ღარიბაშვილი, სერგეენკო, კვირიკაშვილი, კახიშვილი, თალაკვაძე, კალაძე
თაკო მათეშვილი
28.03.2016

 გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ისევ "ქართული ოცნების" საარჩევნო სია იყო მოქცეული, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა არ წყდება. გაკეთდა განცხადებები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზეც.

მანამ, სანამ კოალიციის სია ცნობილი გახდება, ჩნდება კითხვის ნიშნები - თუ ვინ უნდა იყოს მისი პირველი ნომერი. ყველა თანხმდება იმაზე, რომ კოალიციის ხელმძღვანელობას კისერზე საკმაოდ მძიმე მისია აწევს, რადგან მან უნდა შეარჩიოს ადამიანი, რომელიც კოალიციაში შემავალი თითოეული პარტიისათვის მისაღები იქნება.

ასეთი ადამიანის შერჩევა კი, სპეციალისტების აზრით, საკმაოდ რთული იქნება. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ სწორედ ამიტომ შესაძლოა, პირველ ნომრად ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ.

პიარსპეციალისტები კი კოალიციას სიის პირველ ათეულში იმ მინისტრების შეყვანას ურჩევენ, რომლებიც ხალხში დადებითი იმიჯით სარგებლობენ და რომელთა საქმიანობაც გასული წლების განმავლობაში, ასე თუ ისე, წარმატებული იყო.

დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ ბიძინა ივანიშვილი ხშირად აცხადებს, რომ უკან დაბრუნებას აღარ აპირებს, ხმები მისი გადაწყვეტილების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით არ წყდება. ამ ხმებს კი განსაკუთრებით თავად მმართველი გუნდის წევრების განცხადებები ამძაფრებს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული ფორმით ჩაერთვება.

გასულ კვირას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იძულებული გახდა, ამ თემაზე კითხვებისათვის კიდევ ერთხელ ეპასუხა.

მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიაში ყოფნა გამორიცხა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ივანიშვილმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ის პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.

"ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა.

"ასეთი რაღაცები, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე", - განაცხადა კახა კალაძემ.

ივანიშვილის გადაწყვეტილების ურყევობას პოლიტოლოგები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან - პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, პროგრამა მინიმუმით დაკმაყოფილება, სიტყვის შესრულება, საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა და ა.შ.

მათი ნაწილი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არსებობს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი დაბრუნებით "ქართულ ოცნებას" საქმეს გაუფუჭებდა, რადგან ახლა მისი რეიტინგი არცთუ მაღალია.

"მას პოლიტიკაში დაბრუნება არ სჭირდება. მაშინ ბიზნესს თავი უნდა დაანებოს. ერთდროულად ქვეყნის პრემიერიც იყოს და ბიზნესმენიც, მარტივი არაა. იმ პერიოდში ეს შეძლო და პროგრამა მინიმუმი შეასრულა. პროგრამა მაქსიმუმის შესრულებაში კი სხვებს ეხმარება. სწორედ ამ ფორმით აგრძელებს მოღვაწეობას. ივანიშვილი არაა ის პიროვნება რომელიც თავის გადაწყვეტილებას კვირაში ერთხელ შეცვლის", - გვითხრა გასულ კვირას თემის კომენტირებისას პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ამის საჭიროება არც არსებობს, რადგან ივანიშვილის რეიტინგი დაცემულია. ამბობს, რომ ამას კვლევებიც ადასტურებს. ეს კი გარკვეულწილად "ქართული ოცნების" მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობითაა გამოწვეული, რასაც ხალხი ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში კვლავ აქტიურად რომც ჩაერთოს, "ქართული ოცნების" რეიტინგს მაღლა ვერ ასწევს, რადგან თავად მისი რეიტინგი არცთუ სახარბიელოა.

"მან თავის დროზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მოიხსნა და დაპირებების შესრულება თავისი გუნდის წევრებს გადააბარა. მას აღარ სურს, პასუხისმგებლობა ხელახლა აიღოს და დაპირებებზე პასუხი ისევ მას მოსთხოვონ. ეს არ აწყობს", - აცხადებს ჩიტაძე.

დაბრუნდება თუ არა ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ კი ხმები პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია.

მისი თქმით, აპრილში დაგეგმილ პარტიის ყრილობას ღარიბაშვილიც დაესწრება, სადაც გაირკვევა, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა "ოცნების" სამომავლო საქმიანობაში.

"რა თქმა უნდა, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციები აუცილებლად გვექნება, სადაც გაირკვევა, თუ როგორ და რა ფორმით ჩაერთვება ის პარტიის სამომავლო საქმიანობაში. სავარაუდოდ, რაღაც კონკრეტულ საკითხზე შევთანხმდებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატებისთვის უცნობია, ყოფილი პრემიერი პარტიის საქმიანობაში რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გამოცდილება და რესურსი პარტიას წაადგება.

"ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გამოცდილი კადრია, აქვს ქარიზმა და მისი ჩართვა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არჩევნებში მაღალი შედეგის მიღებას ხელს შეუწყობს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა სახის მონაწილეობაზე იქნება საუბარი, თუმცა ვიცი, რომ აპრილში გამართულ ყრილობაზე გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული იქნება", - აცხადებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოლიტოლოგებიც უფრო რეალისტურად მიიჩნევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ განსხვავებული მიდგომა აქვთ, თუმცა თანხმდებიან, რომ თუკი ის ისევ დაბრუნდა, აუცილებლად სიის პირველი ნომერი იქნება.

"ივანიშვილი არა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი კი აუცილებლად მობრუნდება. ოქტომბრის არჩევნებში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. რა ფორმით დაბრუნდება, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს. საპარლამენტო ცხოვრებაში აუცილებლად ჩაერთვება", - აღნიშნავს კვესელავა.

პოლიტოლოგი აქვე იმასაც აცხადებს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება იგივე ივანიშვილის დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ისინი ფაქტობრივად "ერთნი არიან". შედეგად, დარწმუნებულია, კოალიცია რომც დაიშალოს და "ქართული ოცნება" არჩევნებზე მარტო წარდგეს, მაინც გაიმარჯვებს. კვესელავა მიიჩნევს, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას მხოლოდ ინაშვილი და ბურჯანაძე გაუწევენ, თუკი გაერთიანდებიან.

სოსო ცისკარიშვილი: "დღეს კოალიციაში ურთიერთობები იმდენად არეულია, რომ პირველ ნომრად ჩასასმელი პირის მოძიება, რომელიც ყველასთვის მისაღებია, ძალიან რთული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო არია შესრულდება, სიის პირველი ნომერი, დიდი ალბათობით, ის იქნება.

"ვნახოთ, რას იტყვის თავად ღარიბაშვილი. დაველოდოთ მედიასივრცეში მის გამოჩენას. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ქართველი ამომრჩეველი ოვაციებით შეხვდება".

"ოცნების" ავანგარდი

მანამ, სანამ კოალიცია სიის საბოლოო ვერსიას წარმოადგენდეს, სპეციალისტები მის მიმართ რჩევებს არ იშურებენ. მსჯელობენ, თუ ვისი ჩასმა იქნება სიაში მომგებიანი და ვისი პირიქით - წამგებიანი. წამგებიან კანდიდატებს შორის პირველ რიგში რამდენიმე დეპუტატს ასახელებენ, რომელთა გამონათქვამები თუ ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და საკმაოდ დიდ სკანდალებსაც იწვევს.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია იმ რამდენიმე ადამიანის გვარს ასახელებს, რომლების საარჩევნო სიაში პირველ ადგილებზე განთავსებაც, მისი აზრით, კოალიციისათვის მომგებიანი იქნება.

ეს ადამიანები, გამზარდიას თქმით, არიან: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, თეორიულად, ირაკლი ღარიბაშვილიც, თუკი იგი კოალიციის რიგებში დაბრუნდება. ამბობს, რომ კარგი იქნება სიის სათავეში კახი კახიშვილის ჩასმაც, რადგან მას საკმაოდ დადებითი იმიჯი აქვს და ხალხის ნდობით სარგებლობს.

მისი თქმით, სიის პირველ ათეულში აუცილებლად ჩასვამდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს და დავით სერგეენკოსაც, რადგან ისინიც დადებითი იმიჯით სარგებლობენ.

ეს იმიჯი კი, გამზარდიას თქმით, არა მხოლოდ მათ მიერ გასულ წლებში გაწეულმა სამუშაომ და ეფექტურმა შედეგებმა განაპირობა, არამედ იმ მითებმაც, ადამიანურმა ისტორიებმა, რომლებიც ამ ადამიანებზე საკმაოდ ხშირად ვრცელდება.

"მითები საკმაოდ ძველი მეთოდია. თავის დროზე ასეთ მეთოდებს სპეციალურად მიმართავდნენ, რათა ლიდერების დადებითი თვისებები წარმოეჩინათ და ამას მასებზე დადებითად ემოქმედა.

"თანამედროვე ეპოქაში კი ამას გმირული საქციელის სისტემას უწოდებენ. ანუ, იმისათვის, რომ ლიდერი დადებითად გამოჩნდეს, გმირული საქციელის სისტემაში უნდა მოხვდეს.

"გმირული საქიელი იმას გულისხმობს, რომ ლიდერი აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რაც მის იმიჯს საგრძნობლად შეუწყობს ხელს. მაგალითად, ბოლო დროს კვირიკაშვილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ვიღაცას დაეხმარა და ამან კვირიკაშვილის იმიჯზე ნამდვილად კარგად იმოქმედა.

"მოკლედ, ასეთი შემთხვევები ლიდერზე ძალიან კარგად მოქმედებს, თუკი ხალხი იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი გულწრფელია და რეალური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, ირაკლი ალასანიასაც ჰქონდა ასეთი ისტორიის შექმნის მცდელობა და მეტროთი იმგზავრა.

"უნდოდა, ამით მის უბრალოებას გასმოდა ხაზი, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არცთუ კარგად მიიღო, იმიტომ, რომ მათ იციან - ეს ერთჯერადი იყო და ალასანია ყოველდღე მეტროთი არ მგზავრობს. ასე რომ, ამან ვერ გაჭრა", - ამბობს გამზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×