სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას მოუწოდა.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ ღმერთის გარდა, ფიზიკურ სამყაროში უვადო არაფერია.
"ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი.
"ესა თუ ის პატიმარი თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და აკეთებს სიკეთეს, მას შესაძლებელია შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა", - ბრძანა პატრიარმა, რომელმაც დასძინა, რომ ის უვადო პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულებსაც შეხვდა.
"მე მქონდა მათთან შეხვედრა, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ, ამიტომ ჩვენმა პარლამენტმა და ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს", - განაცხადა ილია მეორემ.
როგორ ფიქრობთ, გადასახედია თუ არა უვადო პატიმრობის წესი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ალბათ, მართლაც გადასახედია იმიტომ, რომ ყველა პატიმრის შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავებულია. კანონმდებლობაში რაღაც უნდა შეიცვალოს, დაწესებული იყოს თუნდაც მაქსიმალური ვადა. უვადო იგივე სიკვდილის ტოლფასია."
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "რთულია პასუხის გაცემა, უვადო ძალიან მკაცრი სასჯელია, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანს რომ კლავენ?! - ალბათ გამოცდილი ქვეყნებიდან უნდა ავიღოთ მაგალითი."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "პატრიარქი მართალს ბრძანებს, უვადო პატიმრობის წესი აუცილებლად უნდა გადაიხედოს. უვადო პატიმრობა გულისხმობს, რომ ამ ადამიანის აღზრდა არ შეიძლება და მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატაროს, მაშინ რისთვის არსებობს ციხე? და თუ ადამიანი ინანიებს და ციხეში წლების განმავლობაში კარგად იქცევა, რა თქმა უნდა, მას ვადა უნდა შეუმცირდეს. ამიტომ, სრულიად ვეთანმხები პატრიარს."
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი): "ჩვენ ადრეც გამოგვითქვამს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ისევე, როგორც ცივილიზებული ქვეყნების უმრავლესობაში, უვადო პატიმრობამისჯილ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ხანგრძლივვადიანი პატიმრობის შემდეგ მაინც გათავისუფლდებიან.
ამის უფლება მათ უნდა მიეცეთ სათანადო მოქცევის, თუ იგივე, მსხვერპლის ოჯახის თანხმობის (ესეც ერთ-ერთ კრიტერიუმად შეიძლება აირჩეს) შემთხვევაში. ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ ამ საკითზე საკუთარი პოზიცია გამოხატა პატრიარქმა და მოუწოდა ხელისუფლებას ამისკენ.
იმედია, ხელისუფლება ამ საკითხს ახლა მაინც შეხედავს სერიოზულად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამაზე უფლებადამცეველები დიდი ხანია ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ხელისუფლებას რეალური ნაბიჯები დღემდე არ გადაუდგამს."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "უვადო პატიმრები ყველაზე მეტად არიან დაჩაგრულები. ამ ადამიანებს არ აქვთ მოტივაციაც კი, რომ უკეთესად მოიქცნენ, იყვნენ კანონმორჩილები, ჰქონდეთ იმედი იმისა, რომ ოდესმე მაინც დაუბუნდებიან საზოგადოებრივ ცხოვრებას.
ასეთი იმედგაცრუება, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, სახელმწიფომ არ უნდა გაუჩინოს. ვფიქრობ, შეიძლება ხელისუფლებამ გადახედოს ვადებს და სასჯელი მაქსიმალურად იყოს გაზრდილი, მაგრამ სამუდამო პატიმრობა არის ძალიან მძიმე.
ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რამდენიმე წლის მერე მაინც აქვს ცხოვრების გაგრძელების შანსი. ეს მას გაუჩენს მოტივაციას, იყოს უკეთესი მოქალაქე და იბრძოლოს იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა ქცევამ მისივე თავისუფლება დააჩქაროს. ვფიქრობ, ადამიანებისთვის ამ მოტივაციის წართმევა არასწორია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე