"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი აცხადებს, რომ კოალიციის დაშლა ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" გადაწყვეტილება იყო
ლიკა გურაბანიძე
04.04.2016

 საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ 2016 წლის არჩევნებში ახალ კოალიციებს ის ადამიანები შექმნიან, რომლებიც პარლამენტს მიღმა არიან. მისივე განმარტებით, კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის მთავარი მიზეზი საარჩევნო სია გახდა.

თავად ყოფილი "რესპუბლიკელი" დუმბაძე აცხადებს, რომ "ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის ყოველთვის იყო ფარული დაპირისპირება.

მურმან დუმბაძე: ბუნებრივია, "რესპუბლიკურ პარტიას" ამბიციები აქვს, მაგრამ ეს ამბიციები "ქართულ ოცნებას" კითხვებს უჩენს. კოალიცია "ქართული ოცნება" ერთი ადამიანის წინააღმდეგ შეიქმნა და ამოცანა შესრულებულია. ამის შემდეგ კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი საკუთარ თავზე უფრო მეტად ზრუნავს.

ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ზრუნვა "რესპუბლიკურ პარტიას" ეტყობოდა გარკვეული სირთულეების განვითარების, მთავრობაში ადგილების მოთხოვნისა და პარლამენტში საკომიტეტო თანამდებობების ხელმძღვანელებად დანიშვნის მოთხოვნის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეს "ქართულ ოცნებაზე" აისახა, რადგან მას აქვს მოთხოვნა, რომ იყოს წამყვანი პოლიტიკური ძალა. მათ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებების გარეშე კოალიციის დაშლა ვერ მოხერხდებოდა.

"მთელი კვირა": თქვენი აზრით, კოალიციის დაშლის მიზეზი "რესპუბლიკელების" მიერ საკუთარი პოზიციების გაძლიერებაზე ზრუნვა იყო?

მ.დ.: კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის მიზეზი არის ერთადერთი - უფრო მეტი ადგილის მიღების სურვილი იმ კოალიციურ სიაში, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწერება. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი კონფლიქტი სხვა პარტიებთან შედარებით "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის იყო.

"რესპუბლიკური პარტიის" არცერთ წევრს არ მოსწონს "ქართული ოცნების" წევრები, ისევე, როგორც "ქართული ოცნების" წევრები არ არიან კეთილგანწყობილი "რესპუბლიკელების" მიმართ. შედეგად კი კოალიცია დაიშალა.

ამ საკითხზე უამრავი შეკითხვაა დასმული და პასუხი პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ბრძოლა საპარლამენტო სიებში უფრო მეტი ადგილის მოპოვებაზე მიმდინარეობს. ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხნის წინ არის დაწყებული, მაგრამ კოალიციის დაშლა აქამდე არ მოხერხდა და ეს არ ისურვეს პოლიტიკურმა ლიდერებმა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები.

უახლოეს მომავალში რაიმე სერიოზული კანონის გამოტანა არ იგეგმება. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე ჩათვალა, რომ დროა, ყველამ საკუთარ თავს მიხედოს.

ვთვლი, რომ კოალიციის დაშლა თავად "ქართული ოცნების" მიერაა ინიცირებული. ეს "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

"მ.კ.": თქვენი აზრით, რა სახით განაგრძობს "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნას?

მ.დ.: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციას შემადგენლობის თვალსაზრისით საკმაოდ მდიდარი სია ექნება. ვფიქრობ, რომ 76 კაციანი უმრავლესობა მაინც იქნება შენარჩუნებული, რადგან კოალიციის დაშლა არ ნიშნავს უმრავლესობის დაშლას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სხვა პოლიტიკური პარტიებიც აპირებენ კოალიციის დატოვებას.

რეალურად უნდა ჩავთვალოთ, რომ კოალიცია დაიშალა. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს აუცილებლად განახორციელებს, ეს უახლოეს რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელია.

"მ.კ.": რას უნდა ველოდოთ საპარლამენტო არჩევნებზე?

მ.დ.: საპარლამენტო არჩევნებისთვის, ძალიან დიდი ალბათობით, მეჩვენება, რომ ახალ კოალიციას ის ადამიანები შექმნიან, რომლებიც პარლამენტს მიღმა არიან. მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, აწარმოონ საარჩევნო კამპანია და ა.შ.

რას უნდა ველოდოთ საპარლამენტო არჩევნებზე - ამ ეტაპზე მარჩიელობის დაწყება ძალიან რთულია. უნდა ველოდოთ იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ჩვენ ყველანი უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ერთი მოქალაქე არის ერთი ხმა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა საარჩევნო ყუთზე აისახოს. თუ "ქართულ ოცნებას" სურს, რომ რაღაც დოზით მაინც დარჩეს პოლიტიკაში, გამოსავალი დემოკრატიული არჩევნებია. ხელისუფლება კი არ მართავს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობა მართავს მას.

"მ.კ.": თქვენ რას აპირებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

მ.დ.: მე ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში ვარ ყველა იმ პოლიტიკოსთან შედარებით, რომლებიც პოლიტიკური პარტიის წევრები არიან. მათი შეზღუდვა მათივე პოლიტიკური პარტიით ხდება. ვაპირებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ სარგებელს მოვუტან ქართულ სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტად ვიქნები ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×