ნინო ქეთელაური
21.03.2016

ე.წ. "კოკაინის საქმეზე" ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ დასკვნაშია ნათქვამი, ალეკო ელისაშვილის ბრალდებებზე დაწყებული გამოძიებით, შეწყალების საქმეში კორუფციული გარიგების ფაქტი არ დასტურდება.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ წარდგენილ მობილურ ტელეფონს ჩაუტარდა კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც, მობილური ტელეფონის მეხსიერებაში მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიასთან განხორციელებული ზარები და მიმოწერა არ ფიქსირდება.

პროკურატურის განცხადებითვე, გამოძიების მსვლელობისას მოწმის სახით დაიკითხა 47 პირი, რომელთაც რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

საქმის დახურვის პარალელურად, ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც ბესელია აცხადებს, ის თავად დააყენებს ამ საკითხს.

პროკურატურის დასკვნას უპასუხა ალეკო ელისაშვილმაც, რომლმაც განაცხადა, რომ პროკურატურა საქმის ჩაფარცხვაზე მუშაობს.

"ისეთი დასკვნა დაწერეს, რომ თან ვკითხულობდი და თან სიცილით ვკვდებოდი. ოროსანი ბავშვი არ დაწერდა ისეთ სისულელეებს, რაც მათ ეწერათ. პუნქტობრივად სხვა დროს გავყვები, მაგრამ ფაქტი ერთია - მაქსიმალურად დააფარეს ხელი ბესელია-კობახიძეს. თუ ჰგონიათ, რომ სამარადჟამოდ შერჩათ ეს ყველაფერი, ძალიან ცდებიან. ჩემს მთავარ მიზანს მივაღწიე - საზოგადოებას ვუთხარი სინამდვილეში ვინ არის ეს ხალხი. მათ ბედს რომ წყვეტენ, სინამდვილეში ვინ არიან ეს ქალები", - განაცხადა ელისაშვილმა.

რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის პროკურატურის დასკვნა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "მე იმდენი რამ მაქვს ნანახი, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პროკურატურა ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს და გაგვივლია ეს ჩვენ. ყოფილა შემთხვევაც, როდესაც მეორე მხარე იყო არასწორი.

"რთულია შეფასების გაკეთება იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის კურსში, კარგად უნდა ვიცოდეთ პროკურატურის ყველა მასალა. შეიძლება ვიღაცას არ აწყობს, რომ საქმე ისე წარმართოს, როგორც ალეკო ელისაშვილს აწყობს, შეიძლება პირიქითაც იყოს. აქ ალბათ გარკვეულ სტრუქტურებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა და გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, არავინ არაფერს გვეკითხება."

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "მე მინდა ვიფიქრო, რომ პროკურატურა წესიერად აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ალეკოს ინტერვიუც მოვისმინე, სადაც ამბობდა, რომ მე მაქვს დამადასტურებელი საბუთებიო. მაშინ გამოუქვეყნოს და დაუდოს ცხვირწინ. ოღონდ თავად დადოს, ტელეფონი კი არ დაუტოვოს. რაღაც დამცავი მექანიზმი ხომ უნდა ჰქონდეს თავისივე თავის დასაცავად და გასამართლებლად.

"ორივე მხარისთვის ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომ შელამაზების გარეშე სჭირდება ამას დამტკიცება."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "მე არ მაქვს უფლება, რომ პროკურატურის დასკვნაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ არჩევნების წინ ასეთი ურთიერთბრალდება და დაპირისპირება მიმდინარეობს. პროკურატურის დასკვნაში ეჭვი რომ შევიტანო, რაღაც საბუთი უნდა მქონდეს, მაგრამ მე ამ თემით არც დავინტერესებულვარ, იმდენად აბსურდულად მიმაჩნია. ბატონ ელისაშვილს მანამადე უნდა ეთქვა, სანამ განაწყენდებოდა და ვისაც საჭიროა იმასაც მანამდე უნდა ემოქმედა. გაუგებარი ამბავია."

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  "პროკურატურას აქამდე თუ ვედნობოდით?! მე, როგორც იურისტი, ვენდობი პროკურატურის დასკვნას. რომ არ ვენდო, ამის საფუძველი არ მაქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×