გვანცა ღვედაშვილი
23.03.2016

გუშინ დილით ბრიუსელში ორი ტერაქტი განხორციელდა. პირველი აფეთქება აეროპორტში, მეორე კი მეტროს სადგურში მოხდა. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მათივე ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტერორისტული აქტები ანკარაში, სტამბულში, უფრო ადრე კი პარიზშიც მოხდა. აღნიშნულ ტერაქტებსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

რაც შეეხება საქართველოს, პოლიტოლოგთა და კონფლიქტოლოგთა თქმით, საქართველოში ტერორისტული აქტის საშიშრობა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა, აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

როგორც პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, საქართველოში მსგავსი ტერაქტის საშიშროება ნაკლებად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება სწორი გადაწყვეტილება იყო, საფრთხის მთლიანად აცილება მაინც წარმოუდგენელია, რადგან ჯერჯერობით უსაფრთხოების ის სისტემებიც, რაც სხვა ქვეყნებში უკვე ამოქმედებულია, ჩვენთან არაა შექმნილი. აეროპორტსა და ზოგიერთ სტრატეგიულ ადგილას შესაძლოა კონტროლის გამკაცრება, მაგრამ მთლიანობაში, ეს სისტემა დაუხვეწავია.

გრძნობთ თუ არა თავს ტერორიზმისგან დაცულად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? რომ ყოველ წუთს შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ჩვენ მათ საწინააღმდეგოდ შექმნილი არავითარი სისტემა არ გვაქვს და არ ვართ ორგანიზებული ამ საკითხში. ამის გამოცდილება ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება. არ ვიცი, გადიან თუ არა ტრენინგებს ან რაიმე მომზადებას... ამ ყველაფერს ხომ სპეციალური გადამზადება უნდა. არ ვიცი, თუ გადიან, გვითხრან და დაგვამშვიდონ.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ისეთ ქვეყანასა და ისეთ დედაქალაქში, სადაც ნატო-ს შტაბბინაა, მცხოვრები ადამიანები ვერ თვლიან თავს დაცულად, მე როგორ შემიძლია დაცულად ვიგრძნო თავი, ისეთი ქვეყნის დედაქალაქში, სადაც 30 კილომეტრში რუსულ საოკუპაციო ჯარი დგას და კიდევ კაცმა არ იცის, რამდენი ქვეყნის სპეც-სამსახურები დათარეშობს აქ?!

 

 ირმა სოხაძე (მუსიკოსი): როგორ შეიძლება ტერორიზმისგან დაცულად ვიგრძნო თავი, როცა ყველაზე მშვიდ ქალაქში ასეთი ამბები ხდება და ყველა სხვა ქალაქი არის ამ ტერორიზმის საფრთხის ქვეშ?! ძალიან სასოწარკვეთილი ვარ, რადგან ეს რაღაც დაუმარცხებელი ძალაა. ესენი არიან ფანატიკოსი, თავზე ხელაღებული კაციჭამიები და არაფერი არ არის წმინდა, გარდა იმ იდეოლოგიისა, რომ მათ შეუძლიათ ადამიანების დახოცვა და ნებისმიერი მსხვერპლის გაღება. მე არ ვიცი, რა გვეშველება, მე კი არა, მთელმა მსოფლიომ ვერაფერი მოიფიქრა მათ შესაჩერებლად და დაუცველად კი არა, ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომელიც ტერორისტულად საშიშია, ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, არაფერი მომხდარა, მაგრამ დაცულები ნამდვილად ვერ ვიქნებით. ის, რაც ხდება ევროპაში, იმიტომ ხდება, რომ ვერ დაანგრიეს ის სახელმწიფო, რომელიც ძალიან ვერაგია. რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება შეგვეხოს, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ღმერთმა დაგვიფაროს.

ევროპაში გაცილებით მაღალ დონეზეა უსაფრთხოების ნორმები, ტოტალური კონტროლია მიღებული და მაინც ვერ ხდება ტერორიზმის შეჩერება. ჩვენთან რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. ჯერჯერობით არაფერი ხდება და ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ მოხდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×