თიკო ოსმანოვა
21.03.2016

 "ფარული ჩანაწერების საქმის გახსნასთან დაკავშირებით არ მაქვს არავითარი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელი პირების მართლაც მტკიცე პოლიტიკურ ნებაში, რომ საქმე გამოძიებული იყოს. მაგრამ ხელისუფლება არ არის ერთსახოვანი და არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპეტენტური ორგანოები სრულად ემორჩილებოდნენ ხელისუფლების უმაღლესი პირების ნებას და პრინციპულ პოზიციას", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი.

მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ფარულ ჩანაწერებზე "მთელი კვირა" ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

ალექსი პეტრიაშვილი: თავდასხმის დღეს სასაფლაოზე დამოუკიდებლად მივედი. შემდეგ, შუადღეს ზურგიდან მოხდა ჩემზე თავდასხმა. როგორც უკვე შემდგომ ჩხუბის დროს აღმოვაჩინე საკმაოდ ძლიერი ფიზიკური აღნაგობის მამაკაცს ეკავა ჩაქუჩი, რომელსაც გამეტებით მირტყამდა სახის, საფეთქლის არეში და მერე ფეხების მიმართულებით.

მას ახლდა ასევე მეორე პირი, რომელიც ბეისბოლის ჯოხით ახორციელებდა თავდასხმას და შემდეგ ახლო მანძილიდან განხორციელდა გასროლა. მომხვდა 5 ტყვია და ჯამში 16 ჭრილობა მივიღე.

"მთელი კვირა" თქვენზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან რა ურთიერთობა გქონდათ, იცნობდით თუ არა მას?

ა.პ.: წარმოდგენა არ მაქვს. არცერთ ეტაპზე მასთან არანაირი შეხება არ მქონია. განსხვავებული პროფილის ადამიანია, ის სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ რა ცხოვრებითაც არ უნდა ცხოვრობდეს, მასთან არცერთ ეტაპზე შეხება არ მქონია. ყველაფერი გამოგინილია, რაღაც ისტორიის შექმნის მცდელობაა, რომ სიმართლე დაიმალოს.

ამ ყველაფრის უკან აუცილებლად დგას დამკვეთი და ეს არის დამკვეთის და მეორე თავდასხმელის ვინაობის დამალვის მცდელობა. ამიტომ გაისმის ბრალდებულის მხრიდან რაღაც აბსორდული ვერსია. თუმცა, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს, იმიტომ, რომ არის უამრავი თვითმხილველი, რომ ჩემს ცემაში ასევე მონაწილეობდა მეორე პირი, რომელიც ახორციელებდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს.

"მ.კ.": მოტივს რაც შეეხება, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ა.პ.: ნამდვილად ვერ გეტყვით. როგორც იცით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. დამჭირდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია. ერთსულოვნებაა ექიმებში, რომ რეალურად ეს იყო სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და სასწაულებრივად გადავრჩი, ტყვიები აცდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს. თუმცა, ერთი ტყვია, რომელიც დამრჩა ორგანიზმში, ძალიან ახლოს იყოს თირკმელებთან.

რაც შეეხება მოტივს, ეს უკვე გამოძიების საქმეა. გამოძიებასთან პირველივე საათებიდან აქტიურად ვთანამშრმლობ, შინაგან საქმეთა საგამოძიებო ჯგუფი აქტიურად მუშაობს მტკიცებულებების შეგროვებაზე, მაგრამ გაკვირველი ვარ ზოგიერთი პოლიტიკოსის საქციელით, პირველივე საათებში რაღაც კონკრეტულ ვერსიებზე რომ საუბრობდნენ. თითქოს მათ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ და თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვაშიც კი მონაწილეობდნენ. თანაც მათი და თავდამსხმელის ყოფილი მეუღლის იუნა შაფათავას აზრები უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს.

"მ.კ.": ამ თავდასხმამდე ხომ არ ყოფილა მუქარა ან თვალთვალი?

ა.პ.: არავითარი მუქარა არ ყოფილა. თვალთვალი სხვა თემაა, ეს კიდევ ცალკე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩემი და ჩემი მეუღლის ეკა მიშველაძის მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი 2014 წლის დეკემბერში და 2015 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ოპოზიციაში გადავედი. სწორედ მაშინ გვქონდა აქტიური ურთიერთობა მე და ეკას და არა მანამდე. კონკრეტულმა პირმა ეკას წარმოუდგინა მთელი ტომეული ჩემი და ეკას "ვაიბერ" მიმოწერის და საუბრის გაშიფვრის. ასევე აცნობა, რომ არსებობს ვიდეოები და უამრავი მასალა ეკასთან ერთად გადაღებული. ამის შემდეგ ბუნებრივია არავითარი კითხვის ნიშანი არ დამრჩა, რომ სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ ჩემზე უკანონო თვალთვალს, რაც ყოვლად დაუშვებელია და ამას ერთად უნდა აღვუდგეთ მთელი საზოგადოება.

"მ.კ.": ანუ ფარულ ჩაწერასა და მოსმენას "ოცნების" ხელისუფლებაც ახორციელებს?

ა.პ.: დიახ, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა. არადა, "თავისუფალი დემოკრატების" და მთელი საზოგადოების ერთ-ერთი პრეტენზიები წინა ხელისუფლების მიმართ სწორედ ფარული ჩანაწერები და შანტაჟი იყო. მაშინ სხვადასხვა უწყების მთელი ჯგუფები მუშაობდა, მაგრაც რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მანკიერი პრაქტიკა შენარჩუნებულია

ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ახორციელებდნენ უკანონო მოსმენებს და შანტაჟს, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უწყებებში ჯერ კიდევ წარმატებით მოღვაწეობენ.

"მ.კ.": ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც თქვენს მეუღლეს ეს ფარული ჩანაწერები აჩვენა?

ა.პ.: ეს არის კერძო პირი და სწორედ ამან გამოიწვია განსაკუთრებული გაკვირვება და აღშფოთება. ეს არ არის დაინტერესებული პირი, რომლის ხელშიც ეს ჩანაწერები მოხვდა. გამოძიება სწორედ ამ მიმართულებითაც უნდა წავიდეს, თუკი მართლაც არსებობს რეალურად ნება, რომ საქმე ბოლომდე გამოძიებული იყოს.

თვალთვალი და მიყურადება ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ ის, რომ ეს კერძო პირის ხელში ხვდება - ეს კიდევ მეორე უბედურებაა და ამას სერიოზული გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა სჭირდება.

"მ.კ.": და თქვენი აზრით, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ფარული ჩანაწერების საქმე გაიხსნას, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი თქვენი თანაგუნდელიც გახდა, რამდენიმე ადამიანს კი აშანტაჟებენ?

ა.პ.: "იუთუბზე" გავრცელებულ კადრებთან მიმართებაში ვადევნებთ თვალყურს, რომ თითქოს, რაღაც ჯგუფია დაკავებული, მაგრამ რამდენადაც ვხდები, ამ ადამიანებს ატვირთულ ვიდეოებთან შეხება არ ჰქონიათ.

აქ რეალურად იმის დემონსტრირებაა, რომ თითქოს ძალიან ოპერატიულად იმუშავეს და ცხელ კვალზე გახსეს საქმე. ეს არის საზოგადოებისთვის თვალის ახვევის და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მცდელობა.

არ მაქვს იმედი, რომ საქართველოს პროკურატურა შეძლებს და გამოავლენს რეალურად მანიაკალურ დამნაშავეს, რომელმაც განახორციელა მორალური ტერორის აქტი არა ერთი კონკრეტული, ან რამდენიმე პირის, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ.

"მ.კ.": რატომ არ გაქვთ იმედი - რთულია ამ საქმის გახსნა, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს?

ა.პ.: მინდა ერთი რამ ხაზგასმით აღვნიშნო - საქმის გახსნა, აღკვეთა და მისი პრევენცია სახელმწიფოს და ხელისუფლების ვალდებულებაა. არ მაქვს არავითარი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელი პირების მართლაც მტკიცე პოლიტიკურ ნებაში, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს. მაგრამ ხელისუფლება არ არის ერთსახოვანი და არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპეტენტური ორგანოები სრულად ემორჩილებოდნენ ხელისუფლების უმაღლესი პირების ნებას და პრინციპულ პოზიციას. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებ რეალისტურია, რომ ეს საქმე გაიხსნას.

"მ.კ.": ბიზნესმენ სოსო დოლიძესთან რა ურთიერთობა გაქვთ?

ა.პ.: არავითარი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ მე მასთან რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა, თუმცა ის ვნახე და გავიცანი წლების წინ ლევან მიქელაძის მეშვეობით, მაშინ, როდესაც მე ვიყავი თურქმენეთში ელჩი. ამის შემდეგ სულ ორჯერ თუ საჯმერ მქონდა მასთან შეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×