გასულ კვირას, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხილვისას ცალსახად აღინიშნა მიღწეული პროგრესი. მომავლ არჩევნებთან მიმართებაში ევროკავშირი მოელის, რომ მთავრობა უზრუნველყოფს ურთიერთპატივისცემის ინკლუზიურ ატმოსფეროს და წარმოაჩენს პოლიტიკური სისტემის სიმწიფეს.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ქართული დელეგაციის პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ წარადგინეს, თავისი პოზიცია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა გამოხატეს.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას მაიერ-ჰართინგმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვისას შარშან განსაზღვრული იქნა ახალი გზები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ახალი პოლიტიკის მთავარ პრინციპს წარმოადგენს დიფერენციაცია, რადგან თითოეული პარტნიორი უნიკალურია თავისთავად.
"საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვყავს პარტნიორი, რომელიც დიდი ამბიციით ისწრაფვის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ. ნოემბერში, ევროკავშირ-საქართველის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომაზე ჩვენ აღვნიშნეთ სასამართლო რეფორმების იმპლემენტაციაში მიღწეული პროგრესი", - განაცხადა მაღალი რანგის ჩინოვნიკმა.
მისი აზრით, 2016 წელი კრიტიკული წელია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამეტო არჩევნებით და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ურთიერთპატივისცემის ინკლუზიური ატმოსფერო, რათა შესაძლებელი იყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
თომას მაიერ-ჰართინგმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმები და ამან გამოიღო შედეგი გასული წლის დეკემბერში ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის სახით. ამ საკითხის გადაწყვეტა ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ხელშია.
თომას მაიერ-ჰართინგის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო კანონის უზენაესობისა და სასამართლო თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მის წევრებზე ნებისმიერი ზეწოლა მიუღებელია და ზეწოლის ინციდენტები მოითხოვს გამოძიებას.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი გულისყურით დააკვირდება ცნობილი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეებს და მოუწოდებს მთავრობას, პატივი სცეს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, რათა გამოირიცხოს მართლმსაჯულების პოლიტიზების რაიმე შეგრძნებაც კი.
"ჩემს მიზანს არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტული საქმის განხილვა, მაგრამ ზოგადად კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა პრაქტიკაში უნდა იქნეს გამოყენებული.
"ჩვენს სინანულს იწვევს საიდუმლოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ასევე წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და მივესალმებით ქართული საზოგადოების ცალსახა აღშფოთებას," - პირდაპირ განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ ასევე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო არჩევნებზე.
"ახლა საქართველო იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში და ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დაგვანახებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის სიმწიფეს. უკიდურესად პოლიტიზებულმა, პოლარიზებულმა გარემომ არ უნდა გაანადგუროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მეორე არჩევნები, რომელიც შეიძლება განხილული იქნეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. წინსვლისათვის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს," - აღნიშნა ფრაქცია "მწვანეები და ევროპის თავისუფალი ალიანსის" ვიცე-პრეზიდენტმა
ჰეიდი ჰაუტალას აზრით, დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, შეძლებენ თუ არა საქართველოში არსებული პროევროპული ძალები გაერთიანებას.
"ევრონესტის" გადმოსახედიდან, მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველა პროევროპული ძალის ერთობლივ ბრძოლას ასოცირების პროცესში. ამასთანავე, ოპოზიცია აუცილებლად უნდა იქნეს ჩართული მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრილი იქნეს დარჩენილი ინტერესთა კონფლიქტები საზოგადოებაში, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და პოლიტიკურ პარტიათა დამოუკიდებლობა.
"ჩვენ მოვისმინეთ დეტალური ანგარიში სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ და მინდა მჯეროდეს რომ მიღწეულია მყარი პროგრესი", - განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის სამხრეთ კავკასიის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე ჰანუ ტაკულამ აღნიშნა, რომ 2015 წლის სექტემბერში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან უკვე წელიწადნახევარია გასული და შედეგად გვაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდა.
"ჩვენ ვაღიარებთ ქართული მხარის მტკიცე ერთგულებასა და მის მიერ გაწეულ ძალისხმევას კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საქმეში შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად, განსაკუთრებით შეზღუდული ფინანსური სახსრებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების პირობებში," - განაცხადა პარლამენტარმა.
მისი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უფრო სწრაფ გადაჭრას მოითხოვს, არის საკვების უვნებლობა, სანიტარია და ფიტოსანიტარია, რასაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგანაც ეს ხელს უშლის შეთანხმებიდან გამომდინარე ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს.
"შესასრულებელი მოთხოვნები ერთნაირია ევროკავშირის ყველა სავაჭრო პარტნიორის მიმართ, რათა გარანტირებული იყოს მომხმარებელთა უსაფრთხოება," - ხაზი გაუსვა მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარემ.
"თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ეხმარება ორივე მხარეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ამაღლებაში და განსაკუთრებით ახალ შესაძლებლობებს უქმნის მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთათვის განსაკუთრებით ძნელია სავაჭრო ბარიერების გადალახვა.
"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო საჭირო საკანონმდებლო რეფორმების გზაზეა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია საქართველის ინოვაციური ელექტრონული შესყიდვების სისტემა.
"ევროკავშირი მხარში უდგას და კვლავაც გაუწევს საქართველოს ფინანსურ დახმარებას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახლახან ხელმოწერილი შეთანხმება ტექნიკური თანამშრომლობის ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 14 მილიონი ევროს გამოყოფას 2020 წლამდე," - განაცხადა შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა ჰანუ ტაკულამ.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილმა შეხვედრის შემდეგ ცალსახად აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული იყო კმაყოფილება იმის გამო, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების იმპლემენტაცია ხორციელდება, თანამშრომლობა არის, ამასთან, არა მარტო ხელისუფლებას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ამ კონტექსტში შეფასება დადებითია.
"მაგრამ ხაზგასმული იყო ის მიმართულებები, სადაც არის სირთულეები, მაგალითად ეს ეხება სასამართლო რეფორმას, რომელიც ჯერ არ მიმდინარეობს ისეთი ტემპით, როგორც საჭიროა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ პროცესში დაშვებული შეცდომები იქნება გამოსწორებული.
ასევე ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის აუცილებლობას," - აღნიშნა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამ პროცესს განიხილავს, როგორც აუცილებელს საქართველოს სათანადო პროგრესის მისაღწევად.
"წარმოუდგენელია, რომ ასეთი მოცულობის სამუშაოს მარტო გავუძღვეთ, ძალიან გამოცდილი რჩევის და ასევე ქვეყნის შიგნით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ამას ემსახურება ის განხილვები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რომელიც საქართველოში იმართება. ამას ემსახურება მონიტორინგი.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპული მხარე ინფორმირებული იყოს იმ პროცესის შესახებ, რასაც გავივლით და, მეორე მხრივ, მივიღოთ რეკომენდაციები, რათა ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხი იყოს სულ უფრო მაღალი.
"ჩვენ მოვისმინეთ იმ მიმართულებების შესახებ, რომელზეც ევროპული მხარე საჭიროდ თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ მეტი ყურადღება მიაქციოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ეს რეკომენდაცია," - განუცხადა "მთელ კვირას" სახელმწიფო მინისტრმა.
"ჩვენთვის თავისთავად პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი საზოგადოება უფრო ევროპული ხდება სწორედ იმ რეფორმებით და იმ კარგი პრაქტიკის დანერგვით, რომელსაც ყოველდღიურად ვახორციელებთ. ამ პროცესში ჩვენ გვერდით დგას ევროკავშირი, როგორც ფინანსურად, როგორც ტექნიკური დახმარებით, ასევე ასეთი რეკომენდაციებით.
"საქართველო იყო პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელმაც ჩართო სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს პლატფორმა ამ პროცესში. უფრო მეტიც, პლატფორმის გარდა, რომელსაც პირდაპირ ევალება მონიტორინგი და ჩართულობა, ჩვენ სხვა ჯგუფებთანაც ვთანამშრომლობთ, არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებთანაც.
"ჩვენ ყოველწლიურად ვხვეწთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხს. არასამთავრო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კუთხით მივესალმები იმ პროგრესს, რომელიც ფორუმს გააჩნია ასოცირების პლატფორმის ჩამოყალიბების გზაზე და მოუთმენლად ველით როდის დასრულდება ჩამოყალიბება და უფრო აქტიურად ჩაერთვება ასოცირების შეთანხმების მონიტორინგის პროცესში," - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა ერთხმად აღნიშნეს და დაადასტურეს ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია.
"ეს არ დაწყებულა გუშინ ან გუშინწინ, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც მონაწილეობდნენ მთავრობები, არა მარტო დღევანდელი. მაგრად ახლა მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, სწორედ მან უნდა განახორციელოს ეს მეტად კომპლექსური რეფორმების პროგრამა.
"დღეს შეხვედრაზე ერთხმად დაადასტურეს, რომ საქართველო მიიწევს წინ, ასრულებს დასახულ გეგმას. საქართველოს დახასიათებისას გამოყენებული იყო სიტყვა "ერთგულება". მოგეხსენებათ, ერთია გქონდეს სურვილი გახდე ევროკავშირის წევრი და იყო რომელიმე ქვეყანა, მაგალითად ჩეხეთი, რომელიც შუაგულ ევროპაშია და სულ სხვა გეოგრაფია აქვს და მეორე - იყო ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელიც სულ სხვა სამეზობლოშია და ამის გამო შეიძლება საქართველოს დასჯის სურვილი გაუჩნდეს ერთ-ერთ ჩვენს მეზობელს. აქედან გამომდინარე ეს ერთგულება, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, თაობებს, მოქალაქეებს, რაც მთავარია საზოგადოებას, ასევე მთავრობას, პარლამენტს გააჩნია ეს დასაფასებელია და ამის შესახებ ცალსახად ითქვა კიდეც," - განაცხადა პარლამენტარმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, საერთოდ, ევროკავშირთან ურთიერთობის პაკეტი არ ეხება მხოლოდ პარლამენტს, მთავრობას.
მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება აქტიური იყოს საზოგადოების ჩართულობა, რადგან მთელი პროექტების შესრულების ტვირთი, სიმძიმე გადავა რიგით მოქალაქეებზე, მათ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რადგან მათი ყოფა, ყოველდღიური ცხოვრება უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ.