ლიკა ამირაშვილი
29.03.2016

პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. პარტიის წევრი დეპუტატები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხება, ხოლო, გავლენ თუ არა "რესპუბლიკელები" არჩევნებზე დამოუკიდებლად, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

პარტიაში არც იმას აზუსტებენ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში დატოვებენ თუ არა კოალიციურ უმრავლესობას და დაკავებულ სახელმწიფო თანამდებობებს.

"რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

"რესპუბლიკური პარტიის" არცერთი წევრი არცერთ თანამდებობას არ ტოვებს, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას არანაირ პრობლემას არ ვუქმნით, ყველა თავის ადგილზე რჩება", - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმაც განაცხადა, რომლის განმარტებითაც, პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს ეხება.

როგორ ფიქრობთ, გადაწყვეტილია თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" მიერ კოალიციის დატოვება და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): მოვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარის და დანარჩენი რესპუბლიკელების განცხადებებს. მათი მხრიდან ჯერჯერობით კოალიციის დატოვება არ დადასტურებულა. როგორც მათ თქვეს, საუბარია იმაზე, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას რა სტატუსით მიიღებენ.

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც განაცხადეს, თანამდებობის დატოვებას ჯერჯერობით არცერთი "რესპუბლიკელი" არ აპირებს. ვფიქრობ, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება, ამიტომ აქ რამე უარყოფითს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, მათი დატოვება-არდატოვება კოალიციის გადასაწყვეტი საკითხია.

 ვახტან ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, თუმცა არა კოალიციის დატოვების, არამედ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების შესახებ. ჩემი შეფასებით, უკეთესი იქნებოდა, რომ კოალიცია დღევანდელი მდგომარეობით შენარჩუნებულიყო და არჩევნებში ერთობლივად გამოსულიყვნენ.

რაც შეეხება კოალიციის დატოვებას, შესაძლოა, მათთვის მომგებიანი იყოს კოალიციის დატოვება და 2016 წლის არჩევნების კამპანიის დაწყება. ეს გადაწყვეტილება თუ მიიღეს, ვფიქრობ, მათი მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება. დღეს "რესპუბლიკელები" კოალიციას თუ დატოვებენ, ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც უმრავლესობას, ასევე პოლიტიკური პროცესების სტაბილურად განვითარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×