სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცახდებს, რომ ბოლო დროს ევროპულ ქვეყნებში განვითარებული ტერორისტული აქტების ფონზე, საქართველო ნეიტრალურ მდგომარეობაში ვეღარ დარჩება.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" კარგად ორგანიზებული ქსელები მუშაობს, რომელიც სირიაში მებრძოლი ქართველი ლიდერებისგან იმართება. კავკასიის მაშტაბით არსებული ქსელების მეთაური კი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ახმედ ჩატაევია.
მაისაია ფიქრობს, რომ ხსენებული სპეცოპერაციის გამოუძიებლობის შედეგად ხელისუფლებამ ამ დაჯგუფებას საშუალება მისცა, საქართველოზე შურისძიების მიზეზი ჰქონდეს. ამიტომ, სპეცსამსახურებს სწრაფი და ორგანიზებული მოქმედებისკენ მოუწოდებს. ითხოვს, რომ შემუშავდეს ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და დაისახოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც მონაწილეობა თავდაცვის სამინისტრომაც უნდა მიიღოს.
ვახტანგ მაისაია: ბრიუსელის მასობრივი ტერაქტების შემდეგ, ისლამური სახელმწიფო, ფაქტობრივად, გლობალური ტიპის ჯიჰადზე გადავიდა. ეს ნიშნავს ომს ყველას წინააღმდეგ, ვინც მათთან ერთად არ არის. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ტერორისტული აქტების სერიები შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. ვფიქრობ, რომ მასშტაბები უფრო დიდი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თავს მაქსიმალურად იკავებდა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ურთიერთობა არ გაემწვავებინა, ბოლოს იძულებულები გახდა, პოზიცია შეეცვალა და ხალიფატის წინააღმდეგ წასულიყო. ტერორისტების მთავარი მიზანი მოსახლეობაში პანიკის და შიშის დანერგვაა. უნდათ, მოწინააღმდეგეზე იდეოლოგიური და კულტურული ზემოქმედება განახორციელონ.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ პირობებში ნეიტრალურ პოზიციაში ვეღარ დარჩება, რადგანაც საქართველოში "ილსამური სახელმწიფოს" კარგად ორგანიზებული იატაკქვეშა ქსელები არსებობს. ვიდეო-მესიჯებმა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ქართველი ჯიჰადისტების მხრიდან გავრცელდა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის სისწორეში კიდევ უფრო დაგვარწმუნა.
"რ": საქართველოში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" ქსელი რამდენად ძლიერია?
ვ.მ: ამ ეტაპზე მათი გაკონტროლება რთული არ არის და სავსებით შესაძლებელია. ჩვენს უშიშროების სამსახურს მათი განეიტრალება თავისუფლად შეუძლია. მთავარია სწრაფი და ადეკვატური ზომები მიიღონ.
ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავონ. დროის კარგვის ფუფუნება ნამდვილად აღარ გვაქვს, რადგანაც ფაქტიურად გლობალური ჯიჰადი დაიწყო, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხება.
"რ": ეს ქსელი ვისგან შეიძლება იმართებოდეს?
ვ.მ: რა თქმა უნდა, "ისლამურ სახელმწიფოში" არსებობენ ქართული წარმოშობის გავლენიანი ლიდერები, რომლებიც ამ დარგის უბადლო სპეციალისტები არიან. მათი სახელებისა და გვარების დასახელებისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებ. თუნდაც ახმედ ჩატაევის ფაქტორი ავიღოთ, რომელიც კავკასიის რეგიონის ფარგლებში და საქართველოშიც ამ ქსელს კურირებს.
ჩვენ ვნახეთ მათი განცახდებები ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ აღნიშნულ დაჯგუფებას "ისლამურ სეხელმწიფოსთან" აქტიური კავშირი აქვს. ამიტომაც ეს სპეცოპერაცია მათთვის შესაძლოა ფორმალური მიზეზიც კი გახდეს, რომ საქართველოზე შური იძიონ.
"რ": ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მათთან საბრძოლველად რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ?
ვ.მ: სამწუხაროდ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ლაფანყურის სპეცოპერაცია არ გამოიძია და ეს შესაძლოა მათი გამოწვევის მიზეზი გახდეს. ამ სპეცოპერაციის გამოუძიებლობის შედეგად ჩვენმა სპეცსამსახურებმა მათი ჯგუფის ტაქტიკური მონაცემები, დაგეგმარების ოპერატიული შესაძლებლობები, ლოჯისტიკური უზრუნველოყოფა და ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღების შანსი ხელიდან გაუშვეს.
ამ ჯაჭვის გამოვლინება ახლა დაგვეხმარებოდა, რომ შეგვემუშავებინა ისეთი დონის ანტიტერორისტული და კონტრტერორისტული გეგმა, რომლითაც მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს გავთვლიდით. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აუცილებელია ანალიტიკური ტიპის მუშაობის წარმოება.
საჭიროა მოხდეს ანტიტერორისტული ბრძოლის სპეციალური სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. დაიხვეწოს იმ ინტიტუტების მოქმედების სტილი, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლაზე პასუხს აგებენ. სტრატეგიის შემუშავებაში თავდაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს.
"რ": არსებობს ვარაუდი, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, "ისლამური სახელმწიფო" რუსეთის მიმართულებითაც გააქტიურდება. ამ ფონზე საქართველოში სიტუაცია როგორ შეიძლება განვითარდეს?
ვ.მ: დღეიდან ყველანაირი სცენარის განვითარებას უნდა ველოდოთ. გულზე ხელი არ უნდა დავიკრიფოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება.
რა თქმა უნდა, თუკი ჯიჰადისტები რუსეთში გააქტიურებას დაიწყებენ, ჩვენს ქვეყანაში საფრთხის რისკი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ხალხმა თურქეთზე და ბელგიაზე თავდასხმებით, გლობალური ჯიჰადი გამოაცხადა, რომლისგან დაცული არცერთი ქვეყანა არ არის.
"რ": "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე იბრძვის. შესაძლებელია თუ არა, რომ გლობალური ჯიჰადის პროცესში ეს ხალხი უკან სამშობლოში კონკრეტული დავალებებით დაბრუნდეს, მითუმეტეს ამის ნათელი მაგალითი პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული აქტებია, რომელიც სირიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა განახორციელეს...
ვ.მ: ინტერნეტში ქართულ ენაზე ჯიჰადისტური ვიდეოების გავრცელებისთანავე, ვფიქრობ, უშიშროების სამსახურს მათ წინააღმდეგ გარკვეული ზომები უნდა მიეღო. არ არის გამორიცხული, რომ ეს ერთგავრი დაშიფრული მესიჯი ყოფილიყო, რომელიც საქართველოში მაცხოვრებელი მათი მომხრეებისთვის იყო განკუთვნილი.
"ისლამურმა სახელმწიფომ" 2015 წელს მებრძოლების ექსპორტი დაიწყო - ჯიჰადსტების კარგად გაწრთვნილი და შეიარაღებული ჯგუფები თავიანთ ქვეყნებში დააბრუნეს.
თქვენ სწორად ახსენეთ ბელგიისა და საფრანგეთის ტერაქტები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებულმა ჯიჰადისტებმა მოაწყვეს. ეს ჯგუფები ევროპაში ასევე მიგრანტების სახით შედიან და ლტოლვილების მანტიაში გადაცმულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ნაწილდებიან.
მათ საკამოდ ძლიერი დაგეგმარების და განხორციელების უნარი გააჩნიათ. ეს ხალხი მაღალი დონის სპეცსამსახურების წევრებისგან დაკომპლექტებულ ადამიანებს წარმოადგენენ, რომელთა პროფესიონალიზმში, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარან. ამიტომაც არც ჩვენი ქვეყანა არ არის მსგავსი საფრთხისგან დაცული.
"რ": რა მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიაში და იქ არსებული სიტუაციის მიხედვით, ტერორიზმის განვითარების საშიშროება თუ არსებობს?
ვ.მ: ჩრდილოეთ კავკასიაში მეტ-ნაკლებად მოჩვენებითი სიწყნარეა. დაღესტანში ჩატარებულმა რამდენიმე სამხედრო ოპერაციამ აჩვენა, რომ საკმაოდ სერიოზული ტერორისტული შენაერთები არსებობს. რუსეთის მიერ სირიაში ჩატარებული პირველი სპეცოპერაციის მთავარი იდეა ის იყო, რომ იქ არსებული კავკასიური ემირატი გაენადგურებინა. შემდეგ კი დანარჩენი ტერორისტული ქსელებისთვის მიეხედა.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ გავლენიანი ჯგუფები მოქმედებს, რომელთა სიწყნარე დროებითია. მათ კონკრეტული დავალებები აქვთ, რომლესაც ბრძანების მიღების შემთხვევაში შეასრულებენ.