2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თუკი კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება და მასში შემავალი 5-ვე პარტია ცალ-ცალკე იყრის კენჭს, მნიშვნელოვანი ხდება, რომელ პარტიას რა შანსი აქვს პარლამენტში ხელახლა შესასვლელად და ვის ემუქრება პარლამენტს მიღმა დარჩენის საფრთხე.
იმის გამო, რომ პარტიების რეიტინგზე რაიმე საჯარო სოციოლოგიური კვლევა ბოლო დროს არ გამოქვეყნებულა, კვლევაზე დაყრდნობით ამა თუ იმ პარტიის შანსების შეფასება რთულია. მით უფრო, რომ რაც კოალიცია "ქართული ოცნება" შეიქმნა, არც ერთ კვლევაში კოალიციაში შემავალი პარტიების რეიტინგი ცალ-ცალკე არ გაზომილა.
თუმცა პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ზოგადი სურათის მიხედვით აკეთებენ დასკვნებს და ერთ რამეში თითქმის ყველა თანხმდება - პარტია "ქართული ოცნება" კოალიციის ფორმით თუ ცალკე კენჭისყრით დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებს, რადგან მისი მთავარი კოზირი, 2012 წლის მსგავსად, ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ანალიტიკოსების თვალსაზრისით, "ოცნების" შემდეგ შანსები აქვთ "მრეწველებს", რომლებიც თოფაძე-"რესპუბლიკელების" დაპირისპირებამდე თითქმის არავის ახსოვდა, თუმცა ამ ხმაურის შემდეგ რუსეთისადმი ლოიალური ამომრჩევლის ნაწილის თვალში რაღაც სიმპათიებიც კი დაიმსახურეს, თუნდაც სტალინის სახელთან დაკავშირებული ნოსტალგიის გამო.
"კონსერვატორები" თითქმის უიმედოები არიან. ასევე გაურკვეველია "ეროვნული ფორუმის" შანსები. ამ საპარლამენტო ცხოვრებისას "ფორუმმა" ამომრჩევლებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა და თუკი პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით რაიმე ხმამაღალ, მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამენ და ელექტორატს თავს არ შეახსენებენ, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ.
ასევე გაურკვეველია, რა მხარდაჭერა აქვთ მთავრობასა და პარლამენტში არცთუ უმნიშვნელოდ წარმოჩენილ "რესპუბლიკელებს". მათ არც წარსული გამოცდილება აქვთ ცალკე, საარჩევნო ბლოკის გარეშე საპარლამენტო მანდატების მოპოვების და არც მათი ბოლო წლების რეიტინგი თუ ამ რეიტინგის დინამიკაა ცნობილი. ხოლო თუკი გათვლას მარტო პროდასავლური კუთხით გააკეთებენ, ამ მიმართულებით მათ ანგარიშგასაწევი კონკურენტებიც ჰყავთ - "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები".
პოლიტოლოგების თვალსაზრისით, "რესპუბლიკელებს" ცალკე ბრძოლა გაუჭირდებათ, მათ მხოლოდ რომელიმე მომიჯნავე პარტიასთან, მაგალითად "თავისუფალ დემოკრატებთან" ბლოკის შექმნის შემთხვევაში ექნებათ პარლამენტში ისევ მოხვედრის შესაძლებლობა. მით უფრო, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და მათი ლიბერალური შეხედულებებიც ამომრჩევლის ფართო მასებისთვის გაუგებარი და მიუღებელია.
დღეს კოალიციაში 5 პარტიაა გაერთიანებული, ყველაზე დიდი ფრაქცია პარლამენტში თავად კოალიციის შემქმნელ პარტიას - "ქართულ ოცნებას" აქვს - 47 დეპუტატით. მეორე ადგილზეა ფრაქცია "რესპუბლიკელები" 10 კაცით, რომელსაც პარლამენტში ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე და ორი კომიტეტის თავმჯდომარე. დანარჩენ სამ პარტიას, "ეროვნულ ფორუმს", "მრეწველებსა" და "კონსერვატორებს" 6-6 კაციანი ფრაქციები აქვთ.
კოალიციის გასვლა-დარჩენაზე პირველად ირიბად საუბარი "ეროვნულმა ფორუმმა" დაიწყო. 3 აპრილს პარტია ყრილობას ატარებს, სადაც გაცხადდება, რა ფორმით გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას. გაკეთდა განცხადება იმაზე, რომ თუკი პარტია გასვლას გადაწყვეტს, ეს იმ ფორმით მოხდება, რომ კოალიციას რაიმე ზიანი არ მიადგეს.
ორი დღეა არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე საუბარი დაიწყეს "რესპუბლიკელებმა". შაბათ-კვირას პარტიამ ეროვნული კომიტეტის სხდომა ჩაატარა და როგორც ლიდერები აცხადებენ, პარტიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებზე რა ფორმით და კონფიგურაციით მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა რატომღაც გადაწყვეტილება ჯერ საიდუმლოა და საზოგადოებას მხოლოდ რამდენიმე დღეში ამცნობენ.
"მრეწველები" აცხადებენ, რომ ისინი ისე მოიქცევიან, როგორც კოალიცია გადაწყვეტს და მათ არჩევნებში კოალიციის გარეშე გამარჯვების გამოცდილებაც გააჩნიათ.
"ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი პარტიის პირველ ადგილზე გასვლას საფრთხე არ ემუქრება, კოალიციით თუ კოალიციის გარეშე ისინი პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებენ.
დეპუტატი თამაზ მეჭიაური უკვე რამდენი ხანია გაიძახის იმას, რომ კოალიცია უნდა დაიშალოს, ყველა პარტიამ ცალ-ცალკე მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ პარლამენტში შეიქმნას უკვე საპარლამენტო კოალიცია, სადაც მანდატების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება თანამდებობებიც და პასუხისმგებლობებიც.
მეჭიაურის თქმით, როდესაც ამაზე ლაპარაკი დაიწყო, თავიდან "თეთრი ყვავივით" იყო, მაგრამ ახლა პარტიაში მის პოზიციას ბევრი იზიარებს.
ბოლო დროს ძალიან გახშირდა განცხადებები იმაზე, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლა ტრაგედია არ არის. თვით პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძის თქმითაც, კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება და ეს არც სენსაციაა და არც კატასტროფა.
პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ იგორ კვესელავას თქმით, კოალიცია უნდა დაიშალოს და პარტია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს, რადგან მიიჩნევს, რომ ის კოალიციის ფარგლებში თუ დამოუკიდებლად ხმების ერთსა და იმავე რაოდენობას აიღებს, კოალიციის შემთხვევაში კი ეს აღებული პროცენტები სხვებსაც უნდა გადაუნაწილოს, რის გამოც მანდატებს კარგავს.
"დამოუკიდებლად კენჭისყრა "ქართულ ოცნებას" მეტ შანსს მისცემს პარლამენტში უფრო მეტი თავისი წარმომადგენელი გაიყვანოს, ვიდრე კოალიციურ რეჟიმში. ეს იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში, ქართულ საზოგადოებაში "რესპუბლიკელებს" ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ. მათი პარტიის იდეოლოგია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელია. ამას თავად ძალიან კარგად გრძნობენ და დარწმუნებული ვარ, თუკი "რესპუბლიკელები" საერთოდ დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე, შესაძლოა პარლამენტში მოხვედრაც კი გაუჭირდეთ," - მიიჩნევს კვესელავა.
კვესელავას თვალსაზრისით, "რესპუბლიკელები" თუ "თავისუფალი დემოკრატები" 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრორუსულობაში დადანაშაულების გამო დასავლეთიდან კითხვების თავიდან ასაცილებლად სჭირდებოდა. დღეს კი "რესპუბლიკელების" საჭიროება აღარ არსებობს.
პოლიტოლოგი "ეროვნულ ფორუმს", "მრეწველებსა" და "კონსერვატორებს" დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში ბარიერის გადალახვას არ უწინასწარმეტყველებს.
"დიდი პატივისცემის მიუხედავად მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი თითქმის არა აქვთ. თუმცა არის ერთი შესაძლებლობაც. თუკი არჩევნების წინ ითქმება, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს პარტიები "ქართულ ოცნებასთან" ისევ ერთ კოალიციად შეიკვრებიან, მაშინ რაღაც შანსები შეიძლება მიეცეთ. "მრეწველებსა" და "ფორუმს" "რესპუბლიკელებზე" ცოტა მეტი შანსი მაინც გააჩნიათ," - დასძენს კვესელავა.
პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის, რამაზ საყვარელიძის თქმით, როგორც განცხადებებიდან ჩანს, ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ საპარლამენტო კოალიცია, რომელმაც დააკომპლექტა მთავრობა, ამ პარლამენტის ვადის ბოლომდე დარჩება, მაგრამ საარჩევნო ბლოკში ეს პარტიები შესაძლოა ცალ-ცალკე იყვნენ.
ამბობს, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები ამ 4 წლის განმავლობაში ფიგურირებდნენ როგორც დიდი "ოცნების" ნაწილი. ასე, რომ, მოსახლეობა ცალკე მათ აღსაქმელად მზად არ არის და მათ გასვლას ეს სირთულე ახლავს.
"ამდენად, მათ დარჩენილ პერიოდში ამომრჩევლის ცნობიერებაში საკუთარი სახის შექმნა და ჩაბეჭდვა უნდა მოასწრონ. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და დარჩენილ დროში ეს რთულია," - ამბობს საყვარელიძე.
მისი თვალსაზრისით, კოალიციის დაშლა თავად პარტია "ქართული ოცნებისთვის" დიდი დანაკარგი არ იქნება, რადგან მას ექსპრემიერ ივანიშვილის ფაქტორი რჩება. სამაგიეროდ, იმ პარტიებს, რომლებსაც ივანიშვილის კალთა არ ექნებათ გადაფარებული, შეუძლიათ ის ხმები აიღონ, რომლებიც კოალიციამ 2012-ში მიიღო, მაგრამ დღეისთვის ივანიშვილის მიმართ უკმაყოფილების გამო დაკარგა.
"ეს ის ამომრჩეველია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" არ აპირებს ხმის მიცემას და ამავე დროს ივანიშვილისთვისაც, ანუ მისი პარტიისთვის. ამ ხმებმა შეიძლება კოალიციიდან გასული პარტიები კვებოს," - მიიჩნევს საყვარელიძე.
საყვარელიძეს უჭირს იმის თქმა, დამოუკიდებლად კენჭისყრის შემთხვევაში პარტია "ქართული ოცნების" გარდა ბლოკიდან გასული რომელი პარტია შეძლებს პარლამენტში შესვლას. ამბობს, რომ მთავარია ვინ რა "მოხდენილ ნაბიჯს" და კარგად გათვლილ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, რადგან პარტიამ შეიძლება ერთ დღეს შეიცვალოს რეიტინგი.
პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ მაგალითად თუკი "რესპუბლიკელები" მხოლოდ საგარეო კურსს გაიხდის ერთადერთ ნიშად, მათ "ნაციონალებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" კონკურენცია გაუჭირდება. ამიტომ პარტიებმა გეოპოლიტიკური ნიშის გარდა სხვა თემებიც უნდა წამოწიონ წინ - მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, გადასახადების შემცირება-გაზრდაზე, დარგების განვითარებაზე და ა.შ.
თვლის, რომ პოლიტიკური თემატიკა უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს, რადგან დარგები და პრობლემები ბევრი გვაქვს.
"მრეწველების" შანსებზე საუბრისას საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო დროის თოფაძე-"რესპუბლიკელების" დაპირისპირებამ თითქმის დავიწყებას მიცემული "მრეწველები" გააცოცხლა.
"ის, რომ საქარველოში სტალინის ძეგლების დადგმის მომხრე არცთუ ცოტაა, არ ნიშნავს იმას, რომ კომუნისტური პარტიის მიმართ არის ნოსტალგია. აქ პოლიტიკური შინაარსის ჩადება არ ღირს, აქ უფრო ეთნოფსიქოლოგიური შინაარსი დევს. მეც ქართველი ვარ და სტალინიც ქარველი იყო - ეს დამოკიდებულებაა, ამიტომ თოფაძის განცხადებებმა მას მხარდამჭერები მოუმატა. თუმცა ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც თოფაძე აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა ამ დაპირისპირებამ "რესპუბლიკელებს" რა დივიდენდები მიუტანა, ეს ჯერ არ ჩანს. საინტერესო იქნება მომავალი კონკრეტული გამოკვლევებიც. კვლევების გარეშე საუბარი რთულია. თან იმდენად სწრაფი ტემპით მიდის განწყობის ცვლილება, რომ თუნდაც რაიმე კვლევა ახლა რომ გვქონდეს, შესაძლოა რამდენიმე თვეში სურათი სავსებით შეიცვალოს კიდეც," - ამბობს საყვარელიძე.