"ერთი, რაც ვარსკვლავების ჰონორარებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ თქვენ მიერ დასახელებული ციფრები მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ," - ასე პასუხობს პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიასთან" დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალ "ოუფენ ეარის" წარმომადგენელმა დავით ცინცაძემ კულტურის სამინისტრო მოწვეული ვარსკვლავებისათვის არაადეკვატურად მაღალი ჰონორარების შეთავაზებაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში ნათქვამია, რომ ცნობილი მომღერლებისთვის 6-7 მილიონის გადახდა, თანაც ბიუჯეტიდან დაუშვებელია, ვინაიდან, ამგვარი მიდგომით სხვა პრომოუტერი ყველანაირ შანსს კარგავს. ამასთან, მომავალში სხვა არტისტებიც არაადეკვატურ ჰონორარებს მოითხოვენ.
"მუსიკალურ ბაზარს ყველა სხვა ბაზრის მსგავსად აქვს თავისი წესები, დაწერილიც და დაუწერელიც. არ შეიძლება მარტო იმიტომ, რომ შეგიძლია, აიღო და არტისტში 6-7 მილიონი გადაიხადო, როდესაც მისი ჩამოყვანა 3 მილიონადაა შესაძლებელი - რასაც ესენი აკეთებენ. ამას აკეთებენ რუსები ბალტიის ქვეყნებში და მაგიტომაც ხდება იქ რაც ხდება.
"საქართველოში არსებობს რესურსი, რომ ნებისმიერი არტისტი იმის ნახევარ ფასში ჩამოვიდეს, ვიდრე ხდება ახლა," - ნაქვამია ცინცაძის განცხადებაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ პროექტ "ჩეკ ინ ჯორჯიას" სლოგანის შინაარსი "ოუფენ ეარის" დაცინვაა, ვინაიდან ფესტივალი უკვე 6 წელია სხვადასხვა გზებით ცდილობს ტურისტული ნაკადების გაზრდას.
პროექტ "ჩექ ინ ჯორჯია"- ს შინაარსობრივ ნაწილზე, ღონისძიების მიზნობრიობასა და ფესტივალ "თბილისი ოუფენ ეარის" ერთ-ერთი ორგანიზატორის დავით ცინცაძის განცხადებებზე "მთელი კვირა" კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ესაუბრა.
მიხეილ გიორგაძე: ვფიქრობ, ძალიან ბევრმა ვერ გაითავისა ან ვერ გაიაზრა რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის უბრალოდ კულტურის სამინისტროს პროექტი და მითუმეტეს, აქ საუბარი მხოლოდ რამდენიმე კონცერტზე ან თუნდაც ბევრზე არაა. პროექტი "ჩექ ინ ჯორჯია" თავისი შინაარსითა და დატვირთვით ბევრად უფრო ეკონომიკური ხასიათისაა, ვიდრე კულტურული.
რას ვგულისხმობ როცა ამას ვამბობ - როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არაა მხოლოდ კულტურის სამინისტროს პროექტი, არამედ ესაა მთავრობის ინიციატივითა და შესაბამისად, მისივე ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებადი პროექტი, სადაც კულტურული ღონისძიებები გარკვეული მიზნის მისაღწევად ერთგვარი ინსტრუმენტია.
"მთელი კვირა": იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ რა ღონისძიებები იგეგმება ამ პროექტის ფარგლებში და რამდენად ადეკვატურია ბიუჯეტიდან 29 მილიონის გამოყოფა?
მ.გ.: ეს ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, ასე ვთქვათ, მრავალმიზნობრივია. ესაა ქვეყნის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო არენაზე, ესაა პოზიტიური იმიჯის შექმნა.
ბუნებრივია და ალბათ საკამათო არაა, რომ პროექტი ტურისტული ნაკადების გააქტიურებასა და გამსხვილებაზე მნიშვნელოვნად აისახება. საუბარია არა მხოლოდ საზღვარგარეთის ნაკადებზე, არამედ შიდა ტურისტულ ნაკადებზეც. შესაბამისად, ეს ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს, ეს ნიშნავს ყველა იმ სერვისისა თუ ბიზნესისთვის ხელშეწყობას, რომელიც ტურისტული სფეროს გარშემო არსებობს.
ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სერვისი და ბიზნესი შესაბამისად უნდა შეხვდნენ ტურისტულად გამსხვილებულ ნაკადებს, რაც სამუშაო ადგილების დამატებას გულისხმობს. ამ სფეროში ძირითადად კერძო სექტორი მუშაობს და შესაბამისად, პროექტი ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში აისახება.
ძალიან მნიშვნელვანი ფაქტორი გახლავთ ასევე საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა.
ხშირად საუბარი მხოლოდ ვარსკვლავებსა და ბიუჯტზე ისმის, არადა, საერთაშორისო მედიის ყურადღება მნიშვნელოვანია, რადგანაც როდესაც ქვეყნის იმიჯი პოზიტიურ ჭრილში მკვიდრდება, ბუნებრივია, ეს ინვესტორებს ინვესტირების ინტერესს უჩენს, პირდაპირ ინვესტიციას თუ არ ადებინებს.
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ სფეროში გარკვეულია, იცის, რომ როდესაც საუბარია "ა" კლასის ვარსკვლავებზე, იქ ორგანიზაციული, ფინანსური თუ ტექნიკური საკითხების გარდა, ერთ-ერთი პირველი, რაშიც სამენეჯმენტო კომპანიები უნდა დარწმუნდნენ, ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.
შესაბამისად, როდესაც ვარსკვლავები თავიანთ აზრს ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასვლის შესახებ აჟღერებენ, ეს ყველასთვის ავტომატურად სიგნალია, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო და სტაბილური, გნებავთ ინვესტიციებისა და გნებავთ ტურისტული ნაკადის გაზრდის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ადგილობრივი არტისტების ჩართვაზე, ვსაუბრობთ შარშან ჩატარებული პროექტის "ჰიტ ბათუმის" კიდევ უფრო გამსხვილებასა და გამრავალფეროვნებაზე. ჩვენ ვიღაცის ვარაუდებსა და ფანტაზიებზე კი არა, საკუთარ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, რომელმაც დამატებითი შემოსავლები მოიტანა. გააქტიურებულმა კულტურულმა კალენდარმა უკვე დაადასტურა ის, რომ ამას ძალიან კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი მოაქვს.
ეს პროექტი არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს, არამედ რამდენიმე დიდ საჯარო სახელმწიფო უწყებას აერთიანებს. კულტურული ღონისძიებების ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროა ჩართული, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ნაწილში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვის და სხვადასხვა ფესტივალებში ჩართვის ნაწილში, იქნება ეს ღვინის, ყველის, ჩაისა თუ თაფლის ფესტივალი.
ამ პროექტში ასევე ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში ტურისტებს სპეციალურ ტურებს შესთავაზებს დაცულ ტერიტორიებზე. ამდენად, ესაა ერთი ძალიან დიდი მსხვილი პროექტი, რომელშიც ასევე გაერთიანებულია ყველა სახის ღონისძიება - კინო, ქორეოგრაფია, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და ა.შ.
პრაქტიკულად, აპრილიდან წლის ბოლომდე, დეკემბრის ჩათვლით, პროექტი ზემოთჩამოთვლილ ღონისძიებებს აერთიანებს. სულ ვცდილობ ადამიანებმა პროექტი ფართო ჭრილში დაინახონ და არა იმგვარად, რომ ბიუჯეტიდან ფული რაღაც კონცერტების გასამართად იხარჯება.
"მ.კ.": ფესტივალ "თბილისი ოუფენ ეარის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ცინცაძემ სოციალურ ქსელში კონკრეტული ციფრები დაასახელა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ვარსკვლავების ჰონორარებში 6-7 მილიონის გადახდა ბიუჯეტიდან სხვადასხვა მიზეზების გამო დაუშვებელია. მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა ხელოვანებთან ბევრად უფრო დაბალ ფასშია შესაძლებელი. რა შეგიძლიათ გვითხრათ ჰონორარებთან დაკავშირებით?
