გვანცა ღვედაშვილი
24.03.2016

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავის ყოფილ თავმჯდომარესთან, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი "ქართული ოცნების წევრმა დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა. მისი თქმით, უცნობია, რა ფორმით ჩაერთვება ყოფილი პრემიერი პარტიის საქმიანობაში, თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას მიესალმება.

"ის არის ახალგაზრდა, გამოცდილი კაცი. საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს. ირაკლი საზოგადოებაში პოზიტიური სახეა და არის ჩვენი გუნდის წევრი, ამიტომ სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მან რაიმე კონკრეტული შეთავაზება მიიღოს," - განაცხადა ხუნდაძემ.

აქვს თუ არა შანსი ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში მნიშვნელოვან პოზიციაზე დაბრუნდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): პრაქტიკულად პირველი პირი იყო და ახლა პარტიაში რიგითი წევრობა როგორ გამოვა?! პარტიის რიგით წევრად მუშაობა, იმის ხელქვეითად, ვისი უფროსიც იყო სულ ცოტა ხნის წინ?.. მისი გადასაწყვეტია. სიმართლე გითხრათ, უმაღლეს პერსონად ვეღარ წარმომიდგენია და პარლამენტარად, რატომაც არა? მაგრამ, უმაღლეს ეშენოლებში პრემიერ-მინისტრის ან მინისტრის თანამდებობაზე ვერ წარმომიდგენია.

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  სასაცილოა ასეთი გადაწყვეტილება. ადამიანი პრემიერი იყო და გაუშვეს იმიტომ, რომ ვერ გაართვა თავი. გაუშვეს თუ წავიდა, ის არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. თუ მაშინ ვერ გაამართლა, ახლა რა უნდა გააკეთოს ან რა უნდა მოუტანოს ამ ნაბიჯმა "ქართულ ოცნებას", ჩემთვის გაუგებარია,

საზოგადოებაში ეს გარკვეულწილად სასაცილო იქნება. რჩება შთაბეჭდილება, რომ რას აკეთებენ, თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებულნი. ერთ დღეს უშვებენ ადამიანს, მეორე დღეს აბრუნებენ და პოლიტიკაში ეძახიან. ასეთი ქმედება საზოგადოების აბსულუტური უმრავლესობისთვის გაუგებარი იქნება.

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): რატომაც არა, ის ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია, გარდა ამისა მას არაფერი დაუშავებია, რომ უკან დაბრუნება და მუშაობა ვეღარ შეძლოს. შესაძლებელია სხვა პრობლემა ჰქონდა, დაიღალა და ამიტომ გადადგა, ახლა დაისვენა და დაბრუნდა ისევ პოლიტიკაში.

 

 

 გია ანჩბაძე  (ისტორიკოსი): ამაში გასაკვირი არაფერია, რომ კოსულტაციები გაიაროს. ის ხომ არ წასულა პარტიიდან, უბრალოდ, თანამდებობა დატოვა. ასე რომ, მოსალოდნელია გარკვეული თანამდებობა დაიკავოს. შესაძლებელია საარჩევნო სიაშიც ვიხილოთ, ამაში გასაკვირი არაფერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×