კოსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს არჩევნებში კენჭიყრის შემთხვევაში თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს, აბსოლუტურად მისაღებია. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ამგვარი შესწორებით კონსტიტუცია აღარ იქნება კონკრეტულ პერსონალიებზე მორგებული და ბევრად უფრო გამართულ ცვლილებას მივიღებთ.
ამასთან, ძაბირაძის თქმით, მთავრობის გადაყენების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი მის შემადგენლობას არანაკლებ 5 მინისტრი დატოვებს ან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგება, რაც ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობით მოსალოდნელი არაა.
კონსტიტუციონალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად კოალიციის დაშლისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის შესაძლო გადაყენების შესახებ კონსტიტუციურ ნორმას არ ესადაგება და ამის მიზეზებსაც განმარტავს.
"მთავრობის გადაყენების საკითხს პროცედურულად თან ხვადასხვა სამუშაო ეტაპი ახლავს, თუმცა, დღეის მდგომარეობით ამის ალბათობა დაბალია," - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
"რეზონანსი" მას მთავრობისთვის შესაძლო ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხსა და იმ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლის თანახმადაც პრემიერს არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, გადადგომა აღარ მოუწევს.
ვახტანგ ძაბირაძე: თუ არანაკლებ 5 მინისტრი, ანუ მთავრობის ერთი მესამედი შეიცვალა ან პრემიერ-მინისტრი გადადგა, ამ შემთხვევაში მთავრობა გადაყენებულად ითვლება. ხოლო თუ უმრავლესობა დაშლილია და აღარ არის, მაშინ პრემიერის კანდიდატურას პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქცია წამოაყენებს და მას პრეზინდენტს წარუდგენს.
პრეზიდენტი კი 7 დღის ვადაში პრემიერს მთავრობის შექმნის შესაძლებლობას აძლევს, რომელსაც ის პარლამენტს კენჭის საყრელად წარუდგენს, 76 ხმის მოპოვების შემთხვევაში კი მთავრობა დამტკიცებულად გამოცხადდება. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.
მოცემულ სიტუაციაში მთავრობის გადაყენების საკითხი მოსალოდნელი არაა, რადგან მოგეხსენებათ, რომ არც ერთი მინისტრი არ შეცვლილა. მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი დაინიშნა, მხოლოდ ერთი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალა, სხვა შემადგენლობაში კი ცლილებები არ ყოფილა, შესაბამისად, მთავრობას ნდობა გამოცხადებული აქვს. როგორც გავიგე, ახლა კანონმდებლობაში პრემიერ-მინისტრის კენჭისყრასთან დაკავშირებით შესწორებასაც გეგმავენ.
"რეზონანსი": ზუსტად ამ ცვლილებაზე მინდა, გკითხოთ. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული და საჭირო იყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა?
ვ.ძ: არსებული ნორმით ეს სხვანაირად რეგულირდება. კერძოდ კი, პრემიერმა კენჭი რომ იყაროს, ამისათვის ის უნდა გადადგეს 2 დღით ადრე, ამ შესწორებით კი მას გადადგომა აღარ მოეთხოვება და ერთდროულად შეუძლია დარჩეს თანამდებობაზეც და კენჭიც იყაროს.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია ვიღაცაზე მორგებული იყო, ამ ცვლილებით კი ის უფრო გამართული იქნება. ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერი გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება, რომელიც არჩევნებშიც მონაწილეობს.
"რ": აქ საგულისხმო ისაა, რომ ეს ცვლილება აქამდეც შეიძლებოდა მიეღოთ, თუმცა რატომღაც დროში უცნაურად დაემთხვა...
ვ.ძ: როგორ შეიძლება უმრავლესობა იყოს პარლამენტში და მან პრემიერი გარედან აირჩიოს? ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კი ბატონო, ეს ცვლილება უცნაურად დაემთხვა დროში, მაგრამ ეს იმას არ ნიშანვს, რომ ვინმეზეა მორგებული.