სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარებას უახლოეს თვეებში აპირებს. ამის შესახებ განცხადება ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რეფერენდუმი განსაკუთრებული ფორმით უნდა ჩატარდეს. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისათვის აუცილებელია "რესპუბლიკის" კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა და რეფერენდუმიც სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ჩატარდება, რომლის თანახმად, რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეეძლება მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით, რომ სუბიექტი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიიღოს. შემდეგ კი "პრეზიდენტი" თიბილოვი უმალვე გამოვა შესაბამისი ინიციატივით.
როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთი პირი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ცხინვალში ეს თემა უკვე ძალიან სერიოზულად განიხილება და პოლიტიკურ წრეებში თუ უნივერისტეტში რამდენჯერმე მოეწყო განხილვები თემაზე, თუ რა ფორმით და სახელწოდებით უნდა შეუერთდეს სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას.
"აქ ამბობენ, რომ რუსეთმა შეერთების საკითხს უკვე "მწვანე შუქი" აუნთო. აქ ყველა ამ თემაზე ლაპარაკობს. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეერთება უნდა. ალბათ, მარტო ახალგორის რაიონში არ იქნება ეს რეფერენდუმი მისასალმებელი, იქიდან გამომდინარე, რომ იქ მოსახლეობის 70%-ზე მეტი ქართველია. თუმცა, მათი ხმები რაოდენობრივად გადამწყვეტი ვერ იქნება," - ამბობს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები.
მისი თქმით, თითქმის ყველა ოსის დიდი ხნის სურვილია, რომ "სამხრეთი" ჩრდილოეთ ოსეთს გაუერთიანდეს და ერთი ალანია იყოს, ამისათვის კი რუსეთის ფედერაციაში შესვლა აუცილებელია და ამიტომაც რეფერენდუმზე და შემდეგ პუტინისთვის თხოვნაზე იმედებს ბევრი ამყარებს.
"ცხინვალში ლაპარაკობენ, რომ პუტინმა პირდაპირ მიგვანიშნა, შეერთების საკითხს მოსკოვი ვერ გადაწყვეტს, ეს ცხინვალმა უნდა მოაგვაროსო. მის ამ დამოკიდებულებაზე ამბობენ, რომ პუტინს ეს ძალიანაც რომ უნდოდეს, ამაზე ხმამაღლა ვერ იტყვის და ამიტომ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და რაც შეიძლება მალე ჩავატაროთ რეფერენდუმიო. ამიტომაც ჩქარობენ. სიჩქარის მიზეზად კი მტერი საქართველოს მეზობლობას ასახელებენ," - აღნიშნავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების თემაზე რეფერენდუმის გამართვის საკითხი უკვე რამდენიმე წელია განიხილება. პირველად 2014 წლის ივნისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა განაცხადა, რომ საერთო სახალხო კენჭისყრაზე გატანილიყო "რესპუბლიკის" რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხი, რეფერენდუმის თემაზე განხილვა კი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. "რესპუბლიკის" ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან მიერთების სურვილს "ბევრი მოქალაქე" გამოთქვა. ცხინვალში დროდადრო ამ თემის განხილვა საზოგადოებრივ წრეებშიც ხდებოდა.
გასულ კვირას "პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუსეთს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ამ შეხვედრიდან ცხინვალში დაბრუნების შემდეგ თიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი არა ერთი წლის ან 6 თვის შემდეგ ჩატარდება, არამედ უფრო ადრე.
დე ფაქტო პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე დააზუსტა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირდაპირ შესვლაზე საუბარი არ არის. შეერთების საკითხს "სჭირდება სამართლებრივი გაგება" და მისი განხორციელებისათვის აუცილებელია ცვლილებების შეტანა "რესპუბლიკის" კონსტიტუციაში.
მისი განმარტებით, არსებული "ძირითადი კანონის" მე-10 მუხლის ცვლილება მას მისცემს სამართლებრივ უფლებას მიმართოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წინადადებით, რომ შექმნას ერთიანი სამეკავშირეო ორგანო, რომელსაც შემდეგ თიბილოვი საკუთარ უფლებამოსილებას გადასცემს.
"ამით ჩვენ რუსეთს ვათავისუფლებთ პოლიტიკური რისკებისგან, რომელიც პირდაპირი მიერთების გამო შეიძლება წარმოიშვას", - განაცხადა თიბილოვმა.
როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ამბობს, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, რუსეთთან შეერთება პირველ რიგში ზუსტად "პატრიოტებს" სურთ.
"თავიდან ყოყმანობდნენ და გაიძახოდნენ - ოსეთი თავისუფალი უნდა იყოსო. შემდეგ კი გადაიფიქრეს და ახლა მათი არგუმენტია, რომ ასეთი პატარა ქვეყანა, რომელსაც მეზობლად დაუძინებელი მტერი სახელმწიფო ჰყავს საქართველოს სახით, დამოუკიდებლად ვერ იარსებებს - ფინანსურადაც და თავდაცვის თვალსაზრისითაც. ხოლო ქართველებმა რომ არ ჩაგვყლაპონ, რუსეთთან მიერთება ჯობსო - ამბობენ.
"იმასაც ამბობენ, რომ რუსეთთან მიერთებით ჩრდილოელები ლამის სულ გადაჯიშდნენ, მაგრამ ჩვენ დღემდე შევინარჩუნეთ ოსური ენა, ტრადიციები და ამ გაერთიანებითაც შევძლებთ ბოლომდე შენარჩუნებასო," - ამბობს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები.
მისი თქმით, ახალგორის გარდა "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრები ყველა ადამიანი რუსეთთან შეერთებას მისცემს ხმას. ახალგორში კი - არა, რადგან იქ უმეტესად ქართველები ცხოვრობენ.
"ახალგორელების დიდი ნაწილი თბილისზეა მიბმულ, ლამის კვირაში 5 დღე თბილისში დადიან და ეს მათ იდეოლოგიურ ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - ამბობს ჩვენი რესპოდენტი, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ ახალგორის ხმები მაინც ვერაფერს გადაწონის და დიდი უმრავლესობით რუსეთთან შეერთების მომხრეები გაიმარჯვებენ, რადგან "რესპუბლიკაში" ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 51 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან 30 ათასი ცხინვალში და ყველა შეერთების მომხრეა.