წინ ერთგვარი მუქარანარევი ტონით განაცხადა ის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში ანტირუსული რიტორიკის გაზრდა რუსეთში მთავარ საფრთხედ მიაჩნიათ, ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ და მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი, დაასახელა კონკრეტული ადრესატებიც - პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი.
"მეორე პრეტენზია კი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაჟღერდა და ის "ოკუპაციის შესახებ კანონი" საერთოდ გაუქმებას ეხებოდა. "წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ ისევ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება", - განაცხადა კარასინმა და ისიც აღნიშნა, რომ ამ თემაზე ზურაბ აბაშიძესთან ისაუბრა.
რიტორიკის შეწყვეტის მოთხოვნას თბილისში საკმაოდ მკაცრი შეფასებები მოგვა. პრეზიდენტმა კარასინის განცხადებების, როგორც მუქარის თარგმნა და ელჩებისთვის გაცნობა მოითხოვა. "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ კარასინის გაფრთხილება როდესაც ის შეეხო საქართველოს პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს, ძალიან არაკორექტულია და ამ მუქარას სათანადო პასუხი უნდა გასცეს შესაბამისმა ქართულმა უწყებებმა.
რუსეთის "ოკუპაციის შესახებ კანონის" გაუქმების მოთხოვნას კი თბილისში იმით გამოეხმაურნენ, რომ კანონის გაუქმება არ მოხდება, თუმცა იმ რუს დეპუტატებს, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული აქვთ, გამონაკლისი წესით, საქართველოში ჩამოუშვებენ და რუსეთის დელეგაციას თბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო სხდომაზე დასწრება შეეძლებათ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. საუბარია საკანონმდებლო მექანიზმზე, რომელიც გამონაკლის შემთხვევებს დაუშვებს, რათა რუსეთის დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო სხდომაზე დასწრება შეძლოს.
"როგორც ვიცი, ამის თაობაზე საკმაოდ ინტენსიური მომართვები გვქონდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციიდან, რომ საშუალება მიგვეცა რუსეთის დელეგაციისთვის, მიიღოს მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო სხდომაზე. შეიძლება, ამ დელეგაციაში იყოს ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". შესაძლებელია, კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდეს და დასაშვებად იქნეს მიჩნეული გარკვეული გამონაკლისი", - აღნიშნა ვოლსკიმ.
"რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილის თქმით, რუსეთის დელეგაცია ჩამოსვლას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მათთვის შეღავათები დაწესდება, რადგან თითქმის ყველა დეპუტატია ნამყოფი აფხაზეთში ჩვენი ნებართვის გარეშე. ამიტომ ვოლსკის მოსაზრება საინტერესოა. მაგრამ პროცესი დაწყებული არ არის.
"როდესაც საქართველოს უნდა ეუთოს სხდომის საქართველოში ჩატარება, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ეუთოს ყველა ქვეყანა და მათ შორის რუსეთის დელეგაციაც იყოს წარმოდგენილი და ჩვენს წინაშე ეს პრობლემა დგას. კარასინმა ამ კანონის საერთოდ გაუქმება მოითხოვა, მაგრამ ოკუპაციის გაუქმებამდე ეს კანონი არ გაუქმდება.
"თუმცა ჩვენ კანონში ცვლილებების შეტანა გვინდოდა, ცვლილებები ერთი მოსმენით მიღებულიც გვაქვს და შესაძლოა უახლოეს მომავალში, პარლამენტი ამ განხილვას დაუბრუნდეს, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, ახლა ვერაფერს გეტყვი. არის კანონპროექტი, რომელიც არბილებს კანონს და მას ნაკლებად მკაცრს ხდის, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამას ოპოზიციამ ძალიან მკაცრი წინააღმდეგობა გაუწია. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მივიღოთ დელეგაცია," - ამბობს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი იმ ფაქტსაც იხსენებს, როდესაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩამოსვლა ორ რუს დეპუტატს სურდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ქართული კანონდარღვევით აფხაზეთში იყვნენ ჩასულები, მაშინ საქართველოში არ შემოუშვეს.
ბერძენიშვილის თქმით, ამის გამო საქართველოს სანქციები დაუწესდა და ევროკავშირის ეგიდით რაღაცეებს ვერ ვატარებდით. სანქციები ისევ რომ არ დაგვიწესდეს, ახლა საქართველომ რაღაც დათმობა გადაწყვიტა, მაგრამ არა რუსეთისთვის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.
კანონმდებლებისგან განსხვავებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება კანონის გადახედავს არ აპირებს, თუმცა ითვალისწინებს ეუთოს სურვილს და პრინციპებს, რომ საქართველოში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ.
"კანონის გადახედვას ჩვენ არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ კანონს, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთოს სურვილს, რომ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში ტარდება, ეუთოს ეგიდით და არა საქართველოს ინიციატივით, მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ", - განაცხადა ზალკალიანმა.