თაკო მათეშვილი
21.03.2016

 კოალიციის საარჩევნო სიით გამოჩნდება, თუ რა მიზანი დაისახა ხელისუფლებამ და რა უფრო პრიორიტეტულია მისთვის - მოკლე ვადაზე გათვლილი მმართველი პარტიის კეთილდღეობა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ინტერესების გატარება.

ეს ყველაფერი, პოლიტოლოგების აზრით, იმით გამოჩნდება, გაათავისუფლებს თუ არა ხელმძღვანელობა კოალიციას ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი განცხადებებით ხშირად უპირისპირდებიან სახელმწიფოს ოფიციალურ კურსსა თუ პოზიციას და თანაგუნდელებს.

ამბობენ რომ კოალიციის მათგან გათავისუფლება ქვეყანას წაადგება, თუმცა თავად "ოცნება", შესაძლოა, დაზარალდეს კიდეც, რადგან ამ ადამიანებს საზოგადოების გარკვეული, არცთუ მცირერიცხოვანი სეგმენტი უჭერს მხარს და მათ პოზიციებს იზიარებენ.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ პარტიის მუშაობა თავად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკრიტიკა და და გიორგი კვირიკაშვილს "ბებერი პოლიტიკური ნიანგების" სწრაფად ჩამოშორება ურჩია.

პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, თუ "ქართულ ოცნებაში" რადიკალური, ძირეული რეფორმები არ დაიწყება და პარტიაში ნორმალური, დემოკრატიული აზროვნების მქონე, გამოცდილი, განათლებული და წესიერი ადამიანები არ შევლენ, მას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება."ადამიანურად, პოლიტსაბჭოს ყველა წევრს პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ყველას თავისი დამსახურება შეიძლება ჰქონდეს. იქ არიან გამოცდილების მქონე და განათლებული ადამიანები, თუმცა საქართველოში ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდს და უარესს შორის და არა - კარგს და უკეთესს შორის. მე მინდა, რომ უახლოეს მომავალში "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი გააკეთოს კარგს და უკეთესს შორის, ეს არის საზოგადოების შეკვეთა", - აღნიშნა მან.

ჩვენი რესპონდენტები იმასაც აცხადებენ, რომ ბუნებრივია, სიების შედგენაში ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული და გადამწყვეტი ხმაც მისი იქნება. შესაბამისად, მათი აზრით, სია ნათელს ბევრ რამეს გახდის. პირველ რიგში კი იმას, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის - წინასაარჩევნოდ პოზიციების გამყარება თუ სიაში ისეთი ხალხის შეყვანა, რომლებიც პროდასავლურად აზროვნებენ, მაგრამ საზოგადოების ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობენ.

"ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი ამბობს, რომ კოალიციის გადახალისება აუცილებელია.

"თოფაძისა და ტყემალაძისნაირი ხალხი დროსა და სივრცეს არიან აცდენილები და ჩემთვის გაურკვეველია ის კრიტერიუმები, რომლითაც ისინი შეარჩიეს. ბუნებრივია, კოალიციის ასეთი ადამიანებისაგან განთავისუფლება პარტიის შემდგომ განვითარებაში მხოლოდ დადებით როლს ითამაშებს.

"ქართული ოცნება", ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ეცადოს განახლებას და მითუმეტეს, ასეთი ფიგურების ხარჯზე. ისინი არა მხოლოდ პარტიისთვის, ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს ხშირად აკეთებენ.

"თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ თოფაძეს, მეჭიაურს, ჯაჭვლიანს და ა.შ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს, რადგან მათ აზრს გამოხატავენ. სამწუხაროდ, არცთუ ცოტა ადამიანი ეთანხმება თოფაძის განცხადებებს სტალინზე და ა.შ. მაგრამ ამას ქვეყნის თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთან და დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.

"შესაძლოა, მათ კოალიციიდან წასვლით ამომრჩევლის გარკვეული ნაწილიც თან გაიყოლონ, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფომაც თავისი სახე უნდა აჩვენოს.

"როცა ეს ადამიანები ქვეყნისათვის საზიანო განცხადებებს აკეთებენ, მხოლოდ პარტიაზე არ უნდა იფიქრო. ასე რომ, "ოცნება" ასეთი ადამიანებისაგან უნდა განთავისუფლდეს, თუ უნდათ, რომ ეს პარტია მომავალში ნორმალურ ძალად ჩამოყალიბდეს", - აღნიშნავს კიკიანი და დასძენს, რომ თუ ასეთი ადამიანები კოალიციიიდან გაუშვეს, ე.ი. ქვეყნის მომავალზე მეტი იფიქრეს, ვიდრე პარტიისაზე, ხოლო თუ დატოვეს, ე.ი. პირიქით - მათთავის პრიორიტეტული პარტიის ბედი უფროა, ვიდრე ქვეყნისა.

მისივე თქმით, მართალია, თოფაძეს ჰყავს მხარდამჭერები, რადგან მის აზრს ზოგი იზიარებს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ევროატლანტიკურ კურსს უჭერს და ამიტომ, თუკი კოალიცია მათ გაუშვებს, კიკიანის აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები წაგებული აქვს. პირიქით, მისი თქმით, შესაძლოა, ეს მისთვის პოზიტიურიც კი აღმოჩნდეს.

კიკიანის, აზრით, კოალიციის ხელმძღვანელობა ვალდებულიცაა, ასე მოიქცეს, რადგან სახელმწიფოს ოფიციალური კურსი პროდასავლურია და ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან.

კოალიციის საარჩევნო სიის გადახალისება აუცილებელია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრითაც. მისი თქმით, საარჩევნი სია იქნება როგორც ივანიშვილისა და კოალიციის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრის ტესტი, ისე საზოგადოებისაც, რადგან თუკი აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანების კოალიციიდან წასვლით "ოცნება" არჩევნებში ხმებს დაკარგავს, აღმოჩნდება, რომ საზოგადოება დასავლური ღირებულებებისაგან ჯერ კიდევ შორსაა.

"ადამიანები, რომლებიც რადიკალური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოირჩევიან, ნორმალურ კანონშემოქმედებით საქმიანობას ვერ შეძლებენ. სიაში ისეთი პირები უნდა იყვნენ, რომლებსაც ეს შეუძლიათ, თუნდაც მათ საზოგადოება ნაკლებად იცნობდეს. მათი ბიოგრაფია საზოგადოებას შესაბამისად უნდა გააცნონ.

"დიდი შეცდომა იყო კოალიციაში ისეთი ადამიანების შეყვანა, რომელთაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონიათ. ხმაურიან განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ რამდენად კომპეტენტურები არიან, ეს სადავოა. მოსახლეობის ნაწილისთვის კი ზოგჯერ ამგვარი ფიგურებიც მისაღებია.

"სხვათა შორის სამი წლის წინ ირიბად ივანიშვილმაც გამოხატა ამაზე თავისი აზრი, როცა თქვა, უსუფაშვილმა პარლამენტში მსახიობებისა და სპორტსმენების ყოფნის გამო შემომჩივლა და მითხრა, რომ ისინი საქმეს არ აკეთებენო. ამით ივანიშვილის აზრიც გახდა ცნობილი - ამგვარი ადამიანების პარლამენტში ყოფნას არ მიესალმება. "ასე რომ, წესით და რიგით, 2016 წლის საარჩევნო სიაში ეს ადამიანები ვეღარ უნდა მოხვდნენ, შესაძლოა, სწორედ ამითაა გამოწვეული ის უპასუხისმგებლო განცხადებებიც, რაც ბოლო დროს მათი მხრიდან კეთდება. შესაძლოა, იციან, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში მაინც ვეღარ მოხვდებიან და ამიტომაც უპირისპირდებიან ასე ღიად თანაგუნდელებს. "როცა ამბობენ, რომ ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები გააყალბა, ან ხალხს ბერძენიშვილები უფრო სძულს, ვიდრე მურვან ყრუ, ეს ხომ თავად კოალიციას აყენებს დარტყმას და არა ვინმე სხვას", - ამბობს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×