"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ პარტიამ რეალურად განახლების შანსი ხელიდან გაუშვა
თიკო ოსმანოვა
02.04.2016

 "ჯანსაღ გარემოში პარტია "ქართულ ოცნებას" დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამ შემადგენლობით ეს შეუძლებელიც კია. რაც შეეხება "ქართული ოცნების", როგორც პარტიის, განახლებას, ამის სულ უფრო და უფრო ნაკლებ შანსს ვხედავ იმიტომ, რომ "ოცნებამ" ყველა შანსი გაუშვა, რომ რეალური განახლება და სწორი განვითარება აერჩია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი.

მმართველი კოალიაციის დაშლის შედეგებზე და საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა პარტიების შანსზე "რეზონანსი" არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

არმაზ ახვლედიანი: პარტია "ქართული ოცნების" ბედი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად შეძლებს სწორი გზით არჩევნებამდე მისვლას. სწორედ ეს განსაზღვრავს პარტიის მომავალს.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, მმართველი კოალიციის პრაქტიკულად დაშლის შედეგად რამდენად მაღალია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ალბათობა?

ა.ა.: არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური კრიზისის ნიშნები კრიზისში გადაიზარდოს.

ამ ნიშნებს უკვე ვხედავ და კრიზისამდე არცთუ ისე დიდი გზაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუძღვება ახალ ვითარებაში საქმეს პარტია "ქართული ოცნება" და პრემიერ-მინისტრი. რამდენად ეყოფათ უნარი და შესაძლებლობა, რომ არსებულ გამოწვევებს დროულად და ადეკვატურად უპასუხონ.

"რ": თქვენი აზრით, რამდენად მაღალია საპარლამენტო არჩევნებზე "ოცნების" გამარჯვების შანსი?

ა.ა.: ვფიქრობ, "ოცნებაში" რეტროგადებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურს და მოხდება ყველა შესაძლო ძალის მობილიზება იმისათვის, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიპოვონ გამარჯვება. ჯანსაღ გარემოში "ოცნებას" დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამ შემადგენლობით ეს შეუძლებელიც კია. რაც შეეხება "ქართული ოცნების," როგორც პარტიის, განახლებას, სულ უფრო და უფრო ნაკლებ შანსს ვხედავ იმიტომ, რომ "ოცნებამ" ყველა შანსი გაუშვა, რომ რეალური განახლება და სწორი განვითარება აერჩია.

ამდენად, თუ ასე გაგრძელდა, "ოცნების" მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

"რ": რატომ, პოლიტიკური ნება არ არსებობს?

ა.ა.: მიზეზი ბევრია, მათ შორის ისიც, რომ "ოცნებაში" რეტროგადების ჯგუფმა შეიქმნა სასათბურე პირობები. ამ ვითარებაში ჩატარდა ბოლო პარტიული კონფერენციები რაიონებსა და ქალაქებში. როგორც ჩანს, ამავე სულისკვეთებით და საბჭოთა განწყობით ჩატარდება ყრილობაც.

"ოცნებამ" ვერ მოახერხა ჩამოეყალიბებინა სწორად, საქართველოს დღის წესრიგით მოაზროვნე ადამიანების გუნდი. პარტია "ქართული ოცნება" პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. ის ახლა ხელისუფლებაზეა მთლიანად მიბმული და მხოლოდ ამით საზრდოობს.

ძალაუფლების გარეშე "ოცნების" არსებობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ამის უმთავრესი მიზეზი თავიდანვე ისაა, რომ "ოცნებას" არ გააჩნდა სტრატეგია და იდეოლოგია.

"რ": და მაინც, თქვენი აზრით, "ოცნება" შეძლებს ისეთი მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენებას, რომლის დახმარებითაც არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს?

ა.ა.: რაც შეეხება მაჟორატირულ სისტემას, იგი მანკიერ სისტემად იმიტომ კი არ ჩამოყალიბდა, რომ თავისთავად მაჟორატარული წესი ცუდია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა ხელისუფლების დროს და დღესაც მაჟორატარულ სისტემას იყენებენ მანიპულაციებით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით სასურველი, ლოიალური კანდიდატების ასარჩევად.

დღეს "ოცნება" მოახერხებს თუ არა ისეთი მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენებას, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, არ ვიცი, ეჭვი მეპარება.

"რ": როდის გაიმართება პარტიის ყრილობა?

ა.ა.: არ ვიცი, ზუსტი თარიღი. როგორც თქვენც იცით, აპრილში უნდა ჩატარდეს.

"რ": პარტიის ლიდერთა განცხადებით, "ოცნების" საარჩევნო სიაში ბევრი ახალი სახე იქნება. თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაცია?

ა.ა.: ახალი და ძველი არაა მთავარი. საქმე ისაა, თუ რას ეძებ და რა გინდა. თუკი ამოცანაა, რომ შემოიკრიბო წინასაარჩევნოდ ჯანსაღად, დემოკრატიულად და სამართლებრივად მოაზროვნე ადამიანების გუნდი, ეს ერთი თემაა და სწორია; ხოლო თუ მიზანია, რომ საზოგადოებას მოაჩვენო, თითქოს განახლებაა, ეს, რა თქმა უნდა, დროებითია და სასიკეთო შედეგის მომტანი ვერ იქნება.

"რ": სოფიო ხორგუანი იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?

ა.ა.: არაფერი არ ვიცი ამის შესახებ.

"რ": კოალიაციაში შემავალ სხვა სუბიექტებს არჩევნებში გამარჯვების შანსი თუ აქვთ?

ა.ა.: მეჩვენება, რომ სუბიექტებს ცალ-ცალკე შანსი არ აქვთ. თავად "ოცნების" შანსიც მცირეა მიუხედავად იმისა, რომ მის ხელშია სახელისუფლებო ბერკეტი.

"ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ რეტროგრადი ლიდერები კატასტროფულად თვითკმაყოფილები და თავდაჯერებულები არიან. ასეთ დროს, როგორც წესი, მარცხი გარდაუვალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×