თაკო მათეშვილი
05.04.2016

 სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას ლოკალურ ომად აფასებს და ამბობს, რომ მალე, სავარაუდოდ, იგი "ლიმიტირებულ" ომში გადაიზრდება.

არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში საქართველოც იქნეს ჩართული და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია სხვადასხვა მხარემ თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს. მათ შორის კორიდორად, ან ბაზების განსათავსებლად.

ვახტანგ მაისაია: სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამ რეკონსერვაცია განიცადა და გაყინული კოფლიქტიდან ცხელ ფაზაში გადავიდა. ეს შეზღუდული სამხედრო კონფლიქტია, სადაც საარტილერიო სისტემას ორივე მხარე ინტენსიურად იყენებს, მათ შორის ზალპურ საცეცხლე სისტემებსაც. ასევე, მიდის ფრონტალური ტიპის საბრძოლო მოქმედებები.

დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი ლოკალური ომის ფარგლებს გასცდეს და "ლიმიტირებული ომის" ფორმატში გადაიზარდოს, სადაც უკვე სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, რომელთაც სამხედრო-სამოკავშირეო ვალდებულებები გააჩნიათ.

შეზღუდული სამხედრო კონფლიქტი ღიად მიმდინარეობს - ორივე მხარის შეიარაღებული ძალების ჩართულობა 7-30 ათას მებრძოლამდე მერყეობს (ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ორივე მხარე მხოლოდ 5 ათასამდე მებრძოლს იყენებს), 150 ტანკი, 300 ჯავშანმანქანა, 10-15 საფრონტო ვერტმფრენი და სამხედრო ავიაცია.

მხარეებმა გადალახეს უკვე ფსიქოლოგიურ-გეოსტრატეგიული "ბარიერი" და მზად არიან სამხედრო ოპერაციები უკვე ტაქტიკურიდან ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეებზე გააგრძელონ; აწარმოონ ე.წ. "ცეცხლით დაზვერვის" ტიპის საომარი მოქმედებანი, რომელიც დაპირისპირებული მხარისთვის სუსტი წერტილების აღმოჩენას ითვალისწინებს; განავითარონ სტრატეგიული "შეჭრის" გარღვევითი შეტევა, ხელში აიღონ სტრატეგიული ინიციატივა და უკვე მეორე ეტაპზე "შეტევითი ტემპი" გაზარდონ.

რამდენიმე დღეში კონფლიქტი, სავარაუდოდ, ე.წ. "ლიმიტირებული ომის" ფაზაში გადავა, ანუ ისინი დაუბრუნდებიან 1994 წლამდე არსებულ დე-ფაქტო მდგომაროებას, ოღონდ ახალი გეოსტრატეგიული და სამხედრო-ოპერაციული პარამეტრების გათვალისწინებით.

განსხვავება ის იყო, რომ მაშინ არცერთ მათგანს სახელმწიფო ატრიბუტები სრულად არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. მაშინ არასრული სახელმწიფოების დონეზე წარმოებული ომი იყო. მას მერე 22 წელი გავიდა და სიტუაციაც შეიცვალა.

აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც მძლავრი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები შექმნეს. ახლა უკვე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავთ - აზერბაიჯანს 140 ათასიანი, სომხეთს კი დაახლოებით 70 ათასიანი. ასე რომ, ორივე მხრიდან საკმაოდ სერიოზული მობილიზაციაა.

"რეზონანსი": რას ელით უახლოეს დღეებში?

ვ.მ: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მცირე ოპერატიული "შესვენების" შემდეგ შეეცდება ყარაბაღის სამხრეთით შემტევი ტიპის სამხედრო ოპერაციები განავითაროს. ცენტრალური და ჩრდილოეთის მიმართულებით კი იმ მცირე მონაკვეთებზე გამაგრდეს, სადაც მათ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს.

სომხური მხარე შეეცდება გადავიდეს ე.წ. "აქტიური თავდაცვის" სტრატეგიაზე და შემხვედრი მიმართულებით კონტრშეტევები განახორციელოს.

შეიძლება საკმაოდ სოლიდური ფრონტალური ტიპის, ოღონდ პოზიციური სახის სამხედრო მოქმედებანი განხორციელდეს, სადაც უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება სიღრმისეული სადაზვერვო საბრძოლო ოპერაციებსა და უკონტაქტო ბრძოლის ელემენტებზე (ამაზე მიუთითებს ორივე მხარის მიერ საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემებისა, რომელთა კალიბრის ზომა 100 მმ-ს აღემატება).

აზერბაიჯანული ავიაცია ალბათ გააქტიურდება, სომხეთის მხრიდან კი საარტილერიო სისტემები, მათ შორის დამრტყმელი ტიპის. იმედია, საერთაშორისო საზოგადოება დროულად ჩაერევა, არ მისცემს საშუალებას, რომ კონფლიქტი დაბალი ინტენსივობის - შეზღუდული სამხედრო კონფლიქტიდან ლიმიტირებული ომის დონეზე გადაიზარდოს, თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ახლა რადიკალური ღინისძიებებია საჭირო.

"რ": როგორი შეიძლება იყოს ამ ყველაფერში საქართველოს ჩართულობა, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე?

ვ.მ: არ არის გამორიცხული, მთიან ყარაბაღში რუსეთმა სამხედრო ნაწილები სამშვიდობო კონტინგენტის სახით შეიყვანოს და იქ თავისი სამხედრო გავლენა დაამკვიდროს.

სავარაუდოდ, ამისთვის ჩავიდნენ ბაქოში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ამით რუსეთი შეეცდება გაზარდოს თავისი სამხედრო გავლენა მთლიანად კავკასიის რეგიონზე.

სამშვიდობოების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას კი, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ე.წ. "მეოთხე ბაზა" განახორციელებს.

მხარეები ცდილობენ, მოწინააღმდეგეს მეტი ტერიტორია წაართვან, რადგან თუკი სამშვიდობო ოპერაცია განხორციელდა, მათ ეს ტერიტორიები შეუნარჩუნდებათ და მოგებული დარჩებიან. აზერბაიჯანმა მცირე ტერიტორიის დაბრუნების ხარჯზეც რომ დაუშვას სამშვიდობო ოპერაცია, ალიევს ესეც კი აწყობს, რადგან ეს მისთვის დიდი პოლიტიკური ბონუსი იქნება.

თუკი ეს ყველაფერი "ლიმიტირებულ ომში" გადაიზარდა, ეს საქართველოსკენ ლტოლვილთა ნაკადის წამოსვლას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ფრონტალური ბრძოლები მთელ პერიმეტრზე დაიწყება.

ამჟამად ბრძოლები მხოლოდ 2-3 ადგილას მიდის - ყარაბაღის ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში. თუ იგი მთლიან ზოლზე გადავა, ეს უკვე სახელმწიფოთაშორისი ლიმიტირებული ომი იქნება და საქართველოსკენ ლტოლვილთა ნაკადს დაძრავს.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება სამხედრო კონფლიქტიც გადმოვიდეს. ამის ნიშნები უკვე არსებობს. ასევე, გვინდა თუ არა, საქართველო დივერსიული ჯგუფების სამიზნე შეიძლება გახდეს. ამან შეიძლება კატასტროფული სახე მიიღოს.

ის დივერსანტები, რომლებიც 1994 წლამდე სომხეთსა და აზერბაიჯანში იყვნენ, ახლა კარგად შეიარაღებულ, სპეცდანიშნულების რაზმებად იქცნენ და შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებებიც განახორციელონ, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე დიდ გავლენას იქონიებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეები შეეცდებიან საქართველოში ეთნიკური თემები გამოიყენონ. ეს პროცესი, სამწუხაროდ, უკვე დაიწყო და გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თემის წარმომადგენლები ყარაბაღში მოხალისეებად წასვლას აპირებენ. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა.

კიდევ ერთი გამოწვევა კი ისაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთმაც და თურქეთმაც შესაძლოა თავისი ინტერესებისათვის გამოიყენონ და საქართველო სატრანზიტო კორიდორად აქციონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×