მ.გ.: ერთი, რაც ვარსკვლავების ჰონორარებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ თქვენ მიერ დასახელებული ციფრები მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
"მ.კ.": ცინცაძემ ისიც აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში "ოუფენ ეარმა" სამინისტროს დაფინანსების თხოვნით ორჯერ მიმართა და ორჯერვე უარი მიიღო. გარდა ამისა, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადეთ, რომ ცინცაძის კომპეტენციაში ეჭვი გეპარებათ, რადგან გასულ წელს პროექტ "ჰიტ ბათუმის" ფარგლებში, მის ხელში ერთ-ერთ როკ ჯგუფთან მოლაპარაკება 30%-ით გაძვირდა, თუმცა, მან თქვენს საპასუხოდ კონკრეტული დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ღონისძიება გაცილებით მეტი დაგიჯდათ...
მ.გ.: ვინც ამ სფეროშია ჩახედული და იცის, თუ როგორ კეთდება მსგავსი ღონისძიებები, კარგად ესმის, რომ ღონისძიების ბიუჯეტი ძალიან ბევრი სხვადასხვა მუხლისგან შედგება, მათ შორის ჰონორარიდან, საერთაშორისო მგზავრობიდან, ადგილობრივი ტექნიკური უზრუნველყოფიდან და ა.შ.
მუხლობრივი განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, ასეთ შემთხვევაში საუბარი სხვადასხვა სახის ჰონორარებზე მოგვიწევს, მათ შორის საორგანიზაციო სააგენტოზე და ა.შ.
მე ასე ვიტყვი - ამ საკითხის გარკვევას თავისივე თანამშრომელთან ისევ ჩემს მეგობარ აჩიკო გულედანს დავუტოვებ. სიმართლე ერთია - ყველა მხარეს, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო, კარგად ახსოვს ეს სიმართლე და ისიც იცის, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
რაც შეეხება ფესტივალის დაფინანსების საკითხს, სამინისტროს პრაქტიკულად არცერთი ახალი პროექტი არ დაუფინანსებია. მე ვაგრძელებდი იმ პროექტების დაფინანსებას, რაც დამხვდა. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის დაფინანსება პროგრამულ ნაწილში არ მომხდარა და შესაბამისად, ახალი ინიციატივის დაფინანსებაზე უარის თქმა მოგვიწია. ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას, არამედ ბევრ სხვა შემთხვევასაც.
"მ.კ.": "საქართველო მსოფლიო კალენდარზე" - პროექტის ამ სლოგანის შინაარსობრივ დატირთვაზე "ოუფენ ეარის" წარმომადგენელმა გარკვეული წუხილი თუ პრეტენზია გამოხატა, რადგან, მისი აზრით, "ოუფენ ეარი" 6 წელია სწორედ ამ მიზნისთვის იბრძვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად დარღვეულია აქ საავტორო უფლებები?
მ.გ.: რაც ეხება საავტორო უფლებებს, აქ უკვე იურიდიულ ნაწილში გადავდივართ. თუ ვინმეს რაიმე დაპატენტებული აქვს, მას შეუძლია შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოს და ამის პრეტენზია იქონიოს. თუმცა, თავად ამ პროექტის ხელმძღვანელებისგან, რომლებიც ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ამის შესახებ პრეტენზია არ მომისმენია.
და ბოლოს, მინდა ვთხოვო თქვენს მკითხველსაც და ყველა დაინტერესებულ პირს, იქნებ ყველა ჩვენგანის მიერ ახსნილი პროექტის მიზნობრიობას კომპლექსურად შეხედოთ და არა რაღაც სპეკულაციებით, თითქოსდა რამდენიმე კონცერტში ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება.