"სითი პარკს" იმ საპარკინგო ადგილებს ჩამოართმევენ, რომლებიც ქვეითებს გადაადგილებაში ხელს უშლის. აგრეთვე იგეგმება მრავალსართულიანი პარკინგების აშენება. ამ ინფორმაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ავრცელებს. მისივე თქმით, "სითი პარკს" პარკინგისთვის გამოყოფილი 1500-მდე ადგილი ეტაპობრივად ჩამოერთმევა.
"დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ეტაპობრივად გაუქმდება ამ ადგილებზე პარკირება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის დისკომფორტი ავტომობილების მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ შემხვედრი ღონისძიებაც დავიწყეთ და დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში ჩაბარდება თბილისის მერიას და ამის მიხედვით მოვამზადებთ საინვესტიციო პროექტებს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერია ჯერჯერობით სხვა დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
"რეზონანსი" საკრებულოს წევრ ჯაბა სამუშიას ესაუბრა, რომლის თქმითაც, დედაქალაქში არსებული გადატვირთული მოძრაობის განსამუხტად მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობა ძალზე მნიშვნელოვანია.
"მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ სისტემამ მთელს მსოფლიოში გაამართლა. ქალაქის ყველაზე დატვირთულ ნაწილში მსგავსი ტიპის პარკნგებმა საგზაო მოძრაობები განტვირთა.
"აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში მოძრაობა არა მხოლოდ პიკის საათებში, არამედ ჩვეულებრივ დროსაც ჭირს. ამის შესახებ ნებისმიერი თბილისელი გეტყვით, რომელიც ქალაქში ავტომობილით გადაადგილდება.
"ეს პრობლემა იმ დაუგეგმავი გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო, როცა "სითი პარკს" უფლება მისცა, რომ დედაქალაქის ქუჩები შეევიწროებინა. ამის შედეგად ჩვენ არა პრობლემის აღმოფხრის საშუალება, არამედ ფულის გაკეთების გზა მივიღეთ," - აცხადებს სამუშია.
მისივე თქმით, "სითი პარკისთვის" პარკინგების ადგილის გამოყოფამ ისედაც ვიწრო ქუჩებისთვის, სადაც გადაადგილება ცალმხრივად ხდებოდა, არსებული მდგომარეობა უფრო დაამძიმა, რადგან ქუჩის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. როგორც სამუშია აღნიშნავს, სავალდებულო გახდა, რომ ყველა ახლად აშენებულ შენობას პარკინგის ადგილი გააჩნდეს.
"არის ქუჩები, მაგალითად ვაკეში, საბურთალოზე, სადაც მოძრაობა ცალმხრივია, მაგრამ თვითონ ქუჩა არის ძალიან ვიწრო, რასაც ემატება სითი პარკის მიერ დახაზული გამოყოფილი ადგილი მანქანების გასაჩერებლად და ქუჩის გამტარიანობა ძალზე იზღუდება. რეალურად როცა შესაძლებელი იყო ასეთ ვიწრო ქუჩაზე ერთმანეთის გვერდით ორ მანქანას გაევლო, ახალა ეს "სითი პარკის" გამო თითქმის შეუძლებელია, რადგან მანქანის გასაჩერებლად ადგილი ცალკეა გამოყოფილი, რაც ასეთი ქუჩებისთვის კატასტროფაა.
"არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თბილისში პირველად სავალდებულო გახდა, შენობა-ნაგებობებს მიწის ქვეშ პარკინგი ჰქონდეს. ეს ნორმა რომ ადრევე ყოფილიყო მიღებული, რეალურად ამდენი ავტომანქანა გარეთ არ იდგებოდა და ისინი თავიანთი სახლების ქვემოთ იქნებოდა გაჩერებული.
"ყველაზე დიდი იუმორი ის არის, რომ ჩვენი კოლეგები, ის ადამიანები, რომლებმაც ქალაქს თავს "სითი პარკის" პრობლემა მოახვიეს, რის გამოც უამრავ ქუჩაზე საცობის პრობლემა გაჩნდა, ადამიანები, რომლებიც მშენებლობის უფლებას გასცემდნენ და არ ითვალისწინებდნენ თუ სად შეიძლებოდა ადამიანს ავტომობილი გაეჩერებინა, ახლა პარკინგის და საცობების პრობლემებზე გველაპარაკებიან.
"ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ის თანხაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, ქალაქში ახალი ე.წ. "ჭკვიანი" შუქნიშნების დამონტაჟება. შუქნიშნები ძირითადად იქნება იმ პერიფერიულ დასახლებებში, სადაც ეს საკითხები ძალზე პრობლემატურია. ლოკაციებს საკრებულო არ განსაზღვრავს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთი არის კონკრეტულ ადგილებზე დასამონტაჟებელი შუქნიშნები და მეორე, ეს არის საჭიროებიდან გამომდინარე," - გვითხრა სამუშიამ.