"რესპუბლიკელებმა" "ქართულ ოცნებასთან" წინასაარჩევნოდ ვაჭრობა დაიწყეს და რამდენიმე დღეში საზოგადოებას ამცნობენ, თუ რა შედეგი მიიღეს პარტია "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების შემდეგ - რჩებიან კოალიციაში თუარა და რა პირობით.
ხოლო თუკი გადაწყდა, რომ არჩევნებში კოალიციის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას, ახლავე გადადგებიან თუ არა "რესპუბლიკელი" 3 მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რაც ხელისუფლებისთვის ერთგვარი დარტყმაც კი იქნება.
"რესპუბლიკური პარტიის" კოალიციიდან გასვლასა და 4 "რესპუბლიკელი" მაღალი თანამდებობის პირის გადადგომაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ დილიდან თავად პარტიის ლიდერების მხრიდან ბუნდოვანი განცხადებები გაკეთდა იმაზე, რომ მათ გასულ შაბათ-კვირას უკვე იმსჯელეს და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რა ფორმით მიიღებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დააანონსეს, რომ გადაწყვეტილებას საზოგადოებას შუადღისას ამცნობდნენ, თუმცა შემდეგ შეცვალეს და განაცხადეს, რომ პარტიის გადაწყვეტილებას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.სწორედ ამ ბუნდოვანების გამო ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ "რესპუბლიკელებმა" კოალიციის მთავარ პარტიასთან ვაჭრობა დაიწყეს და უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს არა იმას, რაც ამ შაბათ-კვირას პარტიაში გადაწყვიტეს, არამედ იმას, რა შედეგი მოიტანა "ოცნება"-რესპუბლიკელებს შორის მოლაპარაკებებმა.
ჯერჯერობით პარტია კოალიციაში რჩება და "რესპუბლიკელი" მინისტრები - თანამდებობებზე. თუმცა რა დრომდე რჩებიან და არჩევნებზე ისევ ერთიანობას შეინარჩუნებენ თუ დაიშლებიან, ეს ცნობილი არ არის.
პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, პარტია განცხადებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს და შემდეგ ყველა კითხვას უპასუხებენ. კითხვაზე, ეს გამორიცხავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა პარტიამ კოალიცია დატოვოს, აღნიშნავს, რომ ეს "ამ საკითხზე საუბარს გამორიცხავს".
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან ისმოდა კითხვები, გადიან თუ რჩებიან კოალიციაში "რესპუბლიკელები" და გასვლის შემთხვევაში დატოვებენ თუ არა მინისტრები პოსტებს. ამ შეკითხვებზე პარტიის წევრები გადაჭრით არაფერს პასუხობდნენ, ამბობდნენ მხოლოდ იმას, რომ განცხადებები მალე პარტიაში გაკეთდებოდა. მოგვიანებით კი უკვე თქვეს ისიც, რომ არცერთი მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.
ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილის თქმით, მინისტრები თანამდებობებს არ დატოვებენ და ყველაფერზე პასუხი იქნება რამდენიმე დღეში.
"რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არცერთი სამთავრობო, თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრ თემურ ნერგაძის განცხადებით კი, პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" კოალიციიდან გასვლის თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, გამორიცხული არაფერია.
"რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან კოალიციის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებები "ქართული ოცნებინადაც" გაკეთდა. ნაწილმა თქვა, რომ ტრაგედია არ იქნება, თუკი "რესპუბლიკელები" კოალიციას დატოვებენ.
თამაზ მეჭიაურის თქმით, მას რამდენი ხანია აქვს იდეა, რომ ყველა პარტიამ ცალ-ცალკე მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტში შესვლის შედეგ მიღებული ხმების შესაბამისად მოითხოვონ პრივილეგიები.
ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით. ნაწილი მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელების" კოალიციაში დარჩენას მიესალმებიან.
დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის განცხადებით, დიდი პოლიტოლოგობა არ სჭირდება იმას, რომ რაც ახლა ხდება, ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა.
"ის, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში თეთრი ხელთათმნებით კეთდება, ჩვენთან ყოველთვის პრიმიტიულ, არასოლიდურ ფორმას იღებს. თეთრი ძაფითაა ყველაფერი ნაკერი, როდესაც დღის პირველ ნახევარში პარტია აცხადებს, რომ შუადღემდე გავაკეთებ საბოლოო განცხადებას, არჩევნებზე როგორ უნდა წარვდგეთო და დღის მეორე ნახევარში ამბობს, რომ დღეს არა და რამდენიმე დღეში ვიტყვითო, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ხდება.
"ცოტა ცივილიზებული ფორმა რომ მიეცათ და ძალიან აშკარა არ ყოფილიყო ეს ბაზრობის დონეზე ვაჭრობა, თქვეს, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, მაგრამ 2-3 დღეში გეტყვითო. თქვე დალოცვილებო, თუ გადაწყვეტილება მიღებულია, გამოაცხადეთ, ამ 2 დღეში რა უნდა შეიცვალოს?! 2-3 დღის შემდეგ, როდესაც უსუფაშვილი გამოვა და განცხადებას გააკეთებს, დაეტყობა, რომ მას ეს ღამეები არ უძინია. 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს ვაჭრობა და გამოაცხადებენ იმ შედეგს, რასაც "ქართულ ოცნებასთან" ამ ვაჭრობით მიიღებენ", - აცხადებს ცინცაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვირას პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ რუსთავში პარტიის საოლქო კონფერენციისას განაცხადა, რომ ცუდი არ იქნება, თუკი ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობასო.
"2012 წლიდან მოყოლებული, ვამბობდი, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის", - აღნიშნა კალაძემ.
ცინცაძის თქმით, თუნდაც ამ განცხადებით ჩანს, რომ "ქართული ოცნება" განიხილავს კოალიციის საერთოდ დაშლას და ესეც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ "რესპუბლიკელებმა" ამის საპასუხოდ უმალვე ვაჭრობა დაიწყეს.
მისი თვალსაზრისით, "რესპუბლიკელებმა" იციან, რომ კოალიციაში ივანიშვილის შემდეგ მათი პარტია წამყვანი ლოკომოტივია, თანაც დასავლეთის თვალში ერთადერთი აღიარებული პროდასავლური ძალაც და ამიტომაც ისინი ახლა ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ - ან დავრჩებით და რაღაც გარანტიებით, ან წავალთ და თან 3 მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავიყოლებთ, რაც კოალიციისთვის დიდი დარტყმა იქნება. მითუმეტეს, რომ ვარშავის სამიტის წინ თავდაცვის მინისტრის გადადგომა ევროპაში ცუდ მესიჯად აღიქმება.
"თუკი არ გაყარეს, დღეს "რესპუბლიკელები" მთავრობიდან არ გავლენ და ეს აგულაშვილმა და ხიდაშელმა ღია ტექსტით განაცხადეს. თუმცა უცებ 3 მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ძნელია. თანაც, თავდაცვის მინისტრის შეცვლა ვარშავის სამიტის წინ ცუდად აღიქმება.
"ვარშავის სამიტზე არაფერს ველოდებით, მაგრამ ხიდაშელის გადადგომის შემდეგ უკვე "რესპუბლიკელები" ამ არაფრის მოცემას იმით ახსნიან, რომ ჩვენი წასვლის გამო გადაწყვიტა ნატომ, საქართველო აღარ არის პროდასავლურიო. ამდენად, მომენტი ძალიან ჭკვიანურად არის შერჩეული და "რესპუბლიკელებს" ეს ღირსებას მატებს.
"ასევე არის მეორე ვარიანტიც, "რესპუბლიკელებს" სულ პრეტენზიები აქვთ და მათი მოსაწონი ისეთი მთავრობა ვერა და ვერ მოვიდა, რომ არჩევნებამდე შუა გზაზე ტლინკები არ ჰყარონ?! გამოვიდა ხმები, რომ "რესპუბლიკელებს" დარჩენა უნდათ, მაგრამ ღარიბი ნათესავის უფლებით დარჩენა - არა. დაბალი რეიტინგის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში უფრო მყარი ხმის უფლება სურთ.
"გამსვლელ სიაში მინიმუმ 15-20 ადგილს ითხოვენ, თანაც პარლამენტის თავმჯდომარით და კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტსაც. ასევე მინიმუმ ისევ 3 მინისტრი მაინც უნდათ კაბინეტში. უმცირესობაში ყოფნა, ისე, რომ ვერაფერში თავისი ვერ გაიტანონ, არ უნდათ.
"შესაძლოა, თავდაცვის გარდა სხვა საკვანძო სამინისტროს პორტფელიც უნდათ. "რესპუბლიკელებმა" ნახეს, რომ ახლა ვაჭრობა ღირს, რადგან შემდეგ შეიძლება გვიან იყოს. ვნახოთ, 2-3 დღის შემდეგ მათ პრეტენზიებს რა შედეგი მოჰყვება. ასეთი ხმაურის შემდეგ, ეს პოლიტიკის დაუწერელი კანონია, არანაირი მიღწევით დარჩენა და სახის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება", - მიიჩნევს ცინცაძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს იმასაც, რომ "რესპუბლიკელებისთვის" ასევე ძალიან ცუდი, განგაშის ზარია იგივე ღარიბაშვილის პოლიტიკურ რეანიმაციაზე დაწყებული ლაპარაკი, ვინაიდან თუ ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი მთავარი ფუნქცია "რესპუბლიკელების" დასუსტება იქნება.
ღარიბაშვილს ძაღლის ნაკბენივით ემახსოვრება მისი გადადგომის შემდეგ ლევან ბერძენიშვილის უტაქტო განცხადება, ჩემთვის ღარიბაშვილი არ არსებობსო.
ცინცაძის პროგნოზით, ახლა "რესპუბლიკელებმა" თუკი ცალკე გასვლაზე გააკეთეს განცხადება, ეს ნიშნავს, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ და ეს იქნება სკანდალი, ამას უფრთხის "ქართული ოცნება", ამიტომ ძალიან რთული სიტუაციაა.