"რესპუბლიკელების" მხრიდან იმის დაანონსებაც, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან, ვიდრე რამე მიუღებელი არ მოხდება, ეს უკვე გარკვეული მუქარის შემცველი თემაა. ყველა პარტიას თავისი თავი გასჭირვებია, მაგრამ თუ არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაიწყებენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, ისინი ამომრჩევლების წინაშე წარმოჩნდებიან, როგორც პოლიტიკური ძალები, რომელთა მთავარი პრიორიტეტი საკუთარი პარტიაა და არა სახელმწიფო," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ახლანდელი თუ განვლილი ურთიერთბრალდებები ძალიან მკაცრი წინასაარჩევნო ბრძოლის მხოლოდ პირველი ტაიმია.
იგი არც იმას გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ გახდეს აქტუალური მაჟორიტარული არჩევნების არა 2020 წლისათვის, არამედ ახლავე გაუქმების საკითხი, რადგანაც ეს უკვე კოალიციიდან პრაქტიკულად გამოსული პარტიების ინტერესებშიც შედის.
"მთელი კვირა": შეძლებს თუ არა უკვე დაშლილი კოალიცია არჩევნებამდე ისე მისვლას, რომ თანამშრომლობა შეინარჩუნონ და დიდი დაპირისპირებები არ ვნახოთ? მით უფრო, რომ "რესპუბლიკელებმა" რაღაც წინაპირობები უკვე წამოაყენეს კიდეც - თუკი გარკვეული ინდივიდების განცხადებები გაგრძელდება და პრინციპულ საკითხებზე ხედვა არ დაემთხვევა, კრიტიკაში თამამები ვიქნებით და დავუპირისპირდებით სხვა პარტიებსო.
სოსო ცისკარიშვილი: კოალიციის წევრების ერთად დარჩენა მხოლოდ უკანასკნელი სესიის დახურვამდეა შესაძლებელი. უფრო ადრე განრიდება კი თითოეული სუბიექტისთვის ზარალის მომტანი იქნება, რადგან ისინი ამომრჩეველთა თვალში დამკვიდრდებიან, როგორც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები.
ყველა უნდა ეცადოს, რომ პარლამენტის ცხოვრებაში ნახევარი წელი შავი ხვრელი არ იყოს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორც მომავალი არჩევნების ყველა პარტიის მხრიდან ინდივიდუალურ რეჟიმში გატარება, ხოლო უმრავლესობიდან დღესვე ვინ გავა და ვინ - არა, ეს ძნელად წარმოსადგენია. თუმცა "რესპუბლიკელების" მხრიდან იმის დაანონსებაც, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან, ვიდრე რამე მიუღებელი არ მოხდება, ეს უკვე გარკვეული მუქარის შემცველი თემაა.
ყველა პარტიას თავისი თავი გასჭირვებია, მაგრამ თუ არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაიწყებენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, ისინი ამომრჩევლების წინაშე წარმოჩნდებიან, როგორც პოლიტიკური ძალები, რომელთა მთავარი პრიორიტეტი საკუთარი პარტიაა და არა სახელმწიფო.
ზოგიერთი პარტია იმასაც ბრძანებს - კოალიციიდან არ გავდივართო. უკაცრავად, მაგრამ კოალიცია ოქტომბრიდან აღარ იქნება და არგასვლა არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ამ კოალიციის სახით დააპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
ჩემი აზრით, მოსახლეობა გადავღალეთ კოალიციიდან წასვლა-არწასვლის თემით, რაც სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველში ნიჰილიზმს აძლიერებს.
"მ.კ.": რაში გამოიხატება ეს ნიჰილიზმი? შესაძლოა, არჩევნებზე არ მივიდეს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი?
ს.ც.: ნიჰილიზმზე ვსაუბრობ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურმა პარტიებმა მოისურვეს კოალიციის ვადაზე ადრე დატოვება და იმ საქმის ბოლომდე არმიყვანა, რომლისთვისაც ისინი 2012 წელს აირჩიეს.
შესაძლოა, პარტიებმა გამამართლებელი არგუმენტებიც წამოაყენონ, მაგრამ მათ არავინ უშლის ორგანიზაციულ საქმიანობას სამომავლო არჩევნების წინ და ეს საქმიანობა არ უნდა ნიშნავდეს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც, როგორც წესი, კონკურენტების დაკნინების მცდელობაზეა ხოლმე აგებული.
ერთადერთი, შესაძლოა უკვე ძალიან მყიფე საფუძვლის მქონე უმრავლესობამ პარლამენტში ისეთი ცვლილებების შეჩერება ვეღარ შეძლოს, რომელსაც საზოგადოების სოლიდური ნაწილი უჭერს მხარს. მაგალითად, ვგულისხმობ იმას, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით მაჟორიტარული სისტემის გარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს 2020 წელს.
ყველა ვხვდებით, კოალიციამ რატომ დაადგინა 2020 და არა 2016. ამის ერთი მიზეზია, რომ არსებულ ხელისუფლებას მაჟორიტარების სისტემის წყალობით ძალაუფლების შენარჩუნება ბევრად ეადვილება. არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ეს თემა ისევ წარმოიშვას. თუ პარლამენტიდან არა, ქუჩიდან. არასაპარლამენტო ოპოზიცია ამას წელიწადნახევარია ითხოვს და შედეგს ვერ აღწევდნენ. ახლა კი კოალიციას ზურგშექცეული პარტიების ინტერესებშიც არის ამ თემის წამოწევა და ეს შესაძლებელს ხდის საკმარისი რაოდენობის ხმები მოგროვდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე კონსტიტუციური ცვლილების ახლა განსახორციელებლად.
"მ.კ.": თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საკმარისი ხმები, დიდი ალბათობით, არ მოგროვდება. მით უმეტეს, რომ, მაგალითად, "კონსერვატორები" კოალიციიდან არსად არ მიდიან და შესაბამისად, განსხვავებული ხედვა არ ექნებათ.
ს.ც.: ჩემთვის ცოტა გაუგებარია რას აპირებენ "კონსერვატორები", როდესაც ბრძანებენ, რომ კოალიციიდან არ გავალთო. რომ დაემატებინათ რომელ თვემდე აპირებენ კოალიციაში ყოფნას, უკეთესი იქნებოდა. ეს იმისათვის, რომ არავის ჩასახვოდა წარმოდგენა იმისა, რომ "კონსერვატიული პარტია" პარტია "ქართულ ოცნებას" შეუერთდება.
"მ.კ.": "რესპუბლიკელების" მხრიდან განსხვავებულ ხედვას და დაპირისპირებას რამდენად ხშირად უნდა ველოდოთ? ხათუნა სამნიძემაც განაცხადა - თუკი პრინციპულად მიუღებელი საკითხები დადგება, ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ და დავუპირისპირდებით კიდეცო. ცალკე გასვლის განცხადების მეორე დღესვე ვნახეთ პირველი დაპირისპირებაც ეკა ბესელიასა და "რესპუბლიკელ" ნოდარ ებანოიძეს შორის პირველივე კანონპროექტის გამო.
ს.ც.: ნახევარი წელი დარჩა იმ დღემდე, როდესაც პარლამენტის დღევანდელი კონფიგურაცია წარსულს ჩაბარდება. ამიტომ, თითოეული პარლამენტარი თავად იმ პოლიტიკას ირჩევს, რაც მისივე აზრით, "ქართული ოცნების" სიაში მოსახვედრად მომგებიანი იქნება.
ვერ გეტყვით, რომ ყველას ერთი და იგივე მიდგომა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს "ქართულ ოცნებაში" ისეთი პარლამენტარებიც არიან, რომლებსაც პარლამენტარობის სურვილი არ აქვთ და გამოსვლებისას მხოლოდ იმას ცდილობენ, მამა-მარჩენალთან დაიწერონ ქულები, ამიტომაც ესხმიან შინაურებსაც და გარეულებსაც.
რასაც ახლა ვხედავთ, ეს მხოლოდ პირველი ტაიმია საარჩევნო სიაში მოსახვედრად დაწყებული ძალიან მკაცრი ბრძოლისა. როდესაც გამოქვეყნდება საარჩევნო სია, ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნების" შემადგენლობის სოლიდური ნაწილი ქუთაისში სიარულითაც კი არ შეიწუხებს თავს.
ერთმანეთის ლანძღვისა და წყევლის დიდი გამოცდილება აქვთ უკვე როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე "ნაციონალურ მოძრაობას". დაე, მათ გააგრძელონ ამ რეჟიმში ურთიერთობა, რაც რასაკვირველია ავნებს ორივეს. თუკი ამათ დაემატება ის პარტიებიც, რომლებიც ადრე ხელისუფლებაში ბრძანდებოდნენ, ეს ამომრჩეველში ნიჰილიზმს გააჩენს და ეს უფრო მეტ საფუძველს მისცემს მათ, რომ არჩევნების კვირა დღეს სახლიდან არ გამოვიდნენ.
თუმცა, რომ გითხრათ, ჩვენს პოლიტიკოსებს დიდი მომინების უნარი აქვთ, გულწრფელი არ ვიქნები, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ - ვიდრე არჩევნები არ შედგება და არ გაირკვევა ვინ რა რაოდენობითაა პარლამენტში მოხვედრილი, სჯობს ერთმანეთთან ურთერთობას არ გაიფუჭონ.
"მ.კ.": როდესაც პარტია "ქართული ოცნების" სია საჯარო გახდება, შემდეგ დაპირისპირება ნაკლებად იქნება? "რესპუბლიკელები" გაჩერდებიან და ხმამაღლა არ დააფიქსირებენ მათთვის მიუღებელ საკითხებზე განსხვავებულ პოზიციებს?
ს.ც.: არის საკითხები, რომლის მიუღებლობაც "რესპუბლიკელთა", როგორც სტაბილური ფასეულობების მქონე პარტიის განცდას გაამყარებს, ოღონდ უფრო ჩვენი ქვეყნიდან შორს, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. თუ მათთვის უპირველეს ყოვლისა საკუთარი ფასეულობების გასაჯაროება და დაცვა არის მნიშვნელოვანი და არა მათი ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა, ეს მათი გადასაწყვეტია და ვნახავთ, რა გზას აირჩევენ.
შეიძლება რაღაცას ხმა არ მისცენ, მაგრამ ისეთ საკითხზე ხმის არმიცემა, რომელიც ამომრჩევლის უდიდესი ნაწილისთვის მისაღებია და შემდეგ ხმის არმიცემით ტრაბახი არ მგონია საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მომლოდინე ძალისათვის მომგებიანი იყოს.
"მ.კ.": პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს ხედავთ?
ს.ც.: კრიზისსაც სხვადასხვა მახასიათებელი აქვს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ კოალიციაში მიმდინარე წინააღმდეგობები შესაძლოა განხილული იქნეს როგორც პოზიტიური მოვლენა, რადგან ამ კოალიციაში გამოჩნდა ის დემოკრატიული ფენომენი, რასაც კოალიციაში სხვადასხვა აზრის დეპუტატთა ყოფნა და ამ აზრის გაჟღერების შესაძლებლობა ჰქვია. ეს ვიღაცას ავნებს, ვიღაცას ეს წარმატებას მოუტანს, მაგრამ შევეგუეთ იმას, რომ ყველა კაჭკაჭივით ერთსა და იმავეს არ ლაპარაკობს.
თუმცა, მომავალში ერთპარტიული სისტემის მიერ ქვეყნის მართვის საფრთხე ჯერ ისევ არსებობს. ეს ჩვენ უკვე გამოვიარეთ.
"მ.კ.": დღეს როგორი მართვა გვაქვს?
ს.ც.: დღეს არა თუ ერთი პარტია მართავს ქვეყანას, არამედ ქვეყანა ერთი რიგითი მოქალაქის მიერ იმართება. ის საკუთარ თავს ასე უწოდებს და როცა მას გაუჩნდება სურვილი, მისი უფლებამოსილების სულ მცირე ნაწილი მაინც გადაეცემა მის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, მრავალპარტიულობის პერსპექტივა ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ქვეყანაში ადვილად მოსალოდნელი.
"მ.კ.": "რესპუბლიკელი" მინისტრების გადაყენებას თუ ელოდებით და როდის შეიძლება ეს მოხდეს?
ს.ც.: თარიღს ვერ გეტყვით, გააჩნია, წინა საღამოს რა დაესიზმრება ბატონ ბიძინას, მაგრამ მე იმას ვიტყოდი, რომ მინისტრების თანამდებობაზე ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ არა პარტიული კუთვნილების, არამედ პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისად და პოპულარობის გათვალისწინებით.
მაგალითად, რომელი პარტიის წევრიც უნდა იყოს პაატა ზაქარეიშვილი, მასზე უკეთ აფხაზეთში ყოფილი და დღევანდელი პროცესები ძნელად თუ ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენი აფხაზი თანამემამულეების ცნობიერებაში სწორედ მასზეა პოზიტიური დამოკიდებულება შემონახული, ვინაიდან საომარი მოქმედებების დროს ბატონ პაატას გამოჰყავდა დაჭრილები და გარდაცვლილები ხან ერთი და ხან მეორე მხარისკენ.
"მ.კ.": "რესპუბლიკელი" მინისტრების გარდა სხვა მინისტრების გადაყენებას თუ ელოდებით? ორი მიზეზით, ერთი არჩევნების წინ თვალიდან მოაშორონ არაპოპულარული მინისტრები და მეორე - საარჩევნო სიაში მომგებიანი იყოს ამა თუ იმ მინისტრის ჩასმა, მაგალითად, კვირიკაშვილის, სერგეენკოს და კალაძის.
ს.ც.: არ მგონია, რომ ცვლილების სურვილს რაიმე სისტემური მიდგომა ჰქონდეს და თუ ეს არჩევნებამდე მოხდება, მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილების გამო კრიტიკისთვის უფრო მეტი მიზეზი გაჩნდება. ნურავინ იტყვის, რომ შემცვლელები ადვილად მოიძებნებიან იმ კრიტერიუმიდან გამომდინარე, რასაც მათი დამნიშვნელი პერსონა ითვალისწინებს.
თუ მინისტრი წარმატებულია, მისი გადანაცვლება პარლამენტში სრულიად ვნების მომტანია სამინისტროსთვისაც და პარლამენტისთვისაც. კადრების საკითხი ჩვენი აზრთა გამრიგეს აქილევსის ქუსლია და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მას ისიც ადარდებდეს, ბატონმა კვირიკაშვილმა ჩვენი საზოგადოების სერიოზული ნდობა რომ მოიპოვა.
ივანიშვილისგან იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მის მიერ მოხსნილი პრემიერი სიაში აღმოჩნდეს და პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზეც კი წარადგინოს.
"მ.კ.": და მაინც, არ თვლით, რომ რამდენიმე მინისტრის საპარლამენტო სიაში ჩაწერა პარტიისთვის მომგებიანი იქნება?
ს.ც.: საპარლამენტო სიაში ნამდვილად წარმატებული იქნება სერგეენკო, რადგან საფრთხეა, რომ შესაძლოა, ის ქართული მედიცინისთვის აღმოჩნდეს წამგებიანი. სიისთვის კი მომგებიანი იქნება მისი პოპულარობა.
"მ.კ.": დაშლილი კოალიციიდან ვის რა შანსი აქვს, პარლამენტში ისევ მოხვდეს?
ს.ც: ხშირად ვდარდობ, რომ ვანგას თვისებები არ გამაჩნია, თუმცა, პროგნოზი ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს. თუ განსხვავებული ლოგიკით მიუდგებიან კოალიციიდან გასული პარტიები, არასაპარლამენტო პარტიები საკუთარ პერსპექტივას, შედეგიც განსხვავებული, მაგრამ შესაფერისი იქნება.
როდესაც პოლიტიკოსები საკუთარ წარმატებას გეგმავენ, ისინი უფრო თვითკრიტიკულები უნდა იყვნენ, ვიდრე კომპლიმენტების მოსმენისთვის განწყობილნი. ძნელი სათქმელია, ვინ და როგორ შევა პარლამენტში.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ხანია დაგეგმილი კამპანია მიმდინარეობს "რესპუბლიკური პარტიის" წინააღმდეგ, ის როგორც ხანდაზმული პოლიტიკური ძალა, შეძლებს პარლამენტში შესვლას. ასევე პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევა პარტია "ქართული ოცნება". დანარჩენებს საფიქრალი აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ არცთუ მრავალრიცხოვანი პარტიის ზოგიერთი ლიდერი "მეოცნებეთა" სიაში აღმოჩნდეს და საკუთარი კეთილდღეობისთვის პარტია გაწირონ. "ქართული ოცნება" პარტიაში მიიღებს თუ არა სხვა პარტიის ხელმძღვანელს, ეს კიდევ ახალი ანეკდოტების თემა შეიძლება გახდეს.
ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ძალებს 3-4 არასაპარლამენტო სუბიექტიც დაემატება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი არასაპარლამენტო ოპოზიციის რაღაც ნაწილი გაერთიანდება.