იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შეძენით საქართველოში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია დაინტერესებული, რომელიც მზად არის, რამდენიმე მილიონი გადაიხადოს. მართალია, პირდაპირ ამ ბიზნესმენის ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ირიბად საუბარია იმაზე, რომ იგი შეიძლება ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყოს.
"იერუსალიმთან ურთიერთობის 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თუკი რამე ვნებს ამ საკითხს, ეს საზოგადოებაში ინფორმაციის გაშვებაა", - აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.
მას ასეთ მოლაპარაკებაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ სხვადასხვა კერძო პირების და კერძო პირთა ჯგუფების მხრიდან წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის მცდელობა, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, რა სპეციფიკაა და როგორ გააკეთოს ეს საქმე და ამ საკითხში ფული, რაც უნდა დიდ თანხაზე იყოს საუბარი, მაინც მეათეხარისხოვანია.
ქართველი ბიზნესმენის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შეძენაზე ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს, მაგრამ სააგენტო ვერ აკონკრეტებს, ეს არის მხოლოდ სურვილის დონეზე, რაც ათეული წლების განმავლობაში არაერთი ყოფილა, თუ ბერძნულ და ებრაულ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე რაღაც ეტაპზე არის მისული.
ლაშა ჟვანიას თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯვრის მონასტრის საკითხი იქითა მხრიდან მარტო ერთი რგოლის გადასაწყვეტი არ არის.
ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს იერუსალიმის საპატრიარქომ, ისრაელის სახელმწიფომ, პალესტინის ავტონომიამ, იორდანიის სახელმწიფომ და საბერძნეთმა. ამდენ უწყებასთან კონსენსუსის მიღწევა კი რთულია.
საკითხის საქართველოსთვის დადებითად გადასაჭრელად პრობლემას ქმნის ისიც, რომ ჯვრის მონასტერი არ არის ერთი რიგითი ნაგებობა. ის იერუსალიმის ძალიან პრესტიჟულ და ცენტრალურ უბანში მდებარეობს, ისრაელის პარლამენტის გვერდით და ამ გეოგრაფიული მდებარეობის გამოც, იერუსალიმის საპატრიარქოსა თუ ისრაელის სახელმწიფოსთვის მონასტრის სხვა ქვეყნის ეკლესიისთვის გადაცემა მაინცდამაინც მისაღები არ არის.
თანაც, ქნესეთის შენობაც, ისევე როგორც ისრაელის მუზეუმი, ჯვრის მონასტრის კუთვნილ ტერიტორიაზეა აშენებული. ჯამში მონასტრის კუთვნილი 60 ჰექტარი მიწა, მთელი ერთი უბნის ტერიტორია, იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ 1952 წლიდან 99-წლიანი იჯარით ისრაელის სახელმწიფოზეა გადაცემული.
ასევე პრობლემად რჩება კიდევ ერთი საკითხი - გამოსყიდვის შემთხვევაში ჯვრის მონასტერი გადავა თუ არა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში და იერუსალიმის საპატრიარქო დართავს თუ არა ნებას ქართველ ბერ-მონაზვნებს, წირვა-ლოცვა ქართულად აღავლინონ.
პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაზე არაფერი სმენია. ამ თემაზე 4 წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, თუმცა მაშინაც საპატრიარქომ ინფორმაცია იერუსალიმის საპატრიარქოში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას საერთოდ მოლაპარაკებაც კი არ ჰქონდა დაწყებული ბერძნულ მხარესთან და ეს მხოლოდ საპიაროდ აგორებული თემა იყო.
"საერთოდ, ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან მეეჭვება ასეთი რამ მოხდეს, იმიტომ, რომ ასეთ პრეცედენტს ბერძნები არ დაუშვებენ. 4 წლის წინ იყო ეს თემა აგორებული. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოსდა უკვე მოლაპარაკებები მიდიოდა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს რეალური არ იყო.
"მანამდეც იყო საუბარი, ბადრი პატარკაციშვილზე საუბრობდნენ თითქოს და იმ დროსაც ეს თემა გაზვიადებული იყო. შეიძლება ვიღაცას მართლა გულწრფელად გასჩენოდა ამის სურვილი, მაგრამ იერუსალიმში პრეცედენტი არ ყოფილა, რომ მონასტერი გადასცენ სხვა ეკლესიას, ან გაყიდონ," - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.
მისი თქმით, ბერძნები არ უარყოფენ, რომ ჯვრის მონასტერი ქართველების დაარსებულია, მაგრამ ახლა იქ ქართველი ბერები არ მსახურობენ, ის იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილებაშია და წირვა-ლოცვა ბერძნულად ტარდება.
ამბობს იმასაც, რომ საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც ჯვრის მონასტერი ბერძნების კუთვნილებაშია და "იმდენი რამ გაკეთდა მონასტერში, ბერძნულმა მხარემ მარტო შენახვის გადასახადი რომ მოითხოვოს, შეიძლება ისეთ თანხაზე დაიწყოს საუბარი, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოს".
"კარგია კარგი იდეები, მაგრამ ამ პერიოდში, რაც მე ინფორმაციები მაქვს, ამის რეალურ შანსს ვერ ვხედავ. თუმცა, შეიძლება სწორედ მაშინ, როდესაც არ მჯერა, მოხდეს ეს სასწაული," - დასძენს მამა მიქაელ ბოტკოველი.
ქართველთა ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ქართველმა მოღვაწე გიორგი-პროხორე შავთელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით ყ| საუკუნის 30-50-იან წლებში დააარსა. გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც ქრისტე აცვეს.
ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. ყქ|| საუკუნის დასასრულს ქართველთა გავლენა პალესტინაში თანდათან შესუსტდა. ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა.
აქ დაცულია შოთა რუსთაველის ფრესკა, რომელიც რამდენჯერმე დააზიანეს. 2004 წელს დაუდგენელმა პირებმა გამოსახულებას სახე გადაუფხიკეს. თუმცა, ამჟამად ფრესკა რესტავრირებულია. მონასტრის მიმდებარე რუსთაველის ქუჩაზე ასევე არის პოეტის ბარელიეფიც.
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის მცდელობა ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ვერ მოხერხდა და მისი აზრით, ვერც მოხერხდება. თვლის, რომ ამის განხორციელება არარეალურია და სხვადახვა პირები სხვადასხვა დროს ამ თემას პოპულისტური მოსაზრებებით იყენებდნენ.
"ვინც ამ თემაში ჩახედულია, იცის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ არ იყიდება და რომც გაიყიდოს, ფანტასტიკურ ფასზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
"გარდა ამისა, ეს მონასტერი ორმაგი დაქვემდებარებისაა - საბერძნეთის ეკლესიის და ისრაელის მთავრობის. ძალიან რთული თემაა.
"ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა სურვილი მოლაპარაკების. სხვადასხვა ვარიანტებზე იყო საუბარი, მარტო ყიდვაზე კი არა, არამედ იმაზე მაინც, რომ რაღაც პერიოდში ქართველებისთვის ქადაგების უფლება რომ მიეცათ. თუმცა, არაფერი გამოვიდა.
"ჯვრის მონასტერი არ არის ერთი რიგითი ეკლესია სადღაც, ის იერუსალიმის ცენტრშია, ქნესეთის გვერდით და თუნდაც ამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო რთული თემაა. მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ მისი გამოსყიდვა შესაძლებელია და ვთვლი, რომ ვიღაცები პოპულიზმისთვის, საკუთარი პრომოუშენისთვის ამ თემის აქტივიზაციას დროდადრო იყენებენ,"- მიიჩნევს ხუხაშვილი.
ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩის ლაშა ჟვანიას თქმით, ახლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად არ აყენებს ამ საკითხს, რადგან საკითხი დაყენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პატრიარქი ისრაელში ვიზიტად იმყოფებოდა და ამ საკითხის დაყენებას აქტუალობა არასდროს დაუკარგავს.
"მერე რა, რომ 30 წელი გავიდა. საქართველოს ეკლესიას იმის შემდეგ არასდროს უთქვამს, რომ აღარ ვითხოვთ. ეს საკითხი ღიაა. იმ დროს არც უარი თქმულა და არც თანხმობა," - აცხადებს ჟვანია.
მისი თქმით, იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის 1706 წლის ანდერძში წერია, რომ როდესაც წმინდა მიწაზე ივერიელები დაბრუნდებიან, მათ მონასტერზე თავიანთი იურისდიქცია სრულად უნდა განახორციელონ, თუმცა, იურისდიქციის აღდგენა ჯერ ისევ მიუღწეველია და ძალიან რთული.
ლაშა ჟვანია: "მიუხედავად იმისა, რომ ჯვრის მონასტრის იურიდიული მფლობელი დღეს იერუსალიმის საპატრიარქოა, ამის გარდა იქ არის ისრაელის სახელმწიფო, პალენსტინის ავტონომია, ასევე იორდანიის სახელმწიფო, რომელსაც 1948 წელს ხელმოწერილი სტატუს-კვოს თანახმად იერუსალიმის საპატრიარქოზე აქვს უფლება, ის არის პატრონი და უძრავი ქონების გაცვლა-გამოცვლას, გაყიდვას თუ გაქირავებას სპეციფიკურად აკონტროლებს.
"კიდევ ერთი დამატებითი რგოლი, ეს არის საბერძნეთი. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის მთავრობა ხშირად ამბობს, არ ვერევი იერუსალიმის საპატრიარქოს საქმეებშიო, ფაქტია ის, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს მომსახურე სასულიერო პირებს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უხდის ხელფასს.
"რა თქმა უნდა, ძირითადი მაინც იერუსალიმის საპატრიარქოს ნება და სინოდის გადაწყვეტილებაა. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ რაიმე პროცესები მიდის. გეუბნებით იმას, რაც შეიძლება მოხდეს და ამ საქმეში რა რგოლები შეიძლება იყოს ჩართული. ასე რომ, ეს არ არის მარტივი პროცესი. თემას აზიანებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ინფორმაციის გავრცელება".
მისი თქმით, იერუსალიმში საქართველოს მსგავსად სხვა დენომინაციებიც აყენებენ შენობა-ნაგებობების კუთვნილების საკითხს და ყოველწლიურად კუთვნილებასთან დაკავშირებით ლამის ხოცვა-ჟლეტაა გამართული. მართლმადიდებლები ნაკლებად, თუმცა წმინდა მიწაზეც და მსოფლიოშიც არის შემთხვევები, როდესაც სხვა დენომინაციები ყიდიან ტაძრებს და ფინანსურად ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაც შესაძლებელია, მეორე მხრიდან სურვილი რომ იყოს.
ლაშა ჟვანია: "აქ მთავარი არ არის მარტო შენობის დაბრუნება, არამედ კიდევ ერთი - საეკლესიო იურისდიქცია ვისი იქნება, მონასტერში მომსახურე სასულიერო პირები იქნებიან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, თუ ისევ იერუსალიმის იურისდიქციაში. ბერ-მონაზვნებს ექნებათ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლის სტატუსი, თუ ისინი იქნებიან საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ტაძარში, მაგრამ იერუსალიმის ეკლესიის დაქვემდებარებაში. ეს ყველაფერი ორ ეკლესიას შორის გადასაწყვეტი საკითხია და ეს ხანგრძლივი პროცესია, იმდენად ხანგრძლივი, რომ კონსენსუსის მიღწევას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს. თუმცა, ასევე შესაძლებელია, უცბადაც გადაწყდეს".
ჟვანიას განცხადებით, კეთილი სურვილი შესაძლოა ბევრს ჰქონდეს, მაგრამ საკითხის სწორად დაყენება და სწორ კარზე მიკაკუნება ვერ შეძლოს.
"სურვილები შუამავლების მეშვეობით ბევრი ყოფილა. ბევრი არასერიოზული, ბევრი არაკეთილსინდისიერიც. თუმცა, ახლა ამ თემის გავრცელებაზე შემიძლია ჩემი განცდა გითხრათ - ეს უფრო ანგაჟირებას, ვიღაცის მიამიტური სურვილის გაჟღერებას ჰგავს, ვიდრე საქმეზე სერიოზულად ხელის მოკიდებას.
"სერიოზულად ხელის მომკიდე ადამიანი ამას არ გააჟღერებდა. თუკი ინფორმაციამ გამოჟონა, ეს ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში არასანდო და არასერიოზული ადამიანია. თუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით სუსტი წერტილი არის, იქ ამ საკითხის მარცხის სერიოზული საფრთხეა და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ წუხილის გამოთქმა შემიძლია", - ამბობს ჟვანია და დასძენს, რომ საქართველოში ანგაჟირების გარეშე საქმის გამკეთებელ ერთ კაცს იცნობს და ეს ბიძინა ივანიშვილია, თუმცა, არ ფლობს ინფორმაცის და რომც ფლობდეს არ გაასაჯაროვებდა, რომ ივანიშვილის მხრიდან ჯვრის მონასტერზე მოლაპარაკება მიდის.