თიკო ოსმანოვა
07.04.2016

 დიმიტრი ცქიტიშვილი, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე და "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტები - "რეზონანსის" ინფორმაციით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდებიან. სიის სრული ვერსია კი 14 მაისს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.

ახალი სახე არ არის, თუმცა სიაში ერთ-ერთ ნომრად, სავარაუდოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მოგვევლინება.

რაც შეეხება სიის სამეულს, კულუარული ინფორმაციით, ის მოქმედი მინისტრებით დაკომპლექტდება.

გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო და კახა კალაძე - ეს არის ის სამი მინისტრი, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" საპარლამენტო სიისთვის "ოქროს სამეულად" მიიჩნევა. სიაში მათი ყოფნა კი, ჩვენი ინფორმაციით, კადრების ნაკლებობის გამოა გადაწყვეტილი.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი არც სიაში იქნება და არც პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, თავად საუბრობდა არჩევნებში აქტიურ ჩართვაზე, თუმცა რა ფორმით მოხდება ჩართვა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარტიული სიის პირველი ნომერი ივანიშვილი არ იქნება და მან ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება საერთოდ გამორიცხა.

"ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ის ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი", - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კი ივანიშვილი საარჩევნო პროცესში ჩაერთვება, რადგან ეს თავად ექსპრემიერმა განაცხადა.

"ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს წინასაარჩევნო სამზადისში, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს, პირველ რიგში, ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული. ამაზე, ბუნებრივია, გუნდში იქნება მსჯელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სიის ფორმირებას, ჯერჯერობით არც ერთი მათგანი ღიად არ საუბრობს. თუმცა, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ სიაში, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "საზოგადოება 20/30"-ის ექსპერტებიც. მისი თქმით, პარტიის ახალი სახეები საზოგადოების წინაშე თანდათანობით გამოჩნდებიან.

"რეზონანსის" ინფორმაციით, კი "ოცნების" სიის ათეულში არიან საიას ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც პარტიულ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს და "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტებს - მიხელ დუნდუას და ლევან კალანდაძეს, სიაში მათი ზუსტი ადგილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" რიგებში მათი ყოფნა გადაწყვეტილია. თუმცა, თავად დუნდუა და კალანდაძე ამას არ ადასტურებენ.

"შემოთავაზება არ ყოფილა. ნებისმიერ შემოთავაზებაზე კი მაშინ დავფიქრდები, როცა შემომთავაზებენ.", - გვითხრა დუნდუამ.

ლევან კალანდაძეც ამბობს, რომ მსგავსი შეთავაზება არ ჰქონია.

"არ ვიცი მიდის თუ არა ჩემი კანდიდატურის განხილვა. ჯერჯერობით სიებთან დაკავშირებით ჩემთან კონსულტაცია არ ყოფილა.

დაველოდოთ. ყველა პარტიას ბევრი საკითხი აქვს გასავლელი როგორც უშუალოდ სიებთან დაკავშირებით, ისე ტექნიკური საკითხები, საარჩევნო სტრატეგია და ა.შ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის კონკრეტულ გვარებზე ჩამოყალიბებული რომ არ არიან.

"ოქტომბრამდე საკმაო დრო აქვთ იმისთვის, რომ გარკვეული თემები შეაჯერონ, შიგნით მოიხარშოს ეს თემები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ კონკრეტული კონსულტაციები კონკრეტულ პირებთან", - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" 47 დეპუტატიდან, ნახევარი სიაში ადგილებს შეინარჩუნებს, მეორე ნახევარი - არა. თუმცა, კონკრეტულად ვინ დარჩება სიაში და ვინ - სიის მიღმა, ამას საზოგადობაც და პარტიის წევრებიც ყრილობის მერე შეიტყობენ. ამ ეტაპზე საჯაროდ მხოლოდ ის არის გაცხადებული, რომ სიაში სპორტსმენები, ხელოვნების მუშაკები და ინგლისურის არმცოდნეები არ მოხვდებიან.

"არსებული სიჭარბით მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

ასევე, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, რამდენიმე დეპუტატს თავად აღარ სურს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა კონკრეტულად ვის - უცნობია.

უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიაძემ არ იცის მოხვდება თუ არა "ქართული ოცნების" სიაში, თუმცა ამბობს, რომ ქუთაისში მაჟორიტარად კენჭის ყრის სურვილი აქვს.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ახალ სახეებს, ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა პრო-ექტის "რა? სად? როდის?"-ის წამყვან გიორგი მოსიძესა და იურისტ სოფიო ხორგუანთან.

"სოფიო ხურგუნთან და გიორგი მოსიძესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ როგორ გადაწყდა - არ ვიცი. თქვეს, რომ პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და ალბათ ყველაფერს მალე გამოაცხადებენ.

"აპრილის ბოლომდე თუ არ გვეტყვიან, გამოდის, რომ ცაიტნოტში ვრჩებით. ეს პროცესი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს, რადგან ყრილობა კიდევ ერთხელ გადადეს და ახლა როგორც ამბობენ, 14 მაისს გაიმართებაო.

"ჩემი აზრით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე "ქართული ოცნების" დამრტყმელი ძალები არიან და ალბათ იქნებიან სიაში მიუხედავად იმ სკანდალისა, რომელიც მათ წინააღმდეგ აგორდა. ისინი თუ მოვიცილეთ, ეჭვი მეპარაბება სამაგიეროდ უკეთესები მივიღოთ. ვფიქრობ, ამ ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ სურვილი დარჩენენ პარლამენტში.

"რაც შემეხება მე, სურვილი მაქვს, თუმცა, ვნახოთ რა იქნება. ქუთაისს ის სოფელი შემოურთეს, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ მინდა ჩემს რაიონს მივხედო", - გვითხრა ნიშნიანიძემ.

დეპუტატ ელისო ჩაფიძეს კი მომავალ წელს ან პარლამენტში მაჟორიტარული კვოტით ვიხილავთ, ან კიდევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

"ვფქირობ მაჟორიტარობასთან დაკავშირებით, ასევე მაქვს სხვა ტიპის შემოთავაზებები. გავივლი კონსულტაციებს და გადავწყვეტ ყველაფერს - ვიქნები ან პარლამენტში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჩაფიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×