ალასანია, ბაქრაძე, ნათელაშვილი, ბურჯანაძე, ბურჭულაძე
თაკო მათეშვილი
08.04.2016

 ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ახვლედიანი, პაატა ბურჭულაძე - პოლიტოლოგები და პიარსპეციალისტები ამ პოლიტიკოსებს ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერებად ასახელებენ და ამბობენ, რომ არჩევნებში წარმატების მიღწევას, სავარაუდოდ, სწორედ ისინი შეძლებენ.

მათი თქმით, ამ პოპულარობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და ხშირია შემთხვევები, როცა პოლიტიკოსი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა პარტია, რომელსაც იგი წარმოადგენს - არა.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, მაღალრეიტინგული ოპოზიციონერი ლიდერების სიის სათავეში დავით ბაქრაძეს ასახელებს და ამბობს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, რომელზეც იგი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ამომრჩეველთა 22%-ის ხმა მიიღო.

მას მაგალითად "ენდიაის" მიერ ჩატარებული კვლევაც მოჰყავს, რომლის შედეგების მიხედვითაც, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის რეიტინგით დავით ბაქრაძე ლიდერობდა. ამბობს, რომ ასევე რეიტინგულია ირაკლი ალასანიაც და სანამ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას დატოვებდნენ, მაშინდელმა კვლევამაც აჩვენა, რომ მის ფარგლებშიც ალასანია ყველაზე მაღალრეიტინგულ პოლიტიკოსად სახელდებოდა. ასე რომ, ამ სიაში იგი ალასანიას მეორე ადგილზე აყენებს.

"თუ რესპუბლიკელები ოპოზიციის ამპლუაში მოგვევლინებიან, მაშინ მაღალრეიტინგული ოპოზიციონერების სიას დავით უსუფაშვილიც შეუერთდება. "რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ამომრჩეველთა 10% მიიღო, მაშინ ისიც რეიტინგულად უნდა მივიჩნიოთ. განსაკუთრებით იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრე იყო.

"ამ სიაში შალვა ნათელაშვილიც უნდა ვახსენოთ. თუმცა მას ადრე უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა", - ამბობს ჩიტაძე. მისივე თქმით, პოლიტიკოსისადმი მხარდაჭერას გარკვეულწილად პარტიისადმი მხარდაჭერა განაპირობებს. თუ პარტია რეიტინგულია, მაშინ პოლიტიკოსიც რეიტინგულია და - პირიქით.

განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს პიარსპეციალისტი, "პერიტუს გრუპის" წარმომადგენელი ნინო პერტენავა და ამბობს, რომ ჩვენთან პარტიები ლიდერზეა მიბმული. მაშინ როცა ევროპასა და ამერიკაში წონა პარტიას გააჩნია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება რეიტინგული მისი ლიდერი, ჩვენთან ეს პირიქითაა.

ქართული საზოგადოება, სპეციალისტის თქმით, ლიდერს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ამბობს, რომ ამაში ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება.

"როცა უნდათ ბიზნესი ცნობადი გახდეს, ირჩევენ ცნობილ სახეს და მის იმიჯზე აბამენ ბიზნესსაც. იგივეს აკეთებენ პოლიტიკაშიც. ლოკომოტივად ქარიზმატულ პიროვნებას ირჩევენ და ამის შემდეგ პარტიის პოპულარულობა უფრო ადვილია.

"ადამიანის ქვეცნობიერში ეს დევს - ქარიზმატულ პიროვნებას მიჰყვებიან. პირიქით კი უფრო რთულია - ჯერ პარტიისადმი რომ ჩამოაყალიბო პოზიტიური განწყობა და მერე ლიდერისადმი. ამას ბევრად მეტი დრო სჭირდება. ასე რომ, პარტიის ლიდერზე მიბმა ყოველთვის უფრო მარტივი გამოსავალია", - აღნიშნავს პერტენავა.

საზოგადოებასთან ურთიერობის სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში ცნობადობას და რეიტინგულობას ერთმანეთში ხშირად ურევენ. მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი მაღალი ცნობადობით სარგებლობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რეიტინგულია და მის სიტყვას წონა აქვს.

ამბობს, რომ ზოგჯერ შესაძლოა ადამიანს ყველა იცნობდეს, მაგრამ ნეგატიურად იცნობდნენ და არა პოზიტიურად. ასევე პირიქით - შესაძლოა ადამიანს ბევრი არ იცნობდეს, მაგრამ ვინც იცნობს, მათში ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდეს.

"ჩვენთან ცნობადობა რეიტინგში ხშირად ერევათ. რეიტინგი ისაა, გამოკითხული 1 000 ადამიანიდან რამდენი დაუჭერს მხარს ამა თუ იმ პიროვნებას, ცნობადობა კი ისაა, ამ ათასიდან რამდენი იცნობს მას.

"ბოლო დროს კი ხალხში, ჩემი დაკვირვებით, უნდობლობაა. როცა პოლიტიკოსი საზოგადოებას პროგრამას წარუდგენს, ბევრს უჭირს განსაზღვროს, თუ რამდენად რეალური და შესრულებადია ეს პროგრამა.

ზოგი ამომრჩეველი უფრო გარკვეულია და მას მარტივად შეუძლია პროფესიონალი არაპროფესიონალისგან გაარჩიოს. ხოლო ის, ვინც ვერ ერკვევა, ხმას იმას აძლევს, ვინც უფრო ლამაზად ლაპარაკობს და თავის აზრს უფრო მჭერმეტყველურად გამოხატავს.

"სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები უმრავლესობაში არიან და შედეგად, ხშირად ძალაუფლებას ხელში არაკომპეტენტური ადამიანები იგდებენ", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში პერტენავა.

რაც შეეხება ოპოზიციონერებს, რომლებიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობენ, იგი ამბობს, რომ მათი ჩამონათვალი არცთუ დიდია.

"ცნობადობა ნამდვლად გააჩნია პაატა ბურჭულაძეს. საკმაოდ აქტიურობს და უნდა ითქვას, რომ ხალხი მის ნალაპარაკევს მეტნაკლებად პოზიტიურად აღიქვამს. ასევე, საკმაოდ აქტიურობს გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის პარტიიდან. ამ სიაში უნდა ვახსენოთ ირაკლი ალასანიაც, თუმცა მასზე უარყოფითი მოსაზრებები უფრო ხშირია, ვიდრე დადებითი", - დასძენს ნინა პერტენავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×