9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვის ხელისუფლება ევროპის 11 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს ატარებს. შესაბამისი ოფიციალური სატენდერო განცხადება უკვე ატვირთულია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
დაუშვებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიების გამართვას, ჯერჯერობით უცნობია. თბილისის მერიაში ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან და შესაბამისად, კომენატრს არ აკეთებენ. ქართველ ექსპერტთა ნაწილი კი ღონისძიებას პროვოკაციად აფასებს და მიიჩნევს, თბილისში რუსეთიდან დაფინანსებული მსგავსი ღონისძიება არ უნდა გაიმართოს.
ცნობისათვის, თბილისში რაიმე ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით მერიისგან ნებართვის მიღება იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ იკეტება გზა, ტრანსპორტმა უნდა შეიცვალოს მიმართულება. ან ამართვას პარკებსა და სკვერებში.
ვისაგინასი (ლიტვა), კიოლნი (გერმანია), ბუდვა (ჩერნოგორია), რიგა (ლატვია), მოსკოვი (რუსეთი), სოფია (ბულგარეთი), კიშინიოვი (მოლდოვა), თბილისი (საქართველო), თელ ავივი (ისრაელი), ოსლო (ნორვეგია) და სტოკჰოლმი (შვედეთი) - ეს ის ქალაქებია, სადაც მოსკოვის მერიას საზეიმო ღონისძიებების გამართვა სურს. კონტრაქტის მაქსიმალური ფასი 8,5 მილიონი რუბლია.
რაც შეეხება ღონისძიებების შინაარსს, ამასთან დაკავშირებით სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ორი კონფერენციის ჩატარება - "ფაშიზმისაგან მოლდოვის დაცვისა და გათავისუფლებისას საბჭოთა მეომრების მიერ გამოვლენილი თავდადება უკვდავია" და "მეორე მსოფლიო ომი და ბალტიის ქვეყნები 1939-1945 წლებში"; ასევე საზეიმო ცერემონიალის ჩატარება სახელწოდებით "ჩვენ დავიცავით მოსკოვი!".
თუმცა, სატენდერო პირობებში დაკონკრეტებული არ არის, ეს ღონისძიებები 11-ვე მითითებულ ქალაქში უნდა გაიმართოს, თუ შესაბამისად მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მოსკოვში.
"ეს აქცია მიმართულია იმისკენ, რომ გაღრმავდეს კულტურული ურთიერთობები მოსკოვსა და უცხოეთის ქვეყნებს შორის, ასევე მხარი დაუჭიროს უცხოეთში მცხოვრებ რუს თანამემამულეებთან კულტურულ კავშირებს. ასევე ხელი შეუშალოს მცდელობას, რომელიც ემსახურება მეორე მსოფლიო ომის შედეგების ხელმეორედ გადაწერას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ქართველი პოლიტოლოგები თბილისში რუსეთის დაფინანსებით, შესაძლო ამ ღონისძიბების გამართვას უარყოფითად აფასებენ. გია ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
"მოსკოვის მერიის მხრიდან ძალიან უცნაურია, რომ თბილისში რაიმე ღონიძიების გასამართად ტენდერი გამოაცხადოს. ვფიქრობ აბსურდია და ბუნებრივია ამას სერიუზულად არ უნდა შევხედოთ.
"თბილისში თუ რაიმე საზეიმო ღონისძიება გაიმართება, ეს თბილისის მერიის და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ასეთი ტიპის საზეიმო ან საპროტესტო ღონისძიებები უცხო ქვეყნის დაფინანსებით, ჩემი აზრით, კანონგარეშეა. არ შეიძლება უცხოური დაფინანსებით რაიმე ტიპის აქციები ტარდებოდეს სხვა ქვეყანაში, ეს მძიმე საყურებელი იქნება.
"9 მაისის ვეტერანები ჩვენც გვყავს, მათ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა შეუძლიათ იზეიმონ, მაგრამ არა უცხო ფინანსებით, მით უმეტეს რუსულით.
"რუსული პროპაგანდა უფრო გაძლიერებულია, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ საპანიკოს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ. გასაგებია, რომ გარკვეულწილად ანტიდასავლური განწყობები იმატებს იმ ფონზე, რაც ხდება გლობალურ სივრცეში, მაგრამ კრიტიკული ზღვარისთვის არ მიუღწევია, რომ ამის გამო, რაღაც განსაკუთრებული შეშფოთება გამოვთქვათ", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.
"ის, რომ რუსეთი აფინანსებს საქართვეოში რაღაც ცერემონიას, ცუდია, მაგრამ ეს ისეთი ღონისძიებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს", - ამ განცხადებას კი პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აკეთებს.
"სამამაულო ომის დროს ყველაზე დიდი ზარალი სსრკ-ის რესპუბლიკებს შორის ცოცხალ ძალაში რუსეთის შემდეგ საქართველომ განიცადა. ასიათასობით ადამიანის დაღუპვა პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი მსხვერპლი იყო. არ ვიცი მეორე მსოფლიო ომის რამდენი მონაწილეა ცოცხალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათ პატივი უნდა ვცეთ.
"მოსკოვი ამას იმიტომ აფინანსებს, რომ მართლა დიდი გამარჯვება იყო და რუსეთი ამის სამართალმემკვიდრეა.
"საზოგადოებამ ეს ნორმალურად უნდა აღიქვას, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს.
"ის, რომ რუსეთი აფინანსებს საქართველოში რაღაც ცერემონიალს, ცუდია, მაგრამ ეს ისეთი ღონისძიებაა, რომ ასიათასობით დაღუპულ ქართველს პატივი უნდა მივაგოთ", - გვითხრა ცინცაძემ და დასძინა, რომ რუსული პროპაგანდის შედეგს ვერ ხედავს.
"რუსული პროპაგანდის გაძლიერების შედეგს ვერ ვხედავ. მარგი ქმედების კოეფიციენტი რაში გამოიხატება, ვერ ვხვდები. დენი და წყალი რომ რუსულ კომპანიებს ეკუთვნის, მაშინ ესეც ხომ პროპაგანდაა.
"რუსული პროგანდა რომ გაძლიერდეს მას სოციალური ბაზა უნდა ჰქონდეს. საქართველოში რუსეთს ერთადერთი რაც არ შეუძლია, არის ის, რომ ბალტიისპირეთისგან განსხავებით მეხუთე კოლონა არ ჰყავს. აქ არ არის ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის ყაზახეთში. აი, მაგალითად, ესტონეთის დედაქალაქის მერი რუსია და გავლენა დიდია. მადლობა ღმერთს რუსული ფობია არ გვჭირს, რაც ძალიან კარგია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ცინცაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები თბილისში ჩამოვიდნენ, რასაც რამდენიმე ინციდენტი და კონტრაქცია მოჰყვა.