გვანცა ღვედაშვილი
28.03.2016

 "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე სოსო ვახტანგაშვილი "მთელ კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" დატოვება-არდატოვების შესახებ გადაწყვეტილებას 3 აპრილს დანიშნულ ყრილობაზე მიიღებენ.

ვახტანგაშვილის თქმით, ჯერჯერობით პარტიის ინდივიდუალურ რეიტინგზე საუბარი ნაადრევია, თუმცა "ეროვნულ ფორუმს" მხარდამჭერები რომ მრავლად ჰყავს, ამაში ეჭვი არ ეპარება.

"მთელი კვირა": როგორც ცნობილია, 3 აპრილს "ეროვნული ფორუმის" ყრილობა იმართება. რა საკითხები იქნება განხილული?

სოსო ვახტანგაშვილი: მთლიანობაში მოხდება განვლილი საარჩევნო ციკლების შეჯამება - როგორი იყო პარტიის როლი 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე. აგრეთვე ვისაუბრებთ, სამომავლო გეგმების შესახებ როგორ იქნება წარმოდგენილი პარტია 2016 წლის არჩევნებზე.

"მ.კ.": შესაძლოა, რომ "ეროვნულმა ფორუმმა" მმართველი კოალიცია დატოვოს?

ს.ვ.: ყრილობაზე იქნება საუბარი, თუ რა ფორმით მიიღებს ფორუმი არჩევნებში მონაწილეობას, იქნება ეს კოალიციურად, თუ სხვა. ამ საკითხებზე გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა მიიღოს, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ არცერთ თემას, რომელზეც იქნება საუბარი. ჩვენ დავსახავთ ერთობლივ გეგმას, თუ რა ფორმით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას.

"მ.კ.": ანუ არ გამორიცხავთ, რომ ყრილობის შემდეგ "ეროვნულმა ფორუმმა" 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს?

ს.ვ.: ჩვენ პარტიის წევრებთან ერთად 2012 წელს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიარეთ, რათა ქვეყანაში ძირეული გარდატეხა მომხდარიყო. დამარცხებულიყო ავტორიტარული რეჟიმი და ხელისუფლების სადავეებს ჩამოშორებულიყო ის ძალა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

ეს არის ამ რიგითი ფორუმის, თუ მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის წევრების გმირობის, მამაცობისა და თავდადების ხარჯზე მიღწეული ღირსეული გამარჯვება, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვინდა მიზანშეწონილად ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე და ისინიც გავხადოთ მონაწილეები იმ ძირეული პროცესებისა, რასაც პარტიის განვითარება, მის მომავალ პოლიტიკურ კურსსა და სტრატეგიაზე მუშაობა ჰქვია.

ამიტომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რომელიც შეიძლება არ იყოს ერთგვაროვანი. მაგრამ ჩვენი შიდა პარტიული კუთხით ესეც დემოკრატიის მაჩვენებელია, ამიტომ ყველა არჩეულ დელეგატს მიეცემა საშუალება საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ისინიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ყრილობა მიიღებს.

ჩვენ არ გვინდა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს ვინმე იმის გამო, რომ პარტიას ჰყავს პოლიტსაბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ ვცდილობთ, პარტიაში ყველა საკითხის განხილვისას მაქსიმალური გამჭვირვალობა იყოს.

"მ.კ.": ვიხილავთ თუ არა "ეროვნულ ფორუმში" ახალ სახეებს?

ს.ვ.: ეს დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც განვითარდება ყრილობაზე, მის შემდგომ. ახლა რომ გითხრათ, რომ ვინმესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფორუმში შემოსვლაზე, ამას ვერ დაგიდასტურებთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პოლიტიკურ კურსს ავირჩევთ და როგორ გავაგრძელებთ საქმიანობას.

"მ.კ.": საუბარია, რომ "ფორუმის" საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება კახა შარტავაც. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

ს.ვ.: ეს არის თავად მისი გადაწყვეტილება, თუმცა, ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, რა და როგორ მოხდება. კახა არის პოლიტსაბჭოს წევრი, შესაბამისად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

"მ.კ.": როგორ შეაფასებდით ეროვნული ფორუმის" რეიტინგს იმ შემთხვევაში, თუ მომავალ არჩევნებში დამოუკიდებელ პარტიად გახვალთ?

ს.ვ.: ჩვენ არ ვართ იმ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც პირველად ვმონაწილეობთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება ფორუმში, რა რეიტინგი ექნება მას და რა პოზიციაზე გავა, უნდა მივანდოთ ქართველ ხალხს. ახლა მარჩიელობისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი.

შემდგომში, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, არის სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც ზომავენ ამ რეიტინგებს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ნაჩქარევი არის ამ საკითხზე საუბარი. თუმცა, გეტყვით იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ორგანიზაცია, "ეროვნული ფორუმი" იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ჰყავს, ამას ნამდვილად გეტყვით.

დანარჩენზე, რას შევთავაზებთ ამომრჩეველს, როგორი ფორმით გვექნება საუბარი ჩვენს საზოგადოებასთან, ეს არის უკვე ორმხრივი კონტაქტი. საზოგადოებამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა პარტიამ ისაუბროს თავის თავზე, რომელ ადგილზე გავა, რა რეიტინგი აქვს და ა.შ. ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო თემა. საინტერესოა ის, თუ რას და როგორი ფორმით შევთავაზებთ საზოგადოებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×