ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს და ადმინისტრაციული რესურსი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ხელში აღმოჩნდეს
თიკო ოსმანოვა
04.04.2016

 მმართველი კოალიციიდან "რესპუბლიკელებისა" და "ეროვნული ფორუმის" გასვლას შესაძლოა, რეგიონულ დონეზე ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს და "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგოს. რა თქმა უნდა, ეს ყველგან არ მოხდება, თუმცა არის რეგიონები, სადაც "ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას სწორედ "რესპუბლიკელებისა" და "ფორუმის" წარმომადგენელთა ხარჯზე ინარჩუნებს.

რა მოხდება ასეთ რეგიონებში, თუკი "რესპუბლიკელები და "ფორუმელები" საკრებულოს უმრავლესობიდან გამოვლენ? სპეციალისტთა შეფასებით, ეს ავტომატურად ნიშნავს უმრავლესობის დაშლას შორს მიმავალი შედეგებით - საკრებულოში ჩამოყალიბდება ახალი უმრავლესობა, რომელმაც შესაძლოა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა იმპიჩმენტის ინიცირება მოახდინოს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთ რაიონებში "ოცნება" წინასაარჩევნოდ დაკარგავს როგორც ხელისუფლებას, ასევე ადმინისტრაციულ რესურსს, რაც დიდი ალბათობით, არჩევნების შედეგზეც აისახება.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო "ოცნებას" პრაქტიკულად აქამდეც დაკარგული ჰქონდა უმრავლესობა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და გორის საკრებულოში. აჭარისა და გორის შემდეგ, პარტია "ქართულმა ოცნებამ", შესაძლოა, უმრავლესობა ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და საგარეჯოში დაკარგოს.

ხელისუფლებიდან ოპოზიციაში

კოალიციიდან "რესპუბლიკელების" და "ეროვნული ფორუმის" გამოსვლის შემდეგ ზოგიერთი რაიონისა თუ ქალაქის საკრებულოებში პარტია "ოცნების" უმრავლესობაში ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ქუთაისის საკრებულოში სულ 25 დეპუტატია. აქედან პარტია "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 9 კაცი ჰყავს, "რესპუბლიკურ პარტიას" - 2, "ეროვნულ ფორუმს" - 2, "მრეწველებს" - 2, "კონსერვატორები" - 2, დანარჩენი 8 ოპოზიციური პარტიის წევრები არიან. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ იქ "ოცნების" ბედი კოალიციის წევრებზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ "კონსერვატორებმა" და "მრეწველებმა" უმრავლესობა არ დატოვეს, მმართველი პარტია შეინარჩუნებს მართვის სადავეებს, თუმცა მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით.

ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკური" პარტიის წევრი რობიზონ წინწკალაძე ამბობს, რომ უმრავლესობიდან არ გამოვლენ, თუმცა პრინციპული საკითხების შემთხვევაში საკუთარ განსხავებულ აზრს აუცილებლად დააფიქსირებენ.

"ჩვენ ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე უმრავლესობიდან არ გავდივართ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იქნება პრინციპული უთანხმოება და თემატური განსხავებები", - გვითხრა წინწკალაძემ.

განსხვავებული სურათია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც არ არის გამორიცხული "ოცნება" უმცირესობაში აღმოჩნდეს.

საგარეჯოში ძალთა ბალანსი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: "ქართული ოცნება" - 7 ადგილი, "მრეწველები" - 3, "კონსერვატორები" - 3, "ეროვნული ფორუმი" - 3, "რესპუბლიკელები" - 3, "თავისუფალი დემოკრატები" - 3 დამოუკიდებელი დეპუტატი - 3 და "ნაციონალური მოძრაობა - 5.

ანუ, თუ "რესპუბლიკელმა" და "ფორუმელმა" დეპუტატებმა უმრავლესობა დატოვეს, "ოცნებას" "მრეწველებთან" და "კონსერვატორებთან" ერთად 30-კაციან საკრებულოში მხოლოდ 13 ადგილი რჩება.

"თუ რა რეჟიმში გააგრძელებს "რესპუბლიკური პარტია" საკრებულოში მუშაობას, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც პარტიის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - უთხრა "მთელ კვირას" საგარეჯოს საკრებულოს "რესპუბლიკური" პარტიის წევრმა ნონა ბუზარიაშვილმა.

პარტია "ქართულ ოცნებას" ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში სულ 5 დეპუტატი ჰყავს, სადაც დიდი ალბათობით მალე უმრავლესობას დაკარგავს.

"საკრებულოში სულ 15 დეპუტატია - "ქართული ოცნება" 5, "რესპუბლიკური პარტია" - 3, "ნაციონალური მოძრაობა"- 3 , "თავისუფალი დემოკრატები" - 2 "კონსერვატორი" 1 და "დემოკრატიული მოძრაობა" - 1.

"ოცნების" პერსპექტივა ასევე ბუნდოვანია ახალციხეში, სადაც, უმრავლესობიდან "რესპუბლიკელების" გასვლის შემთხვევაში, მმართველი პარტია ასევე მხოლოდ 1 ხმის უპირატესობით მოახერხებს უმრავლესობის შენარჩუნებას. საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ თვითმმართველ ერთეულში მერყევი სიტუაციაა და შესაძლოა "ოცნება" მალე უმცირესობაში აღმოჩნდეს.

"ახალციხეში 15 დეპუტატია: "ნაციონალური მოძრობა" - 3 "დემოკრატიული მოძრაობა" - 1, "თავისუფალი დემოკრატები" - 1, "რესპუბლიკელების" - 2 და ერთი ჰყავდა "ეროვნულ ფორუმს", თუმცა, არჩევნების მერე პარტია "ოცნების" რიგებს შეუერთდა, დანარჩენი კი სულ "ოცნებაა", თუმცა, ძალიან მერყევი სიტუაციაა და მე მგონი, მმართველი პარტია უმრავლესობას" მალე დაკარგავს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გიქოშვილი.

აღსანიშნავია, რომ კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გამოსვლის შემდეგ მმართველმა პარტიამ აჭარის უმაღლეს საბჭოში გასულ წელს უმრავლესობა დაკარგა.

"21 კაციდან 8 გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის, 3 "თავისუფალი დემოკრატები", 8 კოალიცია "ქართული ოცნება" - აქედან "რესპუბლიკელი" - 1, "ფორუმი" - 1 "კონსერვატორები" - 1, "მრეწველები" - 1 და 1 თავისუფალი დეპუტატი.

"გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მძიმედ ხდება, უმეტეს შემთხვევაში ვერ ვთანხმდებით ვერაფერზე. აი, მაგალითად, ვერ მოვახერხეთ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა, რომლის კანდიდატი ახლა განმეორებით წარადგინეს. ერთი სიტყვით, ვჯახირობთ ამა თუ იმ საკითხების მიღებაზე", - გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავისუფალმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ.

მერებისა და გამგებლების გადაყენების საფრთხე

თვითმმართველ ერთეულებში "ოცნების" უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ სახელისუფლებო პარტიას რეგიონებში შესაძლოა, მთელი რიგი პრობლემები შეექმნას. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის ირმა პავლიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საკრებულოს წევრების 2/3 შეკრებას შეძლებს, შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მერებსა და გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეების გადარჩევის საკითხი დააყენონ.

თუ "ოცნება" რეგიონებში უმრავლესობას დაკარგავს, შესაძლებელია ისევ იმ სცენარით განვითარდეს მოვლენები, როგორც კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გამოსვლის დროს მოხდა. შეიძლება თავიდან მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარეების შერჩევა. ასევე არ არის გამორიცხული, უნდობლობის საკითხის წამოწევა მოხდეს ამა თუ იმ კომისიის თავმჯდომარეებზე. კოდექსის მიხედვით, ეს საკითხი შეიძლება წამოწიოს დეპუტატების ერთმა მესამედმა და მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ.

"მერები და გამგებლები არჩევითია, თუმცა თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს წევრებს ნებისმიერი საფუძვლით უფლება აქვთ დააყენონ მათი უნდობლობის საკითხი", - განუცხადა "მთელ კვირას" პავლიაშვილმა.

დაიწყება თუ არა სახელისუფლებლო კრიზისი

კოალიციის დაშლის შემდეგ პოლიტოლოგ-ექსპერტები წინასაარჩევნოდ არასტაბილური გარემოს შექმნაზე ალაპარაკდნენ. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის წევრები უმრავლესობას დატოვებენ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია იქნება.

"ოცნების" საქმე უკან-უკან მიდის. პრობლემები მატულობს და გამოსვალი თითქოს არ ჩანს. თუ კოალიციის დაშლა გაგრძელდა, მაშინ ამას რეგიონებში გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება. ის, რომ "ოცნება" უმრავლესობას დაკარგავს, ეს დიდ პრობლემად არ მიმაჩნია. პრობლემა იქნება ის, რომ შეიქმნება არასტაბილური გარემო.

"არჩევნები ისედაც არასტაბილურ გარემოს ქმნის და ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას.

ამიტომ, მიუხედავად, იმისა, რომ არჩევნებზე პარტიები ცალკე აპირებენ გასვლას, არ უნდა დატოვონ კოალიაცია და შეინარჩუნონ უმრავლესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც დღემდე უმრავლესობაში იყო.

"გასაგებია, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჯერ არ ჩატარდება, მაგრამ საპარალმენტო არჩევნების შემდეგ თუ მოხდება რეგიონებში ძალთა ბალანსის შეცვლა, კი, ბატონო. ვითარების შეცვლა რთული იქნება, თუმცა, თუ სხვადსხა დროს მოხდება მთელი ქვეყნის მაშსტაბით, დესტაბილიზაციას თავიდან ავიცილებთ", - უთხრა "მთელ კვირას" ძაბირაძემ.

წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ფართო მოქმედების პერსპექტივაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. თუმცა, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში უმრავლესობას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაიბრუნებს.

"კოალიაციის დაშლის შემდეგ რეგიონებში "ოცნება" უმრავლესობას დიდი ალბათობით დაკარგავს. აჭარაში ვიცით, რომ ეს უკვე მოხდა. "ქუთაისში" "ოცნების" წევრებს მერყევი პოზიციები აქვთ. ასე რომ, არ არის გამორიცხული ბათუმის მსგავსი სცენარი იქაც განმეორდეს.

"წინასაარჩევნო პერიოდი - ეს 6-7 თვე ოპოზიციას ფართო მოქმედების პერსპექტივას უქმნის და ეს რეალობაა, რომ მთელ რიგ რეგიონებში "ოცნება" უმცირესობაში აღმოჩნდება. წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებში ოპოზიციის უმრავლესობა ჩამოყალიბდება. მმართველი პარტია ხელ-ფეხშეკრულია. რაც მთავარია, ადმინისტრაციული რესურსი უცებ გადავა ოპოზიის ხელში", - გვითხრა ცინცაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში ვერცერთ რეგიონში ვერ აღმოჩნდება.

"რეალურ ოპოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს "ოცნება" და ეს კურიოზია, მაგრამ საქართველოში ამაზე უარესი კურიოზებიც მომხდარა.

"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში ვერსად ვერ აღმოჩნდება. აჭარაში პატარა შანსი აქვს, თუმცა გააჩნია, დამოუკიდებელი დეპუტატები რას იზამენ.

"ეროვნული ფორუმი", "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკელები" ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არ არიან განწყობილი, მაგრამ კენჭისყრაზე გატანილი ნებისმიერი საკითხით "ოცნება" უმცირესობაში აღმოჩნდება. ერთმანეთის სიძულვილის გამო ნუ გავახარებთ "ოცნებას" - ახლა აი, ასეთი ლოგიკით მიუდგებიან დეპუტატები საკითხების გადაწყვეტას.

"რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის საკრებულოში ამ ეტაპზე "ოცნება" უმრავლესობას ვერ დაკარგავს, მაგრამ აქ ემუქრება მთელი მოსახლეობის ანტაგონიზმი. ასე რომ, აქ უფრო მეტი საფრთხე აქვთ. "ოცნება" საკრებულოში უმრავლესობაშია, მაგრამ მოსახლეობაში უმცირესობაში. ეს კი პირველ რიგში მერის - დავით ნარმანიას დამსახურებაა. სადაც ნარმანია მერია, იქ არ შეიძლება მმართველ პარტიას ავტორიტეტი ჰქონდეს", - გვითხრა ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×