ეკატერინე ბასილაია
06.04.2016

 მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები ზაფხულამდე მოსალოდნელი არ არის. პრემიერი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილების პირველ ეტაპს ივლისში გეგმავს, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპი კი არჩევნებამდე 40 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოსაა გათვლილი და თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ყველაფერი ამ გეგმის შესაბამისად უნდა წავიდეს. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" პარლამენტში თავისმა წყარომ შეატყობინა.ის, რომ მინიმუმ ერთ თვეში მთავრობაში ცვლილებები არ იგეგემება, დაადასტურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, თუმცა როდის შესაძლოა მოხდეს ეს, ამაზე არ უსაუბრია.

გუშინ კი მთელი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ უახლოეს დღეებში 3 "რესპუბლიკელი" მინისტრის გადაყენება იგეგმებოდა. ამ საუბრის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და იქ პარტიის ლიდერებს ხვდებოდა. დღის მანძილზე პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამ შეხვედრაზე გადაწყდა თავდაცვის მინისტრისა და გარემოს დაცვის მინისტრის წასვლა-არ წასვლის საკითხიც. ითქვა ისიც, რომ თუკი თინა ხიდაშელი დატოვებდა თანამდებობას, მის ადგილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაიკავებდა. გიგლა აგულაშვილს კი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი ჩაანაცვლებდა. ასევე საუბარი იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეცვლაზე და მისი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის დანიშვნაზე. "რესპუბლიკელი" არ არის, მაგრამ ითქვა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძის ნაცვლად მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება.

გია ვოლსკის განცხადებით, "რესპუბლიკელი" მინისტრების ცვლილებაზე ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, რადგან შეიქნას შთაბეჭდილება, რომ მთავრობაში კრიზისია.

"ასეთი ინფორმაციის გავრცელებაც გარკვეულ მიზანს ემსახურება, რომ რაღაც რყევა შექმნან კოალიციასა და უმრავლესობაში, რათა ხელი შეუშალონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და მიღებას. სამი რესპუბლიკელი მინისტრი თანამდებობებზე პარტიული ნიშნით არ შერჩეულა," - აცხადებს ვოლსკი და დასძენს, რომ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება.

"რესპუბლიკელი" მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე მოლოდინი არ დაადასტურა ლევან ბერძენიშვილმაც.

"მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის იმდენად, რამდენადაც ჩვენ, "რესპუბლიკელებმა" ამის შესახებ არაფერი ვიცით. შეიძლება ვინმემ რაიმე იცის, მაგრამ მე არ ვიცი და ძალიან მსხვილმა "რესპუბლიკელებმა" არ იციან და არა მგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს," - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

"რეზონანსის" წყაროს ცნობით კი უახლოეს ერთ თვეში არა, მაგრამ "რესპუბლიკელი" მინისტრების ცვლილება დაგეგმილია, თუმცა მხოლოდ ივლისში. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და "რესპუბლიკელები" უკვე პარტია "ქართული ოცნების" კონკურენტები არიან, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტიდან კონკურენტი პარტიის წევრების გაშვებამ შესაძლოა პარლამენტში უმრავლესობის დაშლა გამოიწვიოს, რაც თავისთავად მთავრობის ნდობის საკითხის დაყენებას გამოიწვევს და საპარლამენტო კრიზისი შეიქმნება. ასეთი გართულება კი "ოცნებაში" არავის სურს.

საქმე ისაა, რომ 150-წევრიან პარლამენტში უმრავლესობის არსებობისთვის 76 დეპუტატია საჭირო. "ეროვნული ფორუმის" გასვლის გამო 88-წევრიან საპარლამენტო უმრავლესობას 6 დეპუტატი გამოაკლდა და დღეს უმრავლესობა მხოლოდ "რესპუბლიკელების" 10-კაციანი ფრაქციის მეშვეობით არის შენარჩუნებული. ამდენად, კვირიკაშვილი "რესპუბლიკელი" მინისტრების ცვლილების გამო საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს არ დააყენებს. საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს სრულდება, თუმცა შემდეგ რამდენიმე დღეში - 8-9 ივლისს არის ნატო-ს ვარშავის სამიტი. სამიტის მიჯნაზე თავდაცვის მინისტრის ცვლილებამაც, შესაძლოა, დასავლეთში კითხვები გააჩინოს. როგორც "რეზონანსის" წყარო ამბობს, მხოლოდ ვარშავის სამიტის შემდეგ მოხდება "რესპუბლიკელი" მინისტრების შეცვლა. მინისტრების ცვლილების მეორე ეტაპი კი უკვე არჩევნებს და "ოცნების" საარჩევნო სიას უკავშირდება. პარტიის საარჩევნო სიის თუ მაჟორიტარების კანდიდატების ცესკო-ში დარეგისტრირების ბოლო ვადა არჩევნებამდე 40 დღით ადრეა. მეორე დღესვე კი იმ საჯარო მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც საარჩევნო სიაშიც იქნებიან, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი - უკვე გუშინ საღამოს გამოაცხადა. ასე რომ, აგვისტოს ბოლოს საარჩევნოდ პარტიის სიაში გადანაცვლებული მინისტრები პორტფელებს დაემშვიდობებიან, დროებით მაინც.

სახელდება კონკრეტული გვარებიც. სიის პირველი ნომერი დიდი ალბათობით იქნება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა მისთვის საგანგებოდ საარჩევნო კოდექსის ცვლილება იგეგმება, რომ პრემიერს სიაში მოხვედრის გამო თანამდებობის დატოვება არ მოუწიოს. კვირიკაშვილის გარდა "ოცნების" სიაში თუ მაჟორიტარებად იქნებიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ამ მინისტრებს წარმატებულებად მიიჩნევენ და უმეტესად მაჟორიტარად მოიაზრებენ.

საუბარია იმაზეც, რომ 3 "რესპუბლიკელი" მინისტრისა და 4 "ოცნების" მინისტრის ცვლილება ჯამში მინისტრთა კაბინეტის 1/3-ს შეადგენს, რაც კანონის თანახმად მთავრობის ხელახალი ნდობის საკითხსაც დააყენებს და როგორც "რეზონანსის" წყარო აცხადებს, ნდობის გამოცხადებაში სირთულეები რომ არ შეიქმნას, ახლა განიხილება ისიც, რომ "რესპუბლიკელებიდან" მხოლოდ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები შეიცვალონ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი სავარძლის შენარჩუნება შეძლოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ "ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ზაქარეიშვილი მოსწონს". თამარ სანიკიძის გადაყენების განზრახვას გაზეთის წყარო არ ადასტურებს. თუმცა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, სანიკიძე მაინც შეიცვლება.

ამ ცვლილებას "ოცნებაში" საჯაროდ არ ადასტურებენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, მოქმედი მინისტრების საარჩევნო პროცესში ჩართვა და მათი სიაში ყოფნა მხოლოდ ჰიპოთეტური აზრებია, რომელთაგან არც ერთი არ დასტურდება.

"მე ამას ახლა არ გიდასტურებ. ამ ეტაპზე აღნიშნული თემების განხილვა არ მიმდინარეობს. ჰიპოთეტურად კი ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება თქვა, რომ ის საარჩევნო სიაში იქნება. ამასთან დაკავშირებით ბევრი ლოგიკური ანალიზი წამიკითხავს, მაგრამ ამ ანალიზებს საფუძველი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც ამის თაობაზე გამოვაცხადებთ," - განაცხადა ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრების გადაყენებაზე საუბრები სმენია, თუმცა ეს ოფიციალურად არავის განუცხადებია და ამიტომ ვერაფერს დაადასტურებს. იქვე დასძენს, რომ უკვირს, როგორ შეიძლება "რესპუბლიკელები" თან "ოცნების" კონკურენტები იყვნენ და თან მინისტრებიც და ამით ადმინისტრაციული რესურსებიც გამოიყენონ.

"პარლამენტში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ მთავრობაზე მიჭირს ამის აღქმა. მე "რესპუბლიკელების" მაგივრად გამიჭირდებოდა ასე ყოფნა. გარდა ამისა, პირადად მე იმ შემთხვევაში ავიყვანდი სხვა პარტიებიდან მინისტრებს, თუ ჩემს პარტიაში ამის რესურსი არ მექნებოდა, რესურსი კი ჩვენ გვაქვს," - ამბობს მეჭიაური.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მას რომელიმე მინისტრის გადაყენებაზე ინფორმაცია არ სმენია, ვარაუდობს, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მაინც რომელიმე მინისტრის გადაყენებას არ მოხდება და არგუმენტად იმას ასახელებს, რომ "ოცნებას" უმრავლესობის შესანარჩუნებლად და კანონების მისაღებად "რესპუბლიკელების" 10 ხმა სჭირდება.

"შესაძლოა, არჩევნებამდე ისე წავიდეთ, რომ სამთავრობო ცვლილებები არ მოხდეს, შესაძლოა არჩევნების შემდეგ განხორციელდეს ცვლილებები, თუმცა მე მომხრე ვარ, რომ არა მარტო პრემიერ-მინისტრს, არამედ მინისტრებსაც ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ისე, რომ მათ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ იყვნენ ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიაში. საპარლამენტო რესპუბლიკებში, იქ სადაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას, ეს მიღებული მოდელია. მაგალითად გერმანიაში ასეთი რამ შესაძლებელია. კალაძესა და სერგეენკოზე მსმენია, რომ მათ მაჟორიტარებად განიხილავენ და ვფიქრობ, რომ თუკი ეს მოხდება, ძალიან კარგი იქნება, რადგან ისინი რეიტინგული ლიდერები არიან," - აღნიშნავს ჩაფიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×