ლიკა ამირაშვილი
30.03.2016

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში იყოს. ამის შესახებ იზორიამ გუშინ, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

"ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, ცალსახად თანხმობის ან უარყოფის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, ყველანაირი ვერსიის დაშვება შეიძლება", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, კადრების გატანას ერთი დღე სჭირდება, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ვიდრე ახალი ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაიბარებდა, "მავანთ" ამ კადრების გატანისთვის დაახლოებით 25 დღე ჰქონდათ.

"რეაგირებას მაშინვე ვერ მოვახდენდით, რადგან უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ხდება ამ კადრების გავრცელება უცხოეთიდან. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გარკვეული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი დახმარებისთვის მივმართეთ საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს - ლაპარაკია "გუგლზე", "ფეისბუქზე", "იუთუბზე". მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთსა და ლიტვაზე. შესაბამისად, ფაქტები მოწმობს, რომ კადრები გატანილია", - განაცხადა იზორიამ.

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რუსეთის ხელში იყოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, შესაძლოა, ნებისმიერი ქვეყნის ხელში იყოს. რატომ მაინცდამაინც რუსეთი? ეს შესაძლოა რუსეთიც იყოს და სხვა ნესმიერი ქვეყანაც. მაგალითად, რატომ არ შეიძლება იყოს პაკისტანი? ან თუნდაც უნგრეთი და ავსტრია არ შეიძლება იყოს?

კადრები, შესაძლოა, ნებისმიერი ქვეყნიდან იყოს წამოსული, იმიტომ რომ სად არის გატანილი, სამალავი სად ჰქონდათ, არავინ იცის. დავანებოთ თავი მაინცდამაინც რუსეთის პროვოცირებას და ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას შევეშვათ. ეს კადრები შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში იყოს.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): ამ საკითხზე ჩემი პირველი კომენტარი ის იყო, რომ კადრების გავრცელებაში რუსეთის ხელი ურევია. კადრების გავრცელების უკან გლობალურ პოლიტიკას უფრო ვხედავ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკოსის ან პიროვნების გამწარებას. მგონია, რომ ამით საქართველოს ომი გამოუცხადეს. ვთვლი, რომ საქართველო საომარ მოქმედებაშია, ვინც გვებრძვის, ყველამ კარგად ვიცით და ეს რუსეთის ადმინისტრაციაა.

როდესაც რუსეთზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანას არ ვგულისხმობ. ვიცი, რომ უკვე პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციაც მოძლიერდა. დიახ, მგონია, რომ თუ ვინმეს სჭირდებოდა ამ კადრების გამოქვეყნება, ეს რუსეთია. თუმცა, რა თქმა უნდა, ასე დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს პოზიცია აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის.

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): ეს კადრები ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს. ვინც ეს კადრები გადაიღო, შეეძლო ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გადაეცა. მაგალითად, ამერიკულ საიტებზე ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყიდება.

გამოდის, რომ კადრები ნებისმიერი მოქალაქისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა. რა თქმა უნდა, ვინც ეს გაავრცელა, უდიდესი დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისი სასჯელიც უნდა მიეზღოს, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეა ის, ვინც ეს მასალა შექმნა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მეგობრული არ არის, ამიტომ შესაძლებელია, მათი ატვირთვა რუსეთიდანაც მომხდარიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×