თაკო მათეშვილი
25.03.2016

 პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, პროგრამა მინიმუმით დაკმაყოფილება, სიტყვის შესრულება, საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა - სწორედ ამ მიზეზების გამო არ ბრუნდება ბიძინა ივანიშვილი, პოლიტოლიგების აზრით, პოლიტიკაში.

მათი ნაწილი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არსებობს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი დაბრუნებით "ქართულ ოცნებას" საქმეს გაუფუჭებდა, რადგან ახლა მისი რეიტინგი არცთუ მაღალია.ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს თუმცა წინასაარჩევნო პროცესებში ჩაერთვება. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს.

როგორც კალაძემ განაცხადა, ივანიშვილმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

"ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა.

"ასეთი რაღაც, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე", - განაცხადა კახა კალაძემ.

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება. არცთუ იშვიათად კეთდება განცხადებები, რომ ეს კარგი იქნებოდა, რომ საჭიროა, რომ კოალიციის დავარდნილ რეიტინგს მსგავსი ბიძგი სჭირდება და ა.შ.

თუმცა, პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ მისი დაბრუნება საჭირო საერთოდ არაა, რადგან ივანიშვილი პოლიტიკაში ისედაც არის. ამბობს, რომ იგი ყველაფრის საქმის კურსშია, რაც საქართველოში ხდება.

"შეიძლება ითქვას, რომ ის "მოთვალთვალეა" და თუ აკვირდებით, როცა სიტუაცია რთულდება, იგი კომენტარებსაც კი აკეთებს. პოლიტიკაში კი აღარ დაბრუნდება, რადგან ეს კაცი თავის ბიზნესზე მუშაობს. სწორედ ახლა 100 მილიონის ზარალი განიცადა და სასამართლოები აქვს.

"ასე რომ, პოლიტიკაში დაბრუნება არ სჭირდება. მაშინ ბიზნესს თავი უნდა დაანებოს. ერთდროულად ქვეყნის პრემიერიც იყოს და ბიზნესმენიც, მარტივი არაა. იმ პერიოდში ეს შეძლო და პროგრამა მინიმუმი შეასრულა. პროგრამა მაქსიმუმის შესრულებაში კი სხვებს ეხმარება. სწორედ ამ ფორმით აგრძელებს მოღვაწეობას. ივანიშვილი არაა ის პიროვნება რომელიც თავის გადაწყვეტილებას კვირაში ერთხელ შეცვლის.

"ივანიშვილი არა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი კი აუცილებლად მობრუნდება. ოქტომბრის არჩევნებში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. რა ფორმით დაბრუნდება, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს. საპარლამენტო ცხოვრებაში აუცილებლად ჩაერთვება", - აღნიშნავს კვესელავა.

პოლიტოლოგი აქვე იმასაც აცხადებს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება იგივე ივანიშვილის დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ისინი ფაქტობრივად "ერთნი არიან". შედეგად, დარწმუნებულია, კოალიცია რომც დაიშალოს და "ქართული ოცნება" არჩევნებზე მარტო წარდგეს, მაინც გაიმარჯვებს. კვესელავა მიიჩნევს, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას მხოლოდ ინაშვილი და ბურჯანაძე გაუწევენ, თუკი გაერთიანდებიან.

კოალიციაში შემავალ პარტიებს რაც შეეხება, პოლიტოლოგის აზრით, ზოგიერთი მათგანი ცალკე გასვლის შემთხვევაში პარლამენტში ვერც კი მოხვდება.

"მათ შორის ვერც "რესპუბლიკელები." სწორედ ამიტომაც არიან კოალიციაში. ისინი ვიღაცას აბალანსებენ და ამიტომაც კოალიციაში თავიანთი ნიშა მოძებნეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებაში "რესპუბლიკელებს" ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. მათი იდიეოლოგია ხალხისთვის მიუღებელია.

"ასეთი რესურსის გუნდი ჰყავს მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს და საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებიც ჩააბარა. რატომ? გგონიათ ივანიშვილი "რესპუბლიკელებთან" ძალიან ახლოა? მე ამას ვერ ვიტყოდი. თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. ზოგჯერ აუცილებელია ასე მოიქცე", - დასძენს იგორ კვესელავა.

პოლიტიკაში ივანიშვილის არდაბრუნების მიზეზებზე საუბრობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა.

მისი აზრით, ამის საჭიროება არც არსებობს, რადგან ივანიშვილის რეიტინგი დაცემულია. ამბობს, რომ ამას კვლევებიც ადასტურებს. ეს კი გარკვეულწილად "ქართული ოცნების" მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობითაა გამოწვეული, რასაც ხალხი ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში კვლავ აქტიურად რომც ჩაერთოს, "ქართული ოცნების" რეტინგს მაღლა ვერ ასწევს, რადგან თავად მისი რეიტინგი არცთუ სახარბიელოა.

"მან თავის დროზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მოიხსნა და დაპირებების შესრულება თავისი გუნდის წევრებს გადააბარა. მას აღარ სურს პასუხისმგებლობა ხელახლა აიღოს და დაპირებებზე პასუხი ისევ მას მოსთხოვონ. ეს არ აწყობს.

"ქართული ოცნებისადმი" ხალხის გაღიზიანება იმითაცაა გამოწვეული, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და საქმე შუა გზაზე მიატოვა. ამიტომაც მგონია, რომ ივანიშვილის დაბრუნების საჭიროება არ არსებობს.

"მისი პრემიერობის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასაც პრობლემები შეექმნა. ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველო წინ არაფრით წასულა", - აცხადებს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×