გვანცა ღვედაშვილი
19.03.2016

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეეები ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერის შესაძლო გაკეთებას აპროტესტებდნენ.

"შეწყვიტეთ ლგბტ ადამიანების დემონიზება", "შეეშვით პოპულიზმს" "სიძულვილით ქვეყანა არ შენდება", - მსგავსი პლაკატებით აქციაზე "იდენტობის" 15-მდე წარმომადგენელი იყო გამოსული.

აღნიშნული აქციის შეფასებისას უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებას უარყოფითი შეფასებები მოყვა, მათ შორის თავად უმრავლესობაშიც.

"ეჰ განცხადება იყო არაკორექტული. უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს აქვს. არის ემოციურ ფონზე წამოძახილი, რომელიც მაღალ დონეზე მყოფ პოლიტიკოსს არ ეკადრება.

"არ არის ქვეყნისთვის საჭირო ასეთი განცხადებების კეთება ასეთ დროს. პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ სწორედ იმისკენ, რომ ზედმიწევნით ჩვენი არა თუ მარტო კანონით, არამედ ტრადიციით დამკვიდრებული ტოლერანტობა, დათმობა, ურთიერთსიყვარული და კანონის უზენაესობა გავითავლისწინოთ, რა ლოზუნგითაც "ქართული ოცნება" მოვიდა და არის ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს და თავი დაანებოს პოპულისტური განცხადების გაკეთებას," - განაცხადა "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა პარლამენტის წევრის მხრიდან მსგავსი დისკრიმინაციული განცხადების გაკეთება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "მსგავსი განცხადება მოსაწონი არ არის. მე ვერანაირად ვერ ვუკავშირებ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას იმ დღევანდელ ტენდენციებს, რაც არის პოლიტიკურ სამყაროში. მით უფრო, არ მგონია, დეპუტატს შვენოდეს ასეთი ლექსიკის გამოყენება."

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "ეს იყო აბსულუტურად უვიცი და ჰომოფობიური განცხადება. მეჭიაურის შეფასება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, არც პოლიტიკურ და არც მოქალაქეობრიში."

 

 

 

 ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "ვფიქრობ, დეპუტატია და შეეძლო ეს ყველაფერი ცოტა რბილად ეთქვა, უფრო დიპლომატიურად. ვფიქრობ, რომ რადგან დეპუტატია და უბრალო ადამიანი არ არის, ცოტა დიპლომატიურად და ლამაზად უნდა ეთქვა."

 

 

 

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): "რა თქმა უნდა, უარყოფითია ჩემი პასუხი. მეც არ მსიამოვნებს ასეთი პირდაპირი ტექსტი. როდესაც პარლამენტის წევრი ასეთ განცხადებას იძახის, მას მეტი ტაქტი მოეთხოვება და ამ საქციელს ნამდვილად ვერ მოვიწონებ.

"ამ სიუჟეტებს მეც ვუყურე და ერთი მხრივ აქციაზე გამოსულ პიროვნებებს რაც პლაკატებზე ეწერათ, არაფერი რადიკალური არ ყოფილა. პირიქით, ისინი საზოგადოებას აჩვენებდნენ, რომ მათ არ აქვთ მსგავსი მოთხოვნები და კანონის მიღებასთან დაკავშირებით ბრალს ტყუილად დებენ.

"თუმცა ასეთი აქციების მომხრე არ ვარ. მინდა ვთქვა, რომ შედარებით კორექტულად ჩატარდა ეს აქცია. ისინი თავს იცავდნენ იმისგან, რაშიც ბრალს დებენ და ამ შემთხვევაში არანაირი მოთხოვნით ისინი არ გამოსულან.

"რაც შეეხება მეჭიაურს, როგორც უნდა ფიქრობდე, ოფიციალური განცხადების დროს უფრო კორექტული უნდა იყო. მსგავსი განცხადება შეიძლება გააკეთო ახლობლებთან, მეგობრებთან, თუმცა სხვა შემთხვევაში უფრო ეთიკური პასუხი უნდა იყოს გაცემული მსგავსი ტიპის შეკითხვების დროს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×