რეზონანსი
25.03.2016

 დედაქალაქს მალე ინოვაციური კონცეფციით რეკონსტრუირებული ქუჩა მიემატება. როგორც სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდში" აცხადებენ, პროექტი „თბილისის მწვანე ქუჩა" საპილოტეა და იგი ია კარგარეთელის ქუჩაზე განხორციელდება. პროექტი ამჟამად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და მალე შესაბამისი დანადგარების შესასყიდად და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ტენდერებიც გამოცხადდება.

მწვანე კონცეფცია კომპანია Dagenbach Landscapes-ს შემუშავებულია, ხოლო პროექტი მისმა ქართულმა წარმომადგენლობამ (ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე) შეიმუშავა. პროექტით განსაზღვრული სამუშაოები კარგარეთელის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლას, გზის მწვანე საფარის დაგებას, ბორდიურების მოწყობას, ფასადების რეკონსტრუქციას, გამწვანების ახალ მეთოდებს - ინოვაციური ხეებისა და მცენარეების დარგვას ითვალისწინებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ქუჩა მეტწილად ინოვაციური ელემენტებით აღიჭურვება. იგეგმება მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის აპარატის, ელექტრომოწყობილობების დამტენი აპარატურების, ინოვაციური ნაგვის ურნებისა და მიწისქვეშა წყლის რეზერვუარის დამონტაჟება.

„მწვანე ქუჩაზე" (მისი სიგრძე 230 მეტრია) არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე მდებარე მოსაცდელ სკამებზე, მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა დამონტაჟდება. აქ მოქალაქეებს მობილური ტელეფონების, ლეპტოპების დამუხტვა შეეძლებათ. Smart-სკამები ჰაერის დაბინძურების ამსახველი მონიტორებით აღიჭურვება, სადაც სხვა სასარგებლო ინფორმაციის მიღებაც იქნება შესაძლებელი.

პროექტის სრულად განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან თითქმის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. „მწვანე კონცეფციით" რეაბილიტირებული ია კარგარეთელის ქუჩის ოფიციალურად გახსნა თბილისობის დღეებში, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×