"კოალიციის დაშლა ხელს აძლევს ყველას, გარდა თავად "ქართული ოცნებისა"
თაკო მათეშვილი
31.03.2016

 პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი კოალიციის დაშლას შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ რეალურად ქვეყანას ახლა ძლიერი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ისარგებლებს.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე კოალიციაში შემავალი პარტიები ცალ-ცალკე წარსდგებიან, ძაბირაძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა ხმები დაიქსაქსება. შედეგად, არჩევნებში გამარჯვება რომელიმე მათგანმა რომც შეძლოს, პარლამენტის ლეგიტიმაცია დაბალი იქნება, რადგან იგი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდება.

ვახტანგ ძაბირაძე: ჩემი პოზიცია ასეთია - კოალიცია არათუ უნდა დაიშალოს, არამედ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა და ფაქტობრივად არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობაში დიდი მხრადაჭერა ექნება. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დაახლოებით 20%-იან ფარგლებში მერყეობს. იმისათვის, რომ არჩევნების შემდეგ პროცესები სტაბილური და განვითარებადი ყოფილიყო, საკმაოდ ძლიერი, ერთი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება მაინც იყო საჭირო.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კოალიციაში პროცესები ასე ვერ წავიდა. ალბათ გახსოვთ, რომ "რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ერთი პერიოდი რაღაც შეთანხმებაც გამოცხადდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ჩაიშალა და გაჩნდა საკითხები, რომელთა ირგვლივაც პოზიციები მკვეთრად განსხვავებული იყო.

შესაბამისად, სავარაუდოდ, "რესპუბლიკელებმა" გადაწყვიტეს, 2016 წლის არჩევნებისათვის ცალკე სუბიექტად გავიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ განაცხადეს, უმრავლესობას არ ვტოვებთო. ახლა თუ უმრავლესობას დატოვებდნენ, გაჩნდებოდა რეალური საფრთე იმისა, რომ კოალიციას უმრავლესობა არ ჰყოლოდა. ეს კი ოპოზიციას საშუალებას მისცემდა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაეწყო. არჩევნების წინ ამ პროცესის დაწყებაც კი ოპოზიციისათვის მომგებიანი იქნებოდა. არ ვიცი, რას ფიქრობენ პარტია "ქართული ოცნების" მესვეურები, მაგრამ კოალიციის დაშლა ხელს აძლევს ყველას, გარდა თავად "ქართული ოცნებისა".

"რ": რა პერპექტივა ექნებათ "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში?

ვ.ძ: "რესპუბლიკლებს" არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს. მათი რაოდენობა 3,5-4%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პროპორციულ სიაში "რესპუბლიკელებმა" ბარიერი გადალახეს, "ქართული ოცნება" ბევრს არაფერს კარგავს, მაგრამ თუ ბარიერი ვერ გადალახეს, "ქართული ოცნება" აქტიური ამომრჩევლის 4%-ს დაკარგავს.

ეს არაა ის ამომრჩეველი, რომელსაც არჩევნებზე მისასვლელად ხვეწნა სჭირდება, არამედ ის ამომრჩეველია, რომელიც არჩევნებზე ყოველთვის მოდის და კონკრეტული პარტიის მხარდამჭერია. ამდენად, ეს ყველაფერი ერთად ჯამში რას მოუტანს ზოგადად "ქართულ ოცნებას" და რამდენად წაადგება ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას, დიდ კითხვებს აჩენს.

"რ": კოალიციის დაშლის შემთხვევაში, მასში შემავალი პარტიებიდან რომელიმეს მაინც თუ ექნება გამარჯვების შანსი?

ვ.ძ: კოალიცია რომც დაიშალოს, დიდი ალბათობით, უმრავლესობის მოპოვებას "ქართული ოცნება" შეძლებს. თუმცა, რამდენად მყარი იქნება ეს უმრავლესობა და რამდენად საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სტაბილურად წავიდეს, სხვა საკითხია.

იმას ვგულისხმობ, რომ თუ პარტიათა უმრავლესობა 3-4%-ის ფარგლებში იმერყევებს და ბარიერს ვერ გადალახავს, მოგეხსენებათ ეს პროცენტები შემდეგ გამარჯვებულ პარტიებზე გადანაწილდება. ანუ მათზე, ვინც ბარიერს გადალახავს. საკითხავია, რამდენი პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას და როგორ დანაწილდება ხმები.

შეიძლება ისეთი სიტუაცია მივიღოთ, რომ გამარჯვებულმა პარტიებმა, ანუ, ბარიერგადალახულმა პარტიებმა პროპორციულად ჯამში ამომრჩეველთა 50%-იც კი ვერ მოაგროვონ. ანუ, მათ მიერ მიღებული ხმები დაახლოებით 40%-ს შეადგენდეს. 60% კი ის ხმები იქნება, რომლებიც სხვა პარტიებმა მიიღეს, მაგრამ ბარიერი ვერ გადალახეს. კვოტები კი გამარჯვებულ პარტიებზე გადანაწილდება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის 60% (პირობითად) პარლამენტს მის მიერ არჩეულად ჩათვლის, რადგან მან ხმა სხვა პარტიას მისცა, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა. ესაა ის საფრთხე, რომელზეც ვლაპარაკობ. ამ შემთხვევაში პარლამენტის ლეგიტიმაცია დაბალი იქნება.

ამას ისიც დაუმატეთ, რომ მაჟორიტარული სისტემა, რომელიც რჩება, თავისი არსით სპეციფიკურია. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ აქტიურ ამომრჩეველთა უმეტესობამ საკუთარი არჩევანის გაკეთება ვერ შეძლო, ვერ შეძლო სასურველი კანდიდატი პარლამენტში გაეყვანა. ბუნებრივია, იგი ჩათვლის, რომ ეს პარლამენტი მისი არჩეული არაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ყოველმხრივ ძალიან მძიმე სიტუაციაა - ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად, შემგომი პარლამენტი ძალიან მძიმე დღეში იქნება.

ყველას გვახსოვს, როგორი დიდი მხარდაჭერა ჰქონდა 2012 წელს "ქართულ ოცნებას" და რა დიდი იყო ილუზიები, მაგრამ ვხედავთ თუ რა ვითარებაა დღეს. არჩევნებამდე ეს ვითარება კიდევ უფრო შეიცვლება. ეს ქმნის საფრთხეს, რომ პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში გადაინაცვლებს.

როგორც ჩანს, ამას "ქართულ ოცნებაში" ანგარიშს არ უწევენ და ფიქრობენ, რომ თუკი არჩევნებში როგორმე გაძვრებიან და უმრავლესობას ხელში ჩაიგდებენ, ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, ყველა პოლიტიკური ძალა ასე ფიქრობდა და რაც მიიღეს, ვნახეთ. ანალაგიური სცენარის განვითარების ალბათობა დიდია და ეს ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება.

"რ": თქვით, რომ პროცესებმა შესაძლოა, ქუჩაში გადაინაცვლოს. როდის და რომელი პარტიები შეიძლება ვიხილოთ ქუჩის აქციებზე?

ვ.ძ: ვფიქრობ, რომ წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, ეს არჩევნები პატიოსნად ჩატარდება. თუ მასში ისეთივე მეთოდები იქნა გამოყენებული, რაც 2008-ში სააკაშვილმა გამოიყენაა, ან 2003-ში შევარდნაძემ, ეს პროცესი მომენტალურად დაიწყება და ქუჩაში ყველა ის პარტია აღმოჩნდება, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს. შეიძლება ისინიც გამოვიდნენ, ვინც ბარიერს გადალახავს, მაგრამ შედეგით მაინც უკმაყოფილო იქნება. ასე რომ, ქუჩაში შეიძლება ყველა აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×