სკანდალურ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა
ელზა პაპოშვილი
09.04.2016

 პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე ხმაურიან დაკავებებს აგრძელებს. გუშინ გამთენიისას სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს, მეექვსე ეჭვმიტანილი კი საკუთარი ნებით მოგვიანებით ჩაბარდა, რომელიც პროკურატურის განცხადებით მიმალვაში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. ხოლო ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგანაც ქვეყანაში არ იმყოფება.

დაპატიმრებული არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი;

ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი;

ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი;

შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;

თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი.

პროკურატურის თქმით, დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ, თუმცა გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევიან. ისინი დაბეჯითებით აცახდებენ, რომ დაკავებული პირები შემხებლობაში იყვნენ როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა ნივთმტკიცების სახით რისი ამოღება მოხერხდა, პროკურორს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ რამდენიმე კვირის წინა ასევე 5 პირი დააკავა. საუბარია გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერებზე, რომელიც "ქრონიკა პლუსის" დირექტორისთვის ელისო კილაძისთვის უნდა მიეყიდა.

პროკურატურამ სწორედ ამ დანაშაულში ჩართული პირთა წრე დაადგინა, ისინი ჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში მონაწილეობდნენ. დაკავებულები არიან, ყოფილი სპეცრაზმელები - ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე. დანარჩენებს კი, ბრალი წარედგინათ, მათ შორის ინგა ჩატოიანსაც, რომელიც, პროკურატურის ცნობით, გამოძიებასთან თანამშრომლობს. სხვა ბრალდებით დაკავებული გელა ღურწკაია სასჯელს საპატიმროში იხდის. დაკავებულია ასევე ადვოკატი გელა ხაჭაპურიძე.

ვასილ ლელუაშვილის ადვოკატი თამაზ კილანავა ამბობს, რომ კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე თავს დამნაშავედ არ ცნობს და უკვირს, რომ ამ საქმესთან მისი დააკავშირება მოხდა, რადგანაც თანამდებობაზე ყოფნის დროს მსგავსი სახის ჩანაწერებზე ხელი არ მიუწვდებოდა. კილანავამ დაცვის ქვეშ მყოფი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

"ვასილ ლელუაშვილი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, მას ასეთ ბინძურ მონაცემებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. ამიტომაც მისთვის გაუგებარია ბრალს რაში სდებენ.

"გასაკვირია ასევე ის ფაქტი, რომ მისთვის პოტენციურად ბრალის წასაყენებლად მოიაზრება მუხლი, რომელიც 2014 წლიდან არის ამოქმედებული, ეს მაშინ, როცა პრეტენზია ბრალდებას მის მიმართ შეიძლება ჰქონდეს სწორედ 2014 წლამდე ფაქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოძიებას მის წინააღმდეგ ვერავითარი მყარი და დასაბუთებული მტკიცებულებები ვერ ექნება," - განაცხადა ვაჟა ლელუაშვილის ადვოკატმა თამაზ კილანავამ.

"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" ფარული ჩანაწერების საქმეზე, მათი ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირების დაკავებას ეხმაურება და აცახდებენ, რომ ვასილ ლელუაშვილი 2013 წელს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო.

მათი განცახდებით, ლილუაშვილი ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეშიც აქტიურად მონაწილეობდა; ის 2012 წლიდან დაპატიმრების შიშით "ქართულ ოცნებასთან" მჭიდროდ თანამშრომლობდა და პარტია მის შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად იყენებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ თუკი დაკავებული პირებიდან რომელიმეს სახელი "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დანაშაულზე ვინმემ თვალი უნდა დახუჭოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი აქტიურობა იმაში გამოიხატება, რომ ისინი 2004-სა და 2012 წლებში აკეთებდნენ ფარულ ჩანაწერებს, რომლითაც საზოგადოების დაშანტაჟება ხდებოდა. საკუთარ მოქალაქეებს ფარული ჩანაწერებით და წამებით ატერორებდნენ. ახლა რაც უნდა განაცხადონ, მათ დანაშაულს ვერაფერი ვეღარ უშველის.

"პროკურატურის კომპეტენციაში ვერ შევალ და თემის აქტუალიზიაციას პოლიტიკური პლატფორმიდან არ დავიწყებ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ სისტემა შეიქმნა, ჩამოყალიბდა და გაძლიერდა სწორედ ასეთი პიროვნებების მეშვეობით.

"უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, რომ ამ ადამიანების პოლიტიკური აქტივობები სამართლიანობის საკითხებთან არ დააკავშირონ. ის, რომ ვიღაცა არჩევნების დროს პოლიტიკურ აქტივობას გამოხატავდა, ამიტომ დანაშაულის ჩადენა უნდა ვაპატიოთ?!

"ბრალდება, რომ ჩვენ ვიღაცებს საქმის გასაკეთებლად ვიყენებდით და აქამდე ამიტომ არ დავაპატიმრეთ, ძალიან უსუსური მგონია იმის ფონზე, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს", - აცხადებს გია ვოლსკი.

იგივე საქმეზე, რამდენიმე კვირის წინ დაკავებული სპეცრაზმელის, ზურაბ ჯამალაშვილის ცოლ, 5 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის მეუღლეს ბრალდებულებთან არასდროს არანაირი ნაცნობობა არ აკვშირებდა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჯამალაშვილი უდანაშაულოა და ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

"გახსოვთ ალბათ, როდესაც ზურაბის დაკავების დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და ისიც კი არ იცოდნენ ვის აკავებდნენ.

"არ ვიცი ჩემი მეუღლის ამ საქმესთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეს, მისი საქმე წაკითხულიც არ მაქვს. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ახლა დაკავებულ 5 პირს ზურაბ ჯამალაშვილთან არანაირი სახის შემხებლობა არ ჰქონდა და ის მათ არ იცნობდა.

"ალბათ საქმის ვითარებაში უკეთესად გავერკვევით და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ჩემი ქმრის საქმე და მათი დაკავება ერთმანეთთან რა კავშირშია", - აცხადებს თეა ჯამალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×