გვანცა ღვედაშვილი
25.03.2016

ბოლო პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე აქტიურად საუბრობენ. პოლიტიკოსების ნაწილი ივანიშვილის დაბრუნებას მიესალმება, ნაწილი კი თვლის, რომ ეს არასწორი იქნება.

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს. მისი თქმით, ივანიშვილმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

"ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა.

"ასეთი რაღაც, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე", - განაცხადა კახა კალაძემ.

იქნება თუ არა მართებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა, ის პოლიტიკაშია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ "ოცნება" არსებობს, ან კოალიცია, ძალიან ცდება. ყველაფერი არის ივანიშვილი - დანარჩენი ყველა არის მასზე მიტმასნილი ხალხი. ჩემი აზრით, ის არ არის პოლიტიკიდან წასული, არამედ დღემდე ის მართავს ყველაფერს."

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "ვფიქრობ, სწორი იქნება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ამის წინააღმდეგი არ ვარ."

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "სწორი კი არა, ძალიან კარგი იქნება. სადაც უნდა მოვიდეს და დაბრუნდეს, ისეთი ხელი აქვს, ყველაფერს აკეთებს. ამის დიდი იმედი მაქვს. ვერ გეტყვით, მაგრამ, რომ დაბრუნდეს, ძალიან კარგი იქნება. საოცრად დიდი პიროვნებაა და საოცრად შეყვარებული თავის ქვეყანასა და ხალხზე."

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (მწერალი): "ძალიან მიჭირს ამაზე დადებითი პასუხის გაცემა, რადგან როცა ის იყო პოლიტიკაში და გავიდა, საზოგადოებამ ვერანაირი შედეგი ვერ დაინახა. თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა მან შეცვალა მთავრობა. ერთადერთი რეალური ცვლილება ეს იყო, სხვა არაფერი."

 

 

 

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): "ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა, დაბრუნება უკეთესი იქნება, ფაქტია, რომ ის ავტორიტეტული ფიგურაა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული და თან ასეთი დემოკრატიული არასდროს ყოფილა.

მას თუ არ უნდა ჭორების და ხმების მოსმენა, არ უნდა იძინებდეს 9-სთ-ზე, უნდა იყოს პოლიტიკაში და მუშაობდეს, ასე არ არის.

ხო, ვიცი, რომ ყველა მინისტრი მასთან დარბოდა, გასაგებია მაგრამ მერე რა? ასე არ შეიძლება, ამ ხალხმა მასთან ირბინოს, გასაგებია, რომ მის სიტყვას უჯერებენ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს პარლამენტი, კანონმდებლობა და ქართველი ხალხი, რომელმაც ქვეყნიდან უკვე რამდენიმე ტირანი გააქცია.

ყველა პრეზიდენტი გავაქციეთ, ეს ხალხი თავისუფლების მოყვარე ხალხია, ამიტომ ივანიშვილი უნდა გამოძვრეს თავისი ადგილიდან და იმუშაოს კანონიერად და მინისტრები წინ და უკან სირბილით არ უნდა დაღალოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×