ექსპრემიერის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის აზრით, მომავალ პარლამენტში უმრავლესობით გასვლის ერთადერთი შანსი "ქართულ ოცნებას" აქვს. როგორც გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, არჩევნების შემდეგ არ არის გამორიცხული, მრავალპარტიული პარლამენტი ვიხილოთ.
მისი აზრით, პარლამენტში 5-6 პარტია გავა და იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო, კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება.
გია ხუხაშვილი: ამ ეტაპისთვის ზოგადი სურათია ისეთია, რომ, სავარაუდოდ მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ, რაც კარგი იქნება. ასეთი გამოცდილება ქვეყანას ნამდვილად სჭირდება.
რაც შეეხება, რომელი პარტია შეძლებს უმრავლესობის მიღებას, პრინციპში, ამის ერთადერთი შანსი "ქართულ ოცნებას" აქვს. თუმცა ეს შანსი ძალიან მაღალი არ არის.
ვფიქრობ, პარლამენტში 5-6 პარტია უნდა გავიდეს, თუმცა მოვლენების გარკვეული განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მეტიც ვიხილოთ, რასაც ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს.
ამომრჩევლის დიდ ნაწილს, ხმას ვის მისცემს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. უმრავლესობას როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მკვეთრად ნეგატიური განწყობა აქვს.
შესაბამისად, ეს ადამიანები საბოლოო ჯამში არჩევნებზე თუ წავიდნენ, არჩევანს დანარჩენი პარტიებიდან გააკეთებენ. ეს ფაქტი შედარებით მომცრო პარტიების შანსს, რომ პარლამენტში მოხვდნენ, გაზრდის, რაც აგრეთვე მისასალმებელია.
"რეზონანსი": იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო, მოვლენები როგორ განვითარდება?
გ.ხ: ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო კოალიციის შექმნის საჭიროება გაჩნდება. კოალიციის შექმნის აუცილებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის მიღებას ვერავინ ვერ შეძლებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.
როგორც წესი, პარლამენტში კოალიციები იქმნება არა ნეგატიური ნიშნით, ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ პოზიტიური ნიშნით, ანუ რაღაც პოზიტიური დღის წესრიგიდან გამომდინარე.
უმრავლესობის ფორმირება რომ მოხდეს და ხელისუფლება ფუნქციონირებადი გახდეს, საპარლამენტო კოალიციის შექმნა აუცილებელი გახდება. ვფიქრობ, ჩვენთვის კარგი გამოცდილებაც იქნება.
"რ": თქვენ ახსენეთ, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, კოალიციის შექმნის აუცილებლობა დადგეს. წინასაარჩევნოდ თუ უნდა ველოდოთ ბლოკების შექმნასა და პარტიების გაერთიანებას?
გ.ხ: არსებობენ უმნიშვნელო პარტიები, რომლებიც შესაძლოა გაერთიანდნენ, ეს თეორიულად დასაშვებია, თუმცა დიდი კოალიციის შექმნას არ ველოდები. კოალიციების შექმნას აზრი მაშინ აქვს ხოლმე, როდესაც ამ კოალიციაში ერთი პოლიტიკური ძალა თავისი საარჩევნო პერსპექტივით აშკარად გამოკვეთილია, რომელსაც სხვები ჩაებმებიან.
სიმართლე გითხრათ, ასეთ კონფიგურაციას, ვერ ვხედავ. "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციის ცენტრი იქიდან გამომდინარე ვერ გახდება, რომ სხვა პარტიებისთვის გარკვეულწილად კეთროვანია. "ქართული ოცნება" კი ამას არ აპირებს.
სხვა პარტიების დაჯგუფებაში კი დიდ აზრს ვერ ვხედავ. შესაძლოა, ეს მოხდეს, მაგრამ გამოვრიცხავ ამან საარჩევნო გარემო პრინციპულად შეცვლოს.
"რ": როგორ ფიქრობთ, "რესპუბლიკელი" მინისტრები დაკავებულ თანამდებობას უნდა ინარჩუნებდნენ თუ არა?
გ.ხ: მათი მხრიდან თანამდებობების შენარჩუნება აბსურდია და საარჩევნო ლოგიკას არანაირად არ დაექვემდებარება. ასეთი კითხვა მაქვს, ისინი მზად თუ არიან, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ?
ისინი თუ ამისთვის მზად არიან, მაშინ მათი საარჩევნო კამპანია რას ემყარება? არჩევნებზე რა მესიჯით მიდიან? ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ხმა რატომ უნდა მისცეს "რესპუბლიკელებს", ხოლო "ქართულ ოცნებას" არ მისცეს.
ისინი თუ მზად არიან პასუხისმგებლობა გაინაწილონ, მაშინ ცოტა გაუგებარია, "ქართული ოცნებისგან" რით განსხვავდებიან?
ვფიქრობ, "რესპუბლიკელ" მინისტრებს მთავრობაში დიდი დღე არ უწერიათ. მაქსიმუმ, ვარშავის სამიტის შემდეგ მთავრობიდან გასვლა მოუწევთ, რაც მათ ინტერესშიცაა იმისათვის, რომ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ.