ია აბულაშვილი
30.03.2016

 წინასაარჩევნო გარემოსა და იმაზე, რა კონფიგურაციით მივა მმართველი კოალიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

"რეზონანსი": იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ამ ბოლო დროს მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების მხრიდან კეთდება, თქვენი აზრით, ამჟამინდელი კონფიგურაციის რომელი სუბიექტი შემორჩება კოალიციას?

პეტრე მამრაძე: განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, გრძელდება ხმაური. ამ მხრივ საგულისხმოა "რესპულიკელების" ბოლოდროინდელი განცხადებები. ქვეყნის პრემიერი კვირიკაშვილი თავის საჯარო გამოსვლებში აცხადებდა, რომ უნდა შეწყდეს დაპირისპირება კოალიციაში და რომ მას არ გაუჭირდებოდა სათანადო ზომების მიღება, ანუ თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება. შედგა გარკვეული გარიგება, რომ თავს დაანებებდნენ ამ მართლაც სამარცხვინო და კოალიციისთვის საზიანო დაპირისპირებას.

არჩევნებამდე ექსცესებზე უარს იტყოდნენ, სამაგიეროდ, ამას თუ შეასრულებენ, პრემიერი არავის მოხსნის და პროკურატურაც ვერ აღმოაჩენდა საგარეჯოს არჩევნებში გაყალბების ნიშნებს. აი, ასეთ ფაზაში ვართ ახლა. უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა დაურეკა და დაელაპარაკა მას, ესეც ნიშანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მაინც დასჭირდათ ხმაური.

მე სულ ვამბოდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ "რესპულიკელები" კოალიციიდან არ გავლენ, თანამდებობებსაც არ დატოვებენ, მაგრამ არჩევნებში მათი მონაწილოების ფორმატი ღიად რჩება.

"რ": თუმცა ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ "რესპულიკელები" შეძლებენ დამოუკიდებლადაც გავიდნენ არჩევნებზე ან სხვა კოალიციაში შევიდნენ.

პ.მ: დამოუკიდებლად გასვლის შანსი აქვთ, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენ ხმას მიიღებენ ასეთ შემთხვევაში. ჩემი შეფასებით ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ. ვისთან შევლენ კოალიციაში, ესეც სრულიად გაუგებარია. ალასანიამ უკვე განაცხადა, რომ მათთან კოალიციაში არ შევა. ასევე გამორიცხულია ბურჯანაძეც და "პატრიოტთა ალიანსიც". ნაცებთან გაერთიანება კი მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

"რ": მაშინ ან "ოცნებასთან", ან პარლამენტს გარეთ დარჩენის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის სტატუსით დარჩებიან, ეს გინდათ თქვათ?

პ.მ: "რესპულიკელებმა", რბილად რომ ვთქვათ, კარგად იციან, რომ "ოცნებაში" არ უყვართ და კოალიციაში დარჩენის შემთხვევაში ვეღარ მიიღებენ ისეთ კვოტებს, როგორიც 2012 წელს მიიღეს. აღარ ეყოლებათ თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და ა.შ. შეიძლება ერჩივნოთ მარტოც გავიდნენ, თუნდაც პარლამენტში არ შევიდნენ და ოპოზიციურ პარტიად იქცნენ.

უსუფაშვილმა სამართლიანად აღნიშნა, რომ რესპულიკურ პარტიას აქვს გამოცდილება როგორც პარლამენტს შიგნით მოქმედების, ისე არასაპარლამენტო პარტიის სტატუსით მუშაობისა და პარლამენტს გარეთ დარჩენით რესპულიკური პარტია არ დაიშლება. ეს მართლაც ასეა.

"რ": "მრეწველებს" ან ფორუმს აქვთ მომავალი მმართველ კოალიციაში?

პ.მ: "მრეწველები", როგორც პარტია, შეიძლება დარჩეს, ოღონდ ახალი სახეებით. ფორუმი არა მგონია დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე ან ვინმე სხვასთან კოალიციაში ვიხილოთ.

"რ": ცნობილი ფაქტია ოპოზიციის დაქსაქსულობაც და ამბიციებიც, მაგრამ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციას, მაგალითად ბურჯანაძეს ან "პატრიოტთა ალიანსს", ან პარლამენტში მყოფ "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ შანსი გამარჯვება მოპოვონ მომავალ არჩევნებში?

პ.მ: ალასანიას არავითარი შანსი არ აქვს, არც ბურჯანაძეს. "პატრიოტთა ალიანსი" ბარიერს გადალახავს სწორი მოქმედების შემთხვევაში.

"რ": "ნაცმორაობა" უკვე როგორც მომხდარ ფაქტზე ისე მსჯელობს "ოცნების" გარდაუვალ დამარცხებაზე და იმედიც აქვს, რომ უმრავლესობით მოვა პარლამენტში...

პ.მ: იმედი ნამდვილად არა აქვთ მათ, ვისაც ამ პარტიაში ჭკუა მოეკითხება. ვინც არაადეკვატურია და რეალობას მოწყვეტილი, ეს მათი პრობლემაა. გაიხსენეთ, რა დაწერა ანდრო ბარნოვმა, რომელმაც დიდი ენთუზიაზმით იმუშავა "ნაცების" პარტიაში და ბოლოს მიატოვა. მან თქვა, რომ "ნაცების" რიგებში სრული მარაზმი სუფევს და ეს მართლაც ასეა. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 10% მხარს უჭერს "ნაცებს" და არჩევნებზე დაბალი დასწრების შემთხვევაში ეს 10% შეიძლება გახდეს ამომრჩეველთა 20-25%, ვინაიდან მათი მხარდამჭერები ნამდვილად მივლენ არჩევნებზე, თუნდაც ცუდი ამინდის პირობებში. შეგახსენებთ, დავით ბაქრაძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ასე აიღო 22 თუ 23%. "ოცნების" უნიათობის ფონზე კი, თუ ბევრი ადამიანი არ მივა არჩევნებზე, "ნაცებმა" შეიძლება 10%-ზე მეტი აიღონ.

"რ": თქვენი აზრით, რამდენად გაუჭირდება მმართველ კოალიციას ხელისუფლების სათავეში დარჩენა და რა უნდა შეჰპირდეს ისეთი ამომრჩეველს, რომ მისი ნდობა დაიბრუნოს?

პ.მ: "ოცნება" მძიმე მდგომარეობაშია. ივანიშვილის გარემოცვამ მოახერხა გაეფლანგა ის ვეებერთელა მხარდაჭერა, პოლიტიკური კაპიტალი, რაც ივანიშვილს ჰქონდა. 2012 წელს ადამ მიხნიკი ამბობდა, რომ ივანიშვილს საქართველოში აქვს ის საერთო სახალხო მხარდაჭერა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მილიარდები ვერ შეიძენდა. სამწუხაროდ, დღეს ეს რესურსი დაკარგულია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მოიპოვოს კვლავ ამომრჩევლის ნდობა: ალბათ მათი ახალი ლოზუნგი იქნება და აქცენტი გაკეთდება სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე. იტყვიან, რომ ეს წლები იყო იძულებითი კოჰაბიტაცია, რომ ენერგია და ძალისხმევა იხარჯებოდა სააკაშვილის საშინელი მემკვიდრეობის დაძლევაზე, მაგრამ მაინც მოახერხეს ბევრი რამის გაკეთება. აჩვენებენ შესაბამის ციფრებს და გამოაცხადებენ, რომ ახლა კი ნამდვილად დაიწყება ქვეყნის შეუქცევადი განვითარება, იქნება ინვესტიციების შემოდინება, მრავალი სასიკეთო პროექტები განხორციელდება, შემოსავლები გაიზრდება, ლარის კურსი გამყარდება სამუშაო ადგილები შეიქმნება და ა.შ. მაგრამ ეს კამპანია ეფექტური ვერ იქნება.

სამაგიეროდ ეფექტიანი იქნება ადმინისტრაციული რესუსის გამოყენება. "ოცნება" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც აქვს საშუალება ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის საშუალებით შექმნას რეგიონალური ორგანიზაციების ქსელი და უზრუნველყოს ადამიანების დასწრება და ხმის მიცემა "ოცნების" სასარგებლოდ. საქართველოში ადმინიტრაციული რესურსი აგებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გორდება საერთო-სახალხო მოძრაობის ძლიერი ტალღა ხელისუთფლების წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსი იგებს, ანუ ხელისუფლებაში მყოფი დაჯგუფება ინარჩუნებს ძალაუფლებას.

ჯერჯერობით ხალხის უკმაყოფილება საერთო-სახალხო მოძრაობისთვის საჭირო დონეზე არ ადის, არც ოპოზიციაში არ არსებობს პიროვნება, რომელსაც ადამიანები მასობრივად ენდობიან, ჩვენ ხომ ხმას პიროვნებას ვაძლევთ და არა პროგრამებს. ვერც ქართველი ბიზნესმენები ვერ გაბედავენ სხვა პარტიები დააფინანსონ. ასე რომ, "ოცნებამ" წესით და რიგით უნდა გაიმარჯვოს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×