ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება, არ არის გამორიცხული, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყოს და მასთან რეალურ თანამშრომლობას არავინ აპირებდეს. ამასთანავე, შეიძლება ეს ფაქტი "ქართულ ოცნებაში" არსებულ საკადრო კრიზისზე მიანიშნებს ან იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი სახლში გაშვება ინანა, რადგანაც მიხვდა, რომ ღარიბაშვილი ყველაზე ერთგული და უანგარო ხელქვეითი იყო. ასე აფასებენ პოლიტოლოგები მმართველი კოალიციის მთავარი პარტიის განცხადებას, რომ ექსპრემიერთან კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაადასტურა.
მისი თქმით, აპრილში დაგეგმილ პარტიის ყრილობას ღარიბაშვილიც დაესწრება, სადაც გაირკვევა, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა "ოცნების" სამომავლო საქმიანობაში.
"რა თქმა უნდა, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციები აუცილებლად გვექნება, სადაც გაირკვევა, თუ როგორ და რა ფორმით ჩაერთვება ის პარტიის სამომავლო საქმიანობაში. სავარაუდოდ, რაღაც კონკრეტულ საკითხზე შევთანხმდებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატებისთვის უცნობია, ყოფილი პრემიერი პარტიის საქმიანობაში რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გამოცდილება და რესურსი პარტიას წაადგება.
"კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში მის დაბრუნებას მივესალმები. ის გამოცდილი კადრია და მისი რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ "ოცნებისთვის" სასარგებლო და ეფექტური იქნება," - აცახდებს ნუკრი ქანთარია.
"ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გამოცდილი კადრია, აქვს ქარიზმა და მისი ჩართვა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში, არჩევნებში მაღალი შედეგის მიღებას ხელს შეუწყობს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა სახის მონაწილეობაზე იქნება საუბარი, თუმცა ვიცი, რომ აპრილში გამართულ ყრილობაზე გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული იქნება," - აცახდებს თამაზ მეჭიაური.
"ქართული ოცნების" წევრებისგან განსხვავებით, პოლიტოლოგები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი. გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია, ღარიბაშვილი უკან რა სტატუსით უნდა დაბრუნდეს, რომ მისი წინა სტატუსის ადეკვატური იყოს. მისი აზრით, ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიისთვის დიდად საჭირო არ არის, რადგანაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი პოზიტიურად არ შეხვდება.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ღარიბაშვილს უფრო უნდა ვიდრე "ქართული ოცნების" წევრებს, ეს უცანური იქნება და მის ფიგურას ამომრჩევლის თვალში კიდევ უფრო დააკნინებს.
"ჩემთვის სრულიად გაუგებარი და, სიმართლე გითხრათ, ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებაა. ერთი მარტივი კითხვა ჩნდება, რა უნდა გააკეთოს დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა? ის თავისი კარიერის მწვერვალზე უკვე იყო, ახლა რა სტატუსით ბრუნდება? მრჩეველი უნდა იყოს? საინტერესოა, რა უნდა ურჩიოს?
"გულახდილად გითხრათ, ღარიბაშვილის ქარიზმატულობით მოხიბლული არასდროს ვყოფილვარ. ახლა თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ მას რაღაც პოზიტივი აქვს, კი ბატონო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. რატომღაც მგონია, რომ მასთან სისტემურ თანამშრომლობას არავინ არ აპირებს.
"ეს უფრო, მგონია, რომ რაღაცის გადასფარად გაკეთებული ფუჭი განცახდებებია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მის გარემოცვაზე ბოლო დროს ძალიან ბევრი სკანდალი აგორდა. შესაბამისად "ოცნება" იმის ვერბალურ ფიქსაციას აკეთებს, რომ ღარიბაშვილი მათიანია და მისი ჯგუფის მიმართ გამოთქმულ ბარლდებებს არ იზიარებენ. ეს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა და ღარიბაშვილთან რეალურ თანამშრომლობას არავინ აპირებს," - აცხადებს ხუხაშვილი.
სოსო ცინცაძე აზრით, ეს ყველაფერი არასოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს და იმაზე მიუთითებს, რომ "ოცნებაში" სერიოზული ქაოსია. მისი აზრით, ასეთი გაუგებრობა მმართველ პარტიაში ქვეყნისთვის საშიშიც კია და არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს. ფიქრობს, რომ თავად ღარიბაშვილს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, რომ ასეთ "ცალყბა მიპატიჟებაზე" არ დაბრუნდეს. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ეს პირადად ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება არ არის და მან დავალება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსგან მიიღო.
"ირაკლი ღარიბაშვილის უკან, პარტიაში დაპატიჟება, ერთი შეხედვით თითქოს კარგი განზრახვაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეურაცხყოფის მიყენებას უფრო ჰგავს. ცოტა ხნის წინ კობახიძისთვის ალბათ დიდი პატივი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხელი რომ ჩამოერთვა.
"თუკი ღარიბაშვილს აქვს რაღაც რესურსი, რომელიც შეიძლება პარტიას წაადგეს, გუშინ იქ არ იყო? სახლში რატომღა გაუშვეს? ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" შემთხვევითი ადამიანი ხომ არ ყოფილა? ეს, პირველ რიგში, იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდი უმწვავეს საკადრო კრიზისს განიცდის, რადგანაც დიდ პოლიტიკაში ასეთი რამ არ ხდება," - აცახდებს ცინცაძე.
ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის სახლში გაშვებას ნანობს და ამის მიზეზი "სათადარიგო სკამის შემოკლებაა": "კოალიციაში ყველაფერი აირია და ივანიშვილმა დაინახა, რომ ღარიბაშვილი მის გარემოცვაში, ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე ერთგული ხელქვეითი იყო, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა."
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში რიგით წევრად არ დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში საპარლამენტო სიაში იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ფიგურა პარტიას დამატებით ხმებს ვერ მოუტანს.
"თუკი ღარიბაშვილი პოლიტიკაში მობრუნებას გეგმავს, მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ის გამოცდილი კადრია და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მისი წასვლა არც მას და არც "ქართულ ოცნებას" არ წაადგება. ვფიქრობ, მმართველი გუნდის წევრები მისი დაბრუნების ისეთ ვარიანტს ეძებენ, რომ ღირსეული იყოს და საზოგადეობის თვალში დაკნინებული სახით არ გამოჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. ახლა პარტიის შიგნით რა დინებები იყო და ვინ რაზე შეთანხმდა, საუბარი ძალიან რთულია.
"თავისთავად "ქართული ოცნება" არჩევნების წინ მსგავს ნაბიჯებზე რომ უნდა წასულიყო, ფაქტია. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. არ მგონია, ღარიბაშვილი ის კაცი იყოს, რომ "ქართულ ოცნებას" შანტაჟის ენით ესაუბროს. შეუძლებელია მას ისეთი ინფორმაცია ჰქონდეს, რომ ივანიშვილს რაღაც იძულებით გააკეთებინოს," - აცხადებს ძაბირაძე.