თაკო მათეშვილი
24.03.2016

 იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამტკიცებს, რომ პროკურატურა ცრუობს, როცა კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღებას წესების ცვლილებით ამართლებს და ამბობს, რომ რეალურად ინტერპოლმა იგი პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია.

მუხაშავრიას თქმით, პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ინტერპოლს დაუსაბუთებელ მასალას უგზავნიდა, რამაც ჯერ ადეიშვილისა და კეზერაშვილის, ახლა კი უკვე ახალაიას პოლიტიკურ დევნილად მიჩნევა და ძებნილთა სიიდან ამოღება გამოიწვია.

ცნობა ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა. მიზეზები პროკურატურამ მალევე განმარტა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები ახლებურად რეგულირდება.

"დავით ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტა განხორციელდა არა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რაც თავის მხრივ კრძალავს ძებნის წარმოებას დანაშაულის პოლიტიკური ხასიათის გამო, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დავით ახალაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი," - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ლია მუხაშავრია: ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ "ნაცმოძრაობა" ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებოდა და შედეგს მიაღწიეს კიდეც. საქმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ აღიძრა, ისეთი პროცესუალური და ფუნდამენტური დარღვევებით იყო სავსე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ანგარიშებში ჩაწერეს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. დარღვევები კი, ჩემი აზრით, განგებ იყო დაშვებული.

ამაზე მე ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს ვლაპარაკობდი. ეს საკითხი დაედო საფუძვლად იმასაც, რომ აქედან გაქცეულმა კრიმინალებმა უცხოეთის ქვეყნებში პოლიტიკურ თავშესაფარი მოითხოვეს და მიიღეს კიდეც. ეს სახელმწიფები კი მათ თავშესაფარს არ მისცემდა, ის დასკვნები რომ არ ჰქონოდათ, რომელშიც დაიწერა - საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდებაო.

თუკი პირი რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით თავშესაფარს მიიღებს, მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, ექსტრადიცია ან სამშობლოში დაბრუნება საერთაშორისო სამართლით სასტიკადაა აკრძალული. შესაბამისად, ახალაიაც ამის გამო ამოიღეს ინტერპოლით ძებნილთა სიიდან. აქ ყველაფერი გასაგებია - ინტერპოლმა სრულიად ლოგიკური და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო - წესების შეცვლა არაფერ შუაშია.

"რეზონანსი": ანუ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ მათ ახალაიას ბრალეულობაში დასარწმუნებლად სათანადო არგუმენტები ვერ წარუდგინა?

ლ.მ: თავდაპირველად, როცა საქმე აღძრეს, დასაბუთება ინტერპოლისთვის სარწმუნო არ იყო. თანაც საერთაშორისოდ აღიარებულ იქნა, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ შედეგებს მივიღებდით - ყოფილ მაღალჩინოსნებს საქათველოს არავინ გადმოსცემდა და ისინი ევროპის სამართლებრივად გამართულ ქვეყნებში პოლიტიკური დევნილის სტატუსს მიიღებდნენ.

"რ": შესაძლებელია, რომ ახალაია სამომავლოდ ინტერპოლით ძებნილთა სიაში ისევ ჩასვან?

ლ.მ: არა, აღარ ჩასვამენ, რადგან მას უკვე პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობლოში მას უკანონოდ დევნიან და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს იღებს. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ ადამიანი დაცულია და მას სამშობლოში არანაირად აღარ დააბრუნებენ.

"რ": ანუ პროკურატურამ განცხადებაში ხაზგასმით რომ აღნიშნა, ახალაია ძებნილთა სიიდან იმიტომ არ ამოუღიათ, რომ პოლიტიკურ დევნილად მიიჩნიესო, გამოდის მოიტყუა?

ლ.მ: დიახ, პროკურატურა იტყუება. მან ასევე მოიტყუა სხვა პირების შემთხვევაშიც. პირველი ადეიშვილი იყო რომელმაც უნგრეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. ამაზე მოთხოვნა იქ ჩასვლისთანავე გააკეთა და ამის დასაბუთება არც გასჭირვებია. მეტიც, მან არა მხოლოდ თავის თავს უშველა, არამედ დასაბუთება თავის ხელისუფლებაში მყოფი ყველა პირისთვის შექმნა და იმას მიაღწია, რომ ყველაზე მძიმე დამნაშავეები პასუხისმგებლობისაგან თავს დაიძვრენენ.

"რ": რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ ინტერპოლის დარწმუნება?

ლ.მ: ეს არ იყო კრახი. ეს ყველაფერი პროკურატურას თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, წინასწარ იცოდნენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა. ის, რასაც ყველა ამბობს და ხედავს, სისხლის სამართლის საქმეში სათანადო პროცესუალური წესით უნდა ჩაიწეროს და დადასტურდეს. ამ შედეგით შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რა წერია იმ საბუთებში. ერთია, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მეორეა, რას წერდნენ იმ საქმეებში, რომლებმაც ეს შედეგი მოგვიტანა.

"რ": რატომ იყო პროკურატურა დაინტერესებული, რომ ასეთი შედეგები მიგვეღო და ყოფილი მაღალჩინოსნები წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოეღოთ?

ლ.მ: ეს კოჰაბიტაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა და ამაში, ჩემი აზრით, მისი ნამდვილი სახე ჩანს. ეს არა კოჰაბიტაცია, არამედ გარიგებაა, რომელიც ძველ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის შედგა. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ახალი პროკურორის დანიშვნა და სისტემის ძირეული რეფორმირება იყო საჭირო, იმასაც ვგულისხმობდით, რომ შოთაძე ძველი კადრია და იგი იმას აგრძელებს, რასაც წინა ხელისუფლების პროკურატურის თანამშრომლები აკეთდებდნენ. ამის ლოგიკური გამოვლინებაა ახალაიას ამბავი.

როცა ეს ხდება, მინიმუმ მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს, ახალაიას საქმეზე მომუშავე პროკურორი კი ორგანოდან უნდა გააგდონ, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. ასე რომ, ამას დოყლაპიობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ეს, ჩემი ღრმა რწმენით, დანაშაულებრივი გარიგებაა.

"რ": სრულიად საპირისპირო შედეგი დადგა გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმეზე. ეს როგორ მოახერხა პროკურატურამ?

ლ.მ: დგებუაძეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა არასოდეს ჰქონია. იგი სისტემის მუშაკი იყო, მართალია, არა რიგითი, მაგრამ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით პოლიტიკური თანამდებობის პირად არ იყო აღიარებული. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ იგი განზრახ ჩამოიყვანეს, რათა მან კიდევ უფრო "გააპრავოს" ისინი, ვისი ბრალდებაც ჯერაც არამყარია.

სწორედ ამ მიზნით მოხერხდა მისი ჩამოყვანა - მან სხვათა ბრალდებებს საბოლოოდ ძირი უნდა გამოუთხაროს. ეს ყველაგერი გამიზნული საბოტაჟის კიდევ ერთი რგოლია და ამაში მაშინ დავრწმუნდებით, როცა საქმე ბოლომდე მივა. თუმცა, ეჭვი მეპარება ყველაფერი ისე წარიმართოს, რომ ჩვენ გავიგოთ, მის საქმეში რა ჩაიწერება.

"რ": რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმატორია იგი მერაბიშვილის, ახალაიას და თუნდაც ფარული ჩანაწერების საქმეზე?

ლ.მ: იგი პირდაპირაა ჩანაწერებთან დაკავშირებული. შესაძლოა, განტევების ვაცად გამოიყენონ, ჩანაწერების საქმე მთლიანად მას მიაწერონ და მთავარ დამნაშავედ გამოიყვანონ, სხვათა მიმართ კი ყველაფერი მოხსნან. ან თუ სხვების მიმართაც არსებობს სამხილები, გადააფარინონ. ეს კაცი ძალიან ბინძური პროცესის მონაწილეა და ასეც გააგრძელებს. ის გამოძიებისათვის კარგი საქმის გასაკეთებლად არ ჩამოუყვანიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×