თბილისში, შარდენის ქუჩაზე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია, სახელწოდებით, "ნუ მაბოლებ!" გაიმართა. როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნაა რესტორნებსა და კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა.
"ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რაც შეიძლება სწრაფად გადადგან ნაბიჯები და რეალურად გაათავისუფლონ ყველა შენობა-ნაგებობა თამბაქოს კვამლისაგან. მათ შორის რესტორნები და ბარები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
"ვითხოვთ, რომ სწრაფად მოხდეს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა, ახალი კანონის მიღება, თავისი ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმით, საჯარიმო სანქციებით და კონკრეტული პასუხისმგებელი პირით, რომელიც რეალურად აღასრულებს ამ კანონის მოქმედებას", - განაცხადა ბახტურიძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში ჩატარებული 4 კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ შენობებში და სამუშაო ადგილებში მოწევის აკრძალვას.
როგორ ფიქრობთ, საზოგადოებრივ ადგილებში უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა? - ამ კითხვით "მთელმა კვმრამ" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): შესაძლოა, ჩემი მოსაზრება სუბიექტური იყოს, რადგან მოწევას თავი დავანებე, თუმცა ალბათ უნდა აიკრძალოს. საერთოდ განვითარებულ ქვეყნებში და ცივილიზებულ საზოგადოებაში უფრო ნაკლებად ეწევიან. ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ დახურულ შენობებში აიკრძალოს ან უკიდურეს შემთხვევაში სპეციალური ადგილები გამოიყოს.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ჩემი აზრით, უნდა აიკრძალოს. საქართველოში ძალიან ცუდია, რომ მამაკაცებთან შედარებით, ქალბატონები უფრო მეტს ეწევიან. ეს კატასტროფაა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონები პოტენციური დედები არიან. ისინი შვილებს ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ. სახელმწიფოს თუ უნდა, რომ ჯანმრთელი მომავალი თაობა ჰყავდეს, ამისათვის ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს.
ირმა სოხაძე (მომღერალი): საზოგადოებრივ ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს, ისინიც არ უნდა დავჩაგროთ. თუმცა ზოგადად უნდა აიკრძალოს, რადგან გარშემო მყოფებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ზიანის მომტანია. მთელ ევროპაში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აკრძალულია, სხვა ყველაფერში რომ ევროპას ვბაძავთ, ამაშიც დავემსგავსოთ.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ჩემი აზრით, დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს. რა თქმა უნდა, ღია ადგილებში მოწევის აკრძალვა არ შეიძლება. რესტორნებსა და ბარებში მწეველთათვის სპეციალური ადგილები უნდა გაკეთდეს.
მარინა ბერიძე (მუსიკათმცოდნე): მწეველი ვარ და ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა შევეჩვიოთ და ავკრძალოთ. მაგალითად, პირადად მე ბევრად უფრო ნაკლებს მოვწევ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე