კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თამაზ მეჭიაურის მტკიცებით, იმ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
მის მოწოდებას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილი გაემიჯნა. ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს მეჭიაურის პირადი მოსაზრება იყო და ფარული ჩანაწერებით თანამდებობის პირების დაშანტაჟება არ უნდა ხდებოდეს.
თუმცა, ის არ ყოფილა უმრავლესობის ერთადერთი წევრი, რომელიც ასე ფიქრობს. მეჭიაურის პოზიციას გიორგი ვოლსკიც იზიარებს.
თანაგუნდელის პოზიციას პირველი მწვავე შეფასება "რესპუბლიკელებისგან" მოჰყვა. მათ ასეთი პოზიცია ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით გამოწვეული მორალური ტერორის წახალისებად აღიქვეს.
უნდა გადადგნენ თუ არა ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ფარული ჩანაწერები არსებობს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "ვინ უნდა გადადგეს, ვინ იცის ვისზე არსებობს ჩანაწერები და ვისზე - არა? მეჭიაურმა იცის? ჩანაწერები ყველაზე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ვინ იცის? თუ ვინმემ იცის ეს, გამოვიდეს და ილაპარაკოს.
"თავისებური სექსი აბსოლუტურად ყველას აქვს. საერთოდ, მეჭიაურის ნალაპარაკევზე არავინ არასოდეს არ უნდა გადადგეს. მთელი ქართული საზოგადოების მიმართ თხოვნა მექნება - რაც შეიძლება ნაკლები მეჭიაურისნაირის სიტყვები გვქონდეს მომავალში ასახსნელი."
გია მურღულია (ექსპერტი განათლების საკითხებში): "როგორ უნდა შევიტყოთ, ეს მოთხოვნა აღსრულდება თუ არა? მაშინ უნდა ვიცოდეთ, ვისზე არსებობს კომპრომატები და ვისზე - არა. ვიცით? ან უნდა ვიცოდეთ? პირველ რიგში ეს კითხვა იბადება.
"მოთხოვნა, რომლის შესრულება-არშესრულების შესახებაც საზოგადოებას არაფერი ეცოდინება, მოთხოვნა არაა. თუ საზოგადოებას უთხრეს, ვისზე არსებობს კომპრომატები და ვისზე - არა, ეს მგონი არანაკლებ უხერხულობას გამოიწვევს, ვიდრე თავად ჩანაწერების გავრცელება."
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "თავის მეუღლესთან თუა ლოგინში და ვიღაცამ ეს ჩუმად გადაიღო, რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან? ხოლო თუ მეუღლესთან არაა, მაშინ ამაზე პასუხი ოჯახმა და იმ რელიგიამ მოსთხოვოს, რომლის მიმდევარიცაა.
ამის გამო რატომ უნდა გადადგნენ არ მესმის. მაშინ შემოღობეთ ეს საქართველო და ყველა დაიჭირეთ. ყველა რაღაცას აკეთებს ჩუმად. მაშინ ყველა გადასაყენებელია და ფრთიანი ანგელოზები უნდა მოვიყვანოთ."
იგორ კვესელავა (პროფესორი): "აუცილებლად უნდა გადადგნენ ისინი, ვისზეც რაიმე კომპრომატები არსებობს. თუ ეს ხალხი უზნეო, არაქართულ ცხოვრებას ეწეოდა, რომელიც პოლიტიკოსისათვის მიუღებელია, ბუნებრივია, თანამდებობები უნდა დატოვონ.
"რამდენადაც ვიცი, იმ ხალხს, ვისზეც ჩანაწერები არსებობს, თავის დროზე ესენი აჩვენეს და შესთავაზეს კიდეც გადადგომა. არ ვიტყვი ვინ გააკეთა ეს, მაგრამ ნამდვილად მოხდა. ასე რომ, მათ ეს შეთავაზება უნდა გამოეყენებინათ. ეს კადრები მართლაც არსებობს. არავის ეგონოს, რომ ტყუილია. ეს ყველაფერი პოლიტიკოსობასთან შეუთავსებელია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე