ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მოხდეს. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ცალკე პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს და ახალი გუნდით გამოჩნდეს.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერის კოალიციაში დაბრუნებით ყველაზე მეტად უკმაყოფილო "რესპუბლიკური" პარტია იქნება, რადგანაც მათი პოზიციების შესუსტება მოხდება. ის არ გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერის დაბრუნება, ამ პარტიის ჩანაცვლების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდეს.
"რეზონანსი": ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში რა ფორმით და რა სტატუსით შეიძლება დაბრუნდეს?
არჩილ გამზარდია: ვფიქრობ, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკან პოლიტიკაში საპარლამენტო წარმომადგენლობით დაბრუნდება, რადგანაც ამ ეტაპზე ეს პოზიცია მისთვის ყველაზე ადეკვატური მგონია.
მიმაჩნია, რომ პრემიერობის დროს იმ თვისებებს, რასაც მას ნაკლად უთვლიდნენ, პარლამენტში პირიქით გამოიყენებს. მაგალითად საკანონმდებლო ორგანოში, ღარიბაშვილის ხისტი ლექსიკა და მიმწოლი ხასიათი უფრო სარგებლის მომტანი იქნება, რადგანაც ოპონენტთან საკუთარი პოზიციის გატანას უკეთესად შეძლებს.
"ქართულ ოცნებაში" კარგი სპიკერი იყო, ამიტომაც მე პირადად მის ადგილს საპარლამენტო სივრცეში უფრო ვხედავ. თუმცა არსებობს ერთი მთავარი საკითხი, რომ მან პოლიტიკაში დაბრუნების მზაობა დაადასტუროს. გადამწყვეტი სიტყვა ახლა მასზეა.
"რ": შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დამოუკიდებელი პარტიით და ახალი გუნდით შემოვიდეს?
ა.გ: ვფიქრობ, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ორი თეორიული ვარიანტი არსებობს. პირველი ეს არის, რომ შექმნას დამოუკიდებელი პარტია და არჩევნებში მონაწილეობა ამ სახით მიიღოს და მეორე - კვლავ "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდეს.
მისი კოალიციაში დაბრუნება, მგონია, რომ "რესპუბლიკური" პარტიისთვის წითელი ხაზის გავლებას ნიშნავს და ყველაზე მეტად ეს ფაქტი მათ არ გაუხარდებათ.
"რ": თუ კი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დამოუკიდებელი პარტიით დაბრუნდება, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ "რესპუბლიკელების" ჩანაცვლება ღარიბაშვილით გადაწყვიტა?
ა.გ: კოალიციაში პარტიებს რომ ადგილი უჩინო, ყველაზე მშვიდობიანი მოქმედება, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილის ცალკე პარტიად წარდგენა იქნება. ღარიბაშვილის და ივანიშვილის გარშემო მყოფი ადამიანები, მათი ამომრჩევლები, ბევრად უფრო ეფექტურად და ზუსტად გადანაწილდებოდა.
შემდგომი კოალიციისთვის კი კარგ პირობებს შექმნიდნენ. ხოლო მისი დაშლის შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილის პარტია "ქართული ოცნების" პოზიციებს ბევრად გაამყარებდა. მართალია, ამ პარტიას პარლამენტში უმრავლესობით შესვლა არ გაუჭირდება, მაგრამ კითხვის ნიშანი მათი მდგრადობის შესახებ შემდეგ აუცილებლად დადგება.
თუკი კოალიცია პარლამენტში ამ სახით შევა და შემდეგ დაიშლება, რისი ალბათობაც არსებობს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ერთიანობის საკითხი არამყარი იქნება. ხოლო ღარიბაშვილის "ოცნებაში" ახალი პარტიის შემოსვლით, ეს პროცესი ბევრად დაიზღვევა.
"რ": შესაძლოა, მომავალ პარლამენტში ექსპრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილოთ, მისი პოლიტიკაში დაბრუნება ამ პოსტისთვის მზადებას ხომ არ ნიშნავს?
ა.გ: რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. რატომაც არა! - ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში ახალი ძალით დაბრუნდება, თუ ძველ პარტიას დაუბრუნდება, ორივე შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის მოაზრება, ლოგიკას მოკლებული არ იქნება.
საქმე ისაა, რომ ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" ამომრჩევლის უმსხვილესი ნაწილი მხარს უჭერს. ამ პარტიის მხარდამჭერები ფაქტობრივად ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მომხრეები არიან. ამიტომაც მისი ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევნებში "ოცნება" ამომრჩევლის საკმაოდ სოლიდური ნაწილის ხმებს უკან დაიბრუნებს. ხოლო მისი პოლიტიკაში არდაბრუნების შემთხვევაში კი ეს ხმები, შესაძლოა, საერთოდ დაკარგონ.
"რ": ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე ორი მთავარი მოსაზრება გამოითქვა. ნაწილი ფიქრობს, რომ მისი სახლში გაშვება ივანიშვილმა ინანა. მეორე მოსაზრებით კი, მმართველ გუნდში საკადრო კრიზისია...
ა.გ: მმართველ გუნდში საკადრო კრიზისის არსებობას არ ვიზიარებ, თუმცა კოალიციაში შიდა დაპირისპირების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრი საკადრო რესურსი აუთვისებელი იყოს. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ივანიშვილმა მისი სახლში გაშვება ინანა, ვერ გავიზიარებ, რადგანაც მგონია, რომ პრემიერი სახლში ივანიშვილს არ გაუშვია.
მასთან ურთიერთობა ბევრჯერ მქონია და ვიცი, რომ ის ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებას არ აიძულებს. ამიტომ ზოგადად ამ მიდგომას არ ვიზიარებ. შესაძლოა მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ღარიბაშვილმა გარკვეული რჩევა გაითვალისწინა.
პრემიერის გადადგომა ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პარტიიდან წასვლას ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯად ვაფასებ.
შეიძლება ამაშიც გარკვეული ესქპერიმენტი იყო ჩადებული, რადგანაც მისი პარტიიდან წასვლის შემდეგ ენახათ კოალიციაში რა პროცესები წარიმართებოდა. ფაქტიც სახაზეა, დომინანტი პარტია "ქართული ოცნება" ვერ დომინანტობს, ხოლო მასში შემავალი პარტიები ზომაზე მეტ მადას გამოხატავენ.
რეალურად აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კოალიცია საკმაოდ კარგად ეჭირა. ვნახეთ, რომ სიტუაცია სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით წარიმართა.
"რ": ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილის უკან დაბრუნება კოალიციაში სიტუაციის დასაბალანსებად საჭირო გახდა?
ა.გ: საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, ღარიბაშვილის მიმართ მხარდაჭერასა და პატივისცემას გამოხატავს, ამიტომაც ამ ხალხის გაწბილება და ხელიდან გაშვება კარგი არ იქნება. ამიტომაც მისი დაბრუნებით, ეს ხალხი კმაყოფილი იქნება და უკან მობრუნდება. ეს მოსაზრება უფრო ლოგიკური მგონია.
"რ": ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება "კოალიციაში" მყოფი ყველა პარტიისთვის სასურველი იქნება?
ა.გ: კონკურენციის წესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტის გამოჩენა, არ მგონია, რომ ვინმეს მოსწონდეს. მათ შორის "ქართულ ოცნებაში" მყოფ სუბიექტთა ნაწილს. ხოლო მასში შემავალ პარტიებს, რა თქმა უნდა, ეს ამბავი დიდად არ ახარებთ, რადგანაც თავად პატია "ქართული ოცნება" ძალიან დასუსტებულია და აღარ ჩანს.
მიუხედავად ახალი პრემიერის, გიორგი კვირკაშვილის დიპლომატიური მიდგომისა, მან მთავარი პარტიის დომინანტობის პირობა ვერ შექმნა. ეს პარტია გარე თვალიდან ისე მოჩანს, თითქოს კოალიციაში საერთოდ არ არსებობს. კოალიციის სხვა პარტიები უფრო ხილვადები არიან, ვიდრე "ქართული ოცნება